[თამარ ლომსაძე, ”ვერსია”] ჯემალ ჭკუასელთან სულ სხვა თემაზე,
კონკრეტულად კი, გურულ იუმორზე სასუბროდ მივედი. მართალია, ჩემმა
რესპოდენტმა მითხრა, იუმორთან ჩევული დამოკიდებულება მაქვს და სამკურნალო,
გურულები კი არა, ისინი არიან, ვისაც მათი იუმორი არ ესმისო, მაგრამ
როგორც გავარკვიე, ამისთვის ანსამბლ ”ერისიონის” ”მთავარსარდალს”
ნამდვილად არ სცალია, ყოველ შემთხვევაში ახლა, როცა ანსამბლი, შესაძლოა,
სახელმწიფომ აღარ დააფინანსოს. იმის ალბათობა, რომ ”ერისიონი” სახელმწიფო დოტაციიდან მოიხსნას, მართლა არსებობს? - რა თქმა უნდა, ამის საშიშროება დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველწუთს არსებობს.
იქნებ, ასე სჯობს და, ანსამბლმა უკეთესი დამფინანსებელი ნახოს,
თუკი ანსამბლის მდგომარეობა გაუმჯობესდება, სახელმწიფო იქნება ეს თუ
ბიზნესმენი, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - მიუხედავად იმისა,
რომ ეს დაფინანსება ძალზე მიზერულია და სხვა კოლექტივების დაფინანსება
ჩვენსას სამჯერ აღემატება, მაინც გამორიცხულია, სახელმწიფოზე უკეთესი
დამფინანსებელი არსებობდეს. სხვათა შორის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი
საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას იწყებდა, პირველად ჩვენთან მოვიდა
და ანსამბლის დახმარების სურვილი გამოთქვა, მაგრამ მერე, ჭორებისა თუ
რაღაც ბრალდებების მეშვეობით, აზრი საბოლოოდ შეაცვლევინეს. კი, მაგრამ, ვინ გებრძვით? ისინი, ვინც ქართულ სიმღერასა და ცეკვასთანაა დაკავშირებული? -
ნაწილობრივ, ასე გამოდის. არადა, ცუდს ხომ არაფერს ვამბობ და ვაკეთებ? 22
წელია ვიმეორებ, დავუბრუნოთ სიმღერა სოფელს-მეთქი. თავის დროზე, ყური
არავინ შეიბერტყა, ახლა კი ამბობენ, ქართული სიმღერა გადაშენების გზაზეაო.
და, არ არის ამის მიზეზი? - მიზეზი საკმაოდ მარტივია,
არც ”ჩაკრულო” და არც ”ხასანბეგურა” თბილისში არ აღმოცენებულა და აქედან
გამომდინარე, თბილისის ნიადაგი ვერ გამოკვებავს. როგორი თავდადებითაც უნდა
ექცეოდნენ ამ ფაქტორს მომღერლები, მაინც არაფერი გამოვა თუ ქართული
სიმღერა თავის ფესვებს არ დაუბრუნდება. ოპერა, კაპელა... ეს ყველაფერი
შეძენილია და მიხედვა არ სჭირდება იმ მხრივ, რომ მთელი მსოფლიო უვლის. აი,
ქართულს კი, სხვა ვერავინ და არავინ მიხედავს ჩვენს გარდა. არაერთხელ გამოთქმულა ასეთი მოსაზრება - 21-ე საუკუნეში ვართ და სადამდე შეიძლება ქართული ჩოხა გეცვასო... -
იცით რას გეტყვით? - 21-ე საუკუნის პარიზი და იაპონია რომ გაღიარებს შენი
კულტურითა და ეროვნული სამოსით, იქ უკვე მსგავსი რამის თქმა
პროვინციალიზმია და მეტი არაფერი. ჩოხა არის ქართული ტრადიციული სამოსი,
რომელიც უხდება ქართულ ცეკვასა და სიმღერას. თუ გინდა, საერთოდ შიშველმა
იარე, ამას ხომ არავინ გიშლის? მე კი თავი დამანებე. რატომ მიძვრები სულში
და მაძალებ, შენნაირად ვიფიქრო? კი, ბატონო, ვიყო ნაფტალინიდან ამოღებული,
გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ შენ ხომ ხარ თანამედროვე და არაფერს
გეუბნები, კევს რომ ღეჭავ და ზამთარში ჭიპი გიჩანს. თუ გინდა სცენაზე ”ბოტასებით” ცეკვა, არც ამას გიშლის ვინმე,
ოღონდ, ამას ქართულს ნუ დაარქმევ. ან, რატომ ეზედმეტებათ ეროვნული სამოსი?
დიდმა კონსტანტინემ თქვა, ქართველებს იმდენად გვიყვარს სიკოხტავე, რომ
თავს ჩოხა-ახალუხში ვიტანჯავთო. თუმცა, იგი მუდამ ეროვნული სამოსით
დადიოდა. მე არც ჩოხოსანი ვარ და არც ჩოხით დავდივარ, მაგრამ როცა
საკუთარი კულტურა ქვეყნებსგარეთ გაგაქვს, იქ უკვე გარკვეულ ჩარჩოებში უნდა
მოექცე. როგორც მახსოვს, მას შემდეგ, რაც ”ერისიონმა” აჭარული ცეკვა
ჩადრებით შეასრულა, ეს ტენდენცია სხვადასხვა კოლექტივებმაც აიტაცეს,
მაგრამ ამ ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მეტიც, აჭარლები
შეურაცხყოფილებიც კი დარჩნენ. - ეს იმიტომ, რომ გააკეთეს
დამახინჯებული ფორმით და ამან რელიგიური ფაქტორები აამუშავა. ბევრ
კოლექტივს წერილიც კი გავუგზავნე, მსგავსი რამ აღარ გაიმეოროთ-მეთქი.
”ერისიონი” ქვეყნის ისტორიას ჰყვება, რაც ფოლკლორს სცილდება. არ მესმის,
რატომ უნდა დავმალოთ ან დამახინჯებულად გადავცეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია?
ყველა ამას ვერ გააკეთებს. იმის თქმა გინდათ, რომ ეს მხოლოდ ”ერისიონს” ხელეწიფება? -
შესაძლოა, ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ საჭირო არ არის მეორე ”ერისიონის”
შექმნა. ვინმე თუ ცუდად იმღერებს ან იცეკვებს, ამისთვის არავინ
გაასამართლებს, მთავარია იცოდე, რომელ ფესვებზე ხარ აღმოცენებული.
|