პარასკევი, 2024-11-22, 8:42 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

კახა კალაძე: ”სწორი ტაქტიკის გარეშე, წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია”

[”მსოფლიო სპორტი”]
იტალიური ”მილანის” ქართველმა მცველმა კახა კალაძემ, გასულ უქმეებზე, სერია A-ს მორიგ ტურში ”როსონერის” მიერ ქალაქურ დერბიში ”ინტერის” ძლევაში (1:0) საკუთარი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ”მსოფლიო სპორტი” იტალიაში დაუკავშირდა და განვლილ ”მადონინაზე”, მოახლოებულ სანაკრებო მატჩებსა და სხვა არაერთ საინტერსო თემაზე ესაუბრა.

კახა, მილანურ დერბიში წარმატება ყოველთვის ძვირად ფასობს. ამ მოგებით, უეფა-ს თასის საპასუხო შეხვედრისთვისაც აიმაღლებდით განწყობას.
- ჩვენთვის ”ინტერთან” თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მოვიგეთ. ამ მოგებას დიდი სატურნირო მნიშვნელობაც ჰქონდა და ყველანი მოხარულნი ვართ.

თუკი, მატჩისშემდგომ შეფასებებს გადავხედავთ, იტალიური გაზეთები მთლად კეთილგანწყობილი ვერ უნდა იყვნენ თქვენს მიმართ. ”ინტერთან” კარგი თამაშის მიუხედავად, ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, გუნდში ყველაზე დაბალი, 6,0 ქულით შეგაფასათ.
- სიმართლე გითხრათ, რომელი გაზეთი რა შეფასებას დაგვიწერს, ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ჩვენი მოვალეობა კარგად გვესმის – მთავარია, მოედანზე ყველაფერი გავაკეთოთ გუნდის წარმატებისთვის. გუნდში ყველა კონკრეტული თამაშის იმ დონეზე განხილვა ხდება, რომ ყველამ ვიცით, რა შეცდომა დავუშვით და რა გავაკეთეთ კარგად. ამის ფონზე, გაზეთის მიერ დაწერილი ქულა, ნაკლებმნიშვნელოვანია.

ახლოვდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი საშინაო შეხვედრა: კვიპროსთან და ბულგარეთთან. გუნდში უკეთესი ფსიქოლოგიური გარემოს შესაქმნელად, ამ მატჩებში წარმატებით გამოსვლა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიფა-მ, როგორც იქნა, დაგვრთო ნება და ორივე თამაში თბილისში გაიმართება. ამას, ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს - სულ სხვაა, როცა ნეიტრალურ მოედანზე მასპინძლობ მეტოქეს და სულ სხვა - საკუთარი მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე.

საინტერესოა, რას ფიქრობს ნაკრების კაპიტანი იმის შესახებ, თუ რა კუთხით დაეტყო ახალი მთავარი მწვრთნელის ხელი ჩვენს გუნდს?
- როცა ნაკრების უცხოელი მწვრთნელი ბევრ დროს იმ ფეხბურთელებთან ატარებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, ამას, ჩვენნაირი საფეხბურთო ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ თუკი ძალიან დაბალი დონეა ჩემპიონატში, ამ კაცს ხელი მაინც არ უნდა შევუშალოთ იმაში, რომ მისთვის საჭირო ფეხბურთელებს რაღაც ისეთი ასწავლოს, ნაკრების დონეზე სათამაშოდ რომ გამოადგებათ. უპირველესად, მხედველობაში მაქვს ტაქტიკა, ვარჯიშების სტილი და საერთოდ, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა.

ყველაზე მეტად, რა აკლიათ შიდა ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს იმისათვის, რომ ევროპის დონეზე არ შევრცხვეთ?
- მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი იყო ნაკრების ამ ბოლო შეკრებაზე მოწვეული. საერთოდ, ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და რასაც კარგად გვასწავლიან, კარგადაც ვითვისებთ. უბრალოდ, მთავარია, ვინმემ სწორი ტაქტიკური აზროვნება ასწავლოს ამ ბიჭებს, რათა ეს აუცილებელი საფეხბურთო ატრიბუტი, შემდგომში საქმეში გამოიყენონ. დამეთანხმებით, კარგია, როცა ფეხბურთელი უზადო ტექნიკას ფლობს და ზედიზედ რამდენიმე მეტოქის მოტყუება შეუძლია, მაგრამ დღეისათვის, ფეხბურთში უმთავრესი, მინდორზე სწორი განლაგება და სათამაშო დისციპლინაა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელებისთვის ეს არის ერთგვარი აქილევსის ქუსლი. ინდივიდუალურად, ყველა ქართველი ფეხბურთელი არის უნიჭიერესი, მაგრამ როცა სწორ ტაქტიკაზე, ურთიერთდაზღვევაზე მიდგება საქმე, აქ მოიკოჭლებენ. ამ მხრივ გამართულად თამაშის გარეშე კი, წარმოუდგენელია წარმატებაზე ფიქრი.

ეროვნულ გუნდში ბევრი თამაში გაქვთ ჩატარებული. ყველაზე მეტად ტაქტიკურად გამართულს, ჩვენი ნაკრების მიერ ნათამაშებს, რომელს გაიხსენებთ?
- ასეთი თამაშები საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ხოლმე. თუ გავიხსენებთ, ყველა შესარჩევში ყოფილა ისეთი მატჩი, როცა ჩვენი ნაკრები სწორ ფეხბურთს თამაშობდა. ვერ დავიჩემებ, რომ ეს მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრის ხარჯზე იყო, მაგრამ მომხდარა, როცა ბიჭებს თამაში წაუვიდოდათ და მეტოქეს, რაც არ უნდა სწორად ეთამაშა ჩვენს წინააღმდეგ, შანსი არ რჩებოდა. თუნდაც, ის მატჩი ავიღოთ, შოტლანდიას რომ 2:0 მოუგო ჩვენმა ნაკრებმა. ახლა კი, იტალიასთან მეორე ტაიმს გამოვარჩევდი, როცა გუნდს დაეტყო კუპერის ტაქტიკური მონახაზი - მარჯვენა ნახევარმცველი მარცხნივ არ დარბოდა და მარცხენა მარჯვნივ.

ბოლო წლებში, ყოველთვის გვიდგას კარგი სანაკრებო მეკარის პრობლემა. მგონი, ახლაც იგივე გასაჭირში ვართ.
- მეკარეს რაც შეეხება, საქართველოში ყოველთვის იყო კარგი მეკარის პრობლემა. გიორგი ლორია ძალიან პერსპექტიული მეკარეა, ყველაფერი აქვს - ტანიც, რეაქციაც, მაგრამ მეკარისთვის, უმნიშნელოვანესია სათამაშო პრაქტიკა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არც ლორია და არც მაკარიძე, თავიანთ გუნდების ”ძირითადში” არ თამაშობენ. თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში თამაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ დროს, კაპიტანს რაიმე სიტყვა არ გეთქმით ნაკრების ხელმძღვანელობასთან?
- უპირველესად, ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, მწვრთნელის კომპენტენციაში ჩავერიო. ეს, ჯერ ჩემი თავის და მერე ფეხბურთელების შეურაცხყოფაა, მივიდე მწვრთნელთან და ვუთხრა, ან ეს დააყენე, ან ის-მეთქი.

რა სჭირდება ნაკრებს იმისთვის, რომ შესარჩევი ტურნირის უახლოეს ორ მატჩში, ქულათა მაქსიმუმი აიღოს?
- ორივე მატჩი ძალიან ძნელი სათამაშო იქნება. იგივე კვიპროსზე ბევრი იფიქრებს იოლად მოვუგებთო, მაგრამ ასეთი რამ გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, ურთულესი თამაში იქნება - ამ გუნდმა იტალიასთან მაღალ დონეზე ითამაშა და დიდი შანსი ჰქონდა დაემარცხებინა მსოფლიოს ჩემპიონი. მთელი მატჩის განმავლობაში იბრძვის ბულგარეთიც, ასე რომ, ადვილი გასეირნების იმედი არ მაქვს.

მოდით, ისევ ”მილანს” დავუბრუნდეთ. გუნდმა სერია A-ს სტარტზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, აშკარად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.
- ორი წაგებული მატჩის შემდეგ, გუნდმა, უეფა-ს თასის ჩათვლით, პრაქტიკულად ყველა თამაში მოიგო. ხუთშაბათს, ”ციურიხთან” საპასუხო მატჩი (პირველი შეხვედრა ”მილანმა” 3:1 მოიგო – ფ.კ.) გველის და იმედი გვაქვს, ჯგუფურ ტურნირში გასვლას შევძლებთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გუნდმა უკვე დაიწყო ჩვეული თამაში. ასეთი ჩავარდნა მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე. ეს, საერთოდ იტალიური ფეხბურთისთვის ჩვეული რამაა - შეამჩნევდით, ნაკრებსაც ეტყობოდა პირველ შესარჩევ მატჩებში გარკვეული შებოჭილობა.

ბოლოს, ახლახანს გავრცელებულ ხმებზეც უნდა გკითხოთ, რომლებიც ”მილანიდან” თქვენს შესაძლო წასვლას უკავშირდება. სახელდება კლუბებიც, რომლებსაც თქვენი შეძენა სურს.
- კონტრაქტით ”მილანში” კიდევ სამი წელი დამრჩა სათამაშო და სიმართლე გითხრათ, წასვლას არსად ვაპირებ. ვთვლი, ამ თემით მანიპულირება არასერიოზულია.


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 797 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz