უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, 2009-2010 წლების სეზონიდან უეფას თასის
გათამაშების დასახელებისა და ფორმატის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება
დაამტკიცა. როგორც უეფას ოფიციალური საიტი იტყობინება, ტურნირს უეფას ევროპის
ლიგა დაერქმევა და მას ახალი ლოგო ექნება. უეფას ევროპის ლიგაში
მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს, რომლებიც პირველ, ჯგუფურ ეტაპზე 12
ოთხგუნდა ჯგუფად განაწილდებიან. ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს არა თითოჯერ, როგორც ახლაა, არამედ ორჯერ შეხვდებიან: შინ და სტუმრად.
ჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული 24 გუნდი ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის შედეგად გამოვლენილ 8 მესამეადგილოსან გუნდთან ერთად პლეი
ოფის სტადიაში ჩაერთვება. ახალი ფორმატის მიხედვით, ეროვნულ თასის ფინალში დამარცხებული გუნდები ტურნირში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ.
- “დარწმუნებული ვარ, ახალი ფორმატი ამ ისტორიული, უეფასა და
ევროპული ფეხბურთისათვის ძალზე მნიშვნელოვანი, შეჯიბრების განვითარებას
ხელს შეუწყობს” – აღნიშნა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. უეფას თასის ფორმატის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უეფამ 2007 წლის დეკემბერში მიიღო.
|