პარასკევი, 2024-11-22, 9:35 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

არტიომა და მესხის გეტრები

[ლევან სეფისკვერაძე ”მსოფლიო სპორტი”]
რონალდოს ბუცები, კიეზას მაისური, კანიჯას წვივსაფარი, მესხის გეტრები, შევჩენკოს ავტოგრაფი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ხელზე მოვაჭრე ავლაბრელი არტიომა ჰყიდის.

ყველამ იცის, რომ ეს ნივთები ყალბია, მაგრამ არტიომა მაინც გულდაგულ იფიც-იგინება, რომ რონალდომ ბუცები მის ბიძაშვილ ვართოს ჯერ კიდევ მაშინ აჩუქა, როდესაც ლუის ნაზარიო “გალანდიისკი გუნდში” თამაშობდა, შევჩენკოს კი ავტოგრაფი მისმა კიეველმა მეზობელმა ვოვაჩკამ გამოართვა.

ვოვაჩკამ კი (რომელიც ძაან კაი ვინმეა), ჩვენს არტიომას დაზღვეული “პასილკით” გამოუგზავნა ცალხაზიან რვეულზე აღბეჭდილი ავტოგრაფი.

არტიომას პასუხი კანიჯას წვივსაფარსა და კიეზას მაისურთან დაკავშირებითაც მზად აქვს: “ახლობელს მისცეს, იმათ მე მამცესო”, ამბობს. აი, მესხის გეტრებს (რომელიც “პუმას” ფირმისაა) კი, ვერაფერი მოუხერხა. ამ გეტრების წარმომავლობაზე კითხვის დასმის დროს, არტიომა მხოლოდ ჩუმდება, თვალებს მაღლა აღაპყრობს და ლუღლუღებს: “არა რა ძმაო, მაგნაირი იგროკი თბილისში კი არა, მოსკოვშიც არა ჰყავდათ”.

გაყალბებული სპორტული ინვენტარითა და ავტოგრაფებით ბაზრობა მთელს მსოფლიოში მოდებული სენია და სუვენირებზე მონადირე გულშემატკივართა გულუბრყვილობით ხელს უამრავი აფერისტი ითბობს, მაგრამ, როდესაც იტალიაში ცხოვრობ, მართლა შეიძლება დაიჯერო, რომ მავან იტალიელ “არტიომას” მართლა ბიძაშვილმა უშოვა კიეზას მაისური, მაგრამ, როდესაც ასეთი რამეებით ხალხი საქართველოში ტყუვდება, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

არტიომას ცოტა ხანი შევეშვები, ვაცლი ვაჭრობას და ერთ ნამეტან სანტერესო ისტორიას გიამბობთ. დაახლოებით 6-7 წლის წინ, თბილისში, წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა ერთი მეტად უცნაური კაცი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები მიწას ყიდდა.

არა, მიწის ნაკვეთებს კი არა, ჩვეულებრივ, ტომარაში ჩაყრილ ფხვიერ მიწას და ამ მიწას სხვადასხვა საფეხბურთო სტადიონებიდან წამოღებულად ასაღებდა. მთავარი იყო სურვილი გამოგეთქვა და სულ რაღაც 10 ლარად შეგეძლო გეშოვნა ბირმინგემის, ფლორენციის, როტერდამის, ბუენოს აირესის, თუ პარიზის სტადიონებიდან “წამოღებული მიწა”.

მყიდველი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ უჩიოდა. მიწებით მოვაჭრე აფერისტი იმდენად ეშმაკი ვინმე იყო, რომ როგორც მისი მეზობლები იხსენებენ, როდესაც მასთან მაგალითად, ჰამბურგის სტადიონის მიწის მსურველი მივიდოდა, მიწას მსწრაფლივ კი არ გამოუტანდა... ჯერ ჩამოჯდებოდა, დაფიქრდებოდა, მერე გაიხსენებდა “ჰამბურგელ მეგობარს, რომელიც ამ საქმეში დაეხმარებოდა” და მიწამოწყურებულ კლიენტებს ეტყოდა - მე ვეცდები ვიშოვო, თქვენ ერთი კვირის მერე გამოიარეთ, თუ მექნება ხომ კარგი, თუ არა და, თქვენც კარგად და მეც კარგადო...

ერთი კვირის შემდეგ კი, მასთან მისულ კლიენტს არაქართული წარმოების “ფირმა” ქაღალდში სათუთად გახვეულ მიწის ბელტებს გამოუტანდა და ეტყოდა - პირობა პირობაა, თორემ ჩემი გერმანიაში მცხოვრებმა მეგობარმა ამის შოვნაზე ისე იწვალა, ნაღდად არ ღირდა ამდენი “ჩალიჩიო”. ერთი სიტყვით, ნემეტანი ეშმაკი და ჭკვიანი ვინმე იყო ეს ჩვენი “მიწათმოქმედი”.

დარწმუნებული ვარ, ბევრი მყიდველი ხვდებოდა და ეჭვობდა, რომ ყველაფერი “ისე ვერ იყო”, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ერთი აწ განსვენებული რუსი მწერალი იტყოდა, “ხანდახან თავის მოტყუება ყველაზე სასიამოვნო განცდებს იწვევს”.

ბოლოს, როგორც იქნა, ამ მიწით მოვაჭრე პირით პოლიციაც დაინტერესდა და როგორც ამბობენ, აფერისტობისთვის გვარიანი ჯარიმაც გადაახდევინეს, მაგრამ ასეთი ტიპის გაქნილობებისთვის, როგორც სჩანს, საქართველოში მართლაც რომ ნოყიერი ნიადაგია და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი უახლოეს ხანში, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რობერტო კარლოსის ფრჩხილებისა და აილტონის ცოლის საყურეების გაყიდვას დაიწყებენ.

ყალბი სპორტული სუვენირებით ვაჭრობის პრობლემით, თავის დროზე, თავად მარადონაც კი დაინტერესდა, რომელმაც ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ მთელს მსოფლიოში ხუთ მილიონამდე მისი “ნახმარი” მაისურია გაყიდული.

ამას შემდეგ მარადონა ერთ-ერთ ინტერვიუში სიცილით იხსენებდა - ეგ ყველა მაისური მართლა ჩემი რომ ყოფილიყო, თამაშის დროს ყოველ ხუთ წუთში მაისურის გამოცვლა მომიწევდაო...

ერთი რამ კი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ - ავლაბრელი არტიომა “მესხის გეტრებს”, რომელიც “პუმას” ფირმისაა, ვერასოდეს გაყიდის...


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 808 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz