[ლევან სეფისკვერაძე. ”მსოფლიო სპორტი”] გულშემატკივრებით გადაჭედილი
ტრიბუნები თამაშის დაწყების მოლოდინში ისუსება. ფეხბურთელები უკვე მზად
არიან ფეხი ჰკრან მწვანე მოედნის შუაგულში “დამიწებულ” ბურთს. აი, მსაჯსაც
პირთან მიაქვს სასტვენი და უცებ.. მინდორზე სრულიად შიშველი ადამიანი
შემორბის, რასაც მოჰყვება მაყურებლის ჟივილ-ხივილი, დოინჯშემოყრილ
ფეხბურთელებსა და მსაჯს ეღიმებათ. სტადიონზე წესრიგის დამცველები კი
გადარეულს ფეხდაფეხ მოსდევენ. ამ თავზეხელაღებულ ტიტლიკანებს პოლიცია
ხულიგნებს უწოდებს, თუმცა ისინი საკუთარ თავს უფრო საამაყო სახელს -
“სტრიკერებს” (ინგ.ეწ. სტრეაკ-გაელვება) უწოდებენ. ეს მოხდა ინგლისის ქალაქ ტვიქენჰემში 1974 წლის აპრილში. სტადიონზე
ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რათა თვალყური ედევნებინა, როგორ
ეპაექრებოდა მათი მორაგბეთა გუნდი ფრანგებისას. მატჩის გადამწყვეტ
ეპიზოდში მოედანზე დაბარებულივით შიშველი მამაკაცი შეიჭრა და
ბრძოლისჟინმორეული მოთამაშეების თვალწინ სირბილს მოჰყვა. პოლიციამ არ დააყოვნა, თავზეხელაღებული გულშემატკივრის მოედნიდან
გაძევების მიზნით ერთ-ერთმა მათგანმა, ბრიუს პერიმ თავისი ჩაფხუტი მოიხადა
და შფოთისთავს გენიტალიებზე ააფარა. შემდგომში იგი ჟურნალისტებს
გულუბრყვილო ტონით უხსნიდა: “ძალიან ციოდა, ის საცოდავი კი ისე
კანკალებდა. თანაც იქ სანახავიც დიდი არაფერი იყო”. ფოტორეპორტიორებმა მაინც მოასწრეს ქუდაფარებული
წესრიგისდამრღვევის გადაღება და ამ ფოტოსურათმა მსოფლიოს მრავალი გაზეთი
დაამშვენა. ასე დაიწყო “სტიკერობის” ეპიდემია და უამრავი გულშემატკივრის
თვალწინ სპორტულ მოედანზე სრულიად შიშვლად გამოხტომა. ამ საქმის პიონერი
კი, ზემოთხსენებული გიჟი, 25 წლის ავსტრალიელი კლერკ მაიკლ ო’ბრაიენი იყო.
“თავადაც არ ვიცი, ტვინში უცებ რამ დამარტყა,- მოინანია ცოდვა მოგვიანებით
კლერკმა - თამაში ისეთი მოსაწყენი იყო, რომ დიდი სურვილი გამიჩნდა,
მაყურებელი რამენაირად გამეხალისებინა. მგონი შესანიშნავად შევძელი”. მაყურებლის გამხიარულებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თავად
ინგლისელი რაგბისტები ისე გაოგნდნენ, რომ თამაში წააგეს, მათ გაცოფებულ
ფანატებს კი მატჩის გმირზე ჯავრის ამოყრა არ დასცალდათ, რადგან კლერკი
დაუყოვნებლივ საკანში მიაბრძანეს. დღეს კლერკ მაიკლი წარმატებული ბიზნესმენია და თავის ახალგაზრდობისდროინდელ ცოდვას ღიმილით იხსენებს.
კლერკს სხვებმაც მიბაძეს. მას შემდეგ სტრიპ-გამოხტომებს ყველგან
ნახავთ. ფეხბურთის, კალათბურთისა თუ ჩოგბურთის მატჩებზე, ოლიმპიურ
თამაშებზეც კი. 1982 წელს, პირველი “სტრიკერი” ქალიც გამოჩნდა. როგორც ჩანს,
ქალაქ ტვიქენჰემსა და იქ გამართულ რაგბის მატჩებს დაებედა “სტრიკერების”
აქტიურობა. მორიგი მატჩის დროს, 24 წლის გამყიდველი ერიკა როუ გაშიშვლდა.
თამაშის ყველაზე დაძაბულ წუთებში ლუდით შეზარხოშებულმა ქალბატონმა არც
აცია, არც აცხელა - მკერდი მოიშიშვლა და მოედანზე აკუნტრუშდა. თავის დროზე სტრიპშემსრულებელი მამაკაცის მიმართ გულცივი
მაყურებელი, 15-სანტიმეტრიანი ბიუსტის მქონე გოგონასადმი გულგრილი ვერ
დარჩა და მზერა მოთამაშეებიდან “სტრიკერზე” გადაიტანა. ფოტორეპორტიორებმა არც ეს შანსი გაუშვეს ხელიდან და 40 წამის
განმავლობაში შესრულებული უფასო სტრიპტიზის წყალობით ერიკა ნამდვილ
ვარსკვლავად აქციეს, - თამამი გამყიდველი ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი
კუტურიეს მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა. “და ეს ყველაფერი ჩემი მკერდის
წყალობით” - გულწრფელად უხაროდა ჭკუამხიარულ ასულს. რამდენიმე წლის წინ, დასავლელ კოლეგებთან შედარებით მორცხვი
სტრიკერი საქართველოს ნაკრების თბილისში გამართული ერთ-ერთი მატჩის დროსაც
გამოჩნდა, თუმცა 30-იოდე წლის მუხიანელმა მამაკაცმა ბოლომდე გაშიშვლება
ვერ გაბედა და მხოლოდ წელს ზემოთ გახდით დაკმაყოფილდა. ეს ალბათ ქართული
სტრიკერომანიის პირველი ნაბიჯებია. ჯერ სადა ხართ...
|