[”მსოფლიო სპორტი”] დიეგო მარადონამ, რომელიც მილანის “ინტერის”
პრეზიდენტის მასიმო მორატის თქმით, მომავალში “ნერაძურის” კონსულტანტი
გახდება, შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოდან” იტალიურ კლუბში არგენტინელი
ფორვარდის სერხიო აგუეროს ტრანსფერს შეუწყოს ხელი. ამის შესახებ იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Channel 4-ი იუწყება. იგივე
წყაროს მტკიცებით, მარადონა “ინტერში” სელექციონერად იმუშავებს და სამხრეთ
ამერიკის სატრანსფერო ბაზარზე იქნება პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ აგუერო მარადონას ქალიშვილის ჯანინას ქმარია
და მილანში მის გადასვლას, შესაძლოა, ხელი ამ ფაქტმაც შეუწყოს. ზაფხულში
“ინტერი” არგენტინელის შეძენას უკვე შეეცადა, მაგრამ ესპანელებისგან უარი
მიიღო. 20 წლის ფეხბურთელს “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2012 წლამდე
აკავშირებს და თუ მადრიდს დროზე ადრე დატოვებს, მისი შეძენის მსურველ
კლუბს 45 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. აგუერო “ატლეტიკოში” 2006
წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 77 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
|