პარასკევი, 2024-11-22, 2:01 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

ჩემპიონთალიგური ფიქრები

[ლევან სეფისკვერაძე. ”მსოფლიო სპორტი”]
გუშინდელი დღესავით მახსოვს ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის ”ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს ახდენდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული ”არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებსა და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

ამის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში უამრავმა წყალმა, ფინალმა, და მოვლენამ ჩაიარა, მაგრამ პირველი მაინც პირველია და სულ სხვა გემო აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა ქართული საზოგადოების პარალელურად გაიზარდა, დავაჟკაცდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი, ქართველ გულშემატკივრებში უკვე სულ სხვა ემოციებს ბადებს.

ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვღირსებია ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ხილვა, მაგრამ ამ დანაკლისს მეტ-ნაკლებად ლიგაზე მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გვივსებდნენ. ჩვენთვის ესეც ბევრ რამეს ნიშნავდა.

ფაქტია, რომ ძველ, უშუქობის პერიოდში ნანახ ლიგის თამაშებს მაინც სულ სხვა გემო და მუღამი ჰქონდა. მეზობლების ”ჟიგულებზე” შემოდებული, აკუმულატორებზე ჩართულ პაწაწკინტელა ტელევიზორებს მიმსხდარნი რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით ვცდილობდით, რომ თამაშები არ გამოგვეტოვებინა. ჩვენთვის ქართულ ენაზე კომენტირებული მაშინდელი ჩემპიონთა ლიგა ევროპაში გაჭრილი ლამის ერთადერთი ფანჯარა იყო. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ჩვენს ტელევიზორებს ხშირ-ხშირად თვით დიდი ზიდანი, რონალდო, ფიგუ და ბატისტუტა სტუმრობდნენ ხოლმე.

იმ მაგიური საათნახევრის დროს, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდით, ყველას გვავიწყდებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის მესამედში სეპარატისტები და გალეშილი რუსი ”სალდათები” დაჯლიგინობდნენ, რომ სადარბაზოების დაბლა ცეცხლს ვანთებდით და საერთო, საუბნო ვახშამს ვამზადებდით, რომ ფაქტობრივად უქონელ-უპოვრები, მაგრამ მაინც ძლიერები ვიყავით, რადგან არაფერი არ შეედრებოდა იმ გრძობას, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერზე ხელჩაქნეულ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შოთა არველაძის მიერ ”რეინჯერსში”, კახა კალაძის მიერ კიევის ”დინამოში” და თემურ ქეცბაიას მიერ ”ნიუკასლში” გატანილი გოლების შემდეგ, სიხარულისგან ტიროდნენ და კაპიკებს ზოგავდნენ, რათა შვილებისთვის ესოდენ საოცნებო საქართველოს ნაკრების მაისურები ეყიდათ.

ვერ გავამტყუნებ იმ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციას სკეპტიკურად უყურებენ და ახალი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დაწყების წინ ძალიან განიცდიან, რომ ყოველ წელს ლიგის კარს სლოვაკეთის, სლოვენიის, დანიისა და ბელარუსის უსახელო კლუბები აღებენ, ჩვენს კლუბებს კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც უჭირთ...

მე მესმის სკეპტიკოსების, მაგრამ როდესაც მარადიულ ქართულ ოცნებაზე - ქართული კლუბის ლიგაზე მოხვედრაზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდება სწორედ ის 1999 წელი, როდესაც თბილისის ”დინამოს” ბობოლათა მარაქაში გარევის არნახულად დიდი შანსი ჰქონდა. ძალიან არ მიყვარს გამართლება-არგამართლებაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ბილბაოს ”ატლეტიკს” ქართველებთან ძალიან გაუმართლა. არც მკითხაობაა გულშემატკივრის საქმე, მაგრამ მაშინ ”დინამო” ჩვენთვის ესოდენ ნანატრ ლიგაზე რომ აღმოჩენილიყო, მერე შეიძლება ქართული ფეხბურთის ჩარხი მართლაც წაღმა დატრიალებულიყო და სადარბაზოების წინ დანთებულ კოცონებთან მიფიცხებულ ქართველებს ეგებ, მაშინ მაინც დაეძლიათ დამარცხებულის სინდრომი.


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 674 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz