[”მსოფლიო სპორტი”] საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები
ვარშავაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან არასრული შემადგენლობით
დაბრუნდა. ვიდრე ქართული მხარე მიზეზს გაახმაურებდა, ევროპულმა
სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ვარშაველი სამართალდამცავების მიერ
სამი ქართველი ახალგაზრდის დაკავების შესახებ. აქვე იკითხებოდა, რომ მათ ბრალი ძალადობაში ედებათ და უკვე წინასწარი
პატიმრობაც შეუფარდეს. “ფრანს პრესის” ცნობით კი, ვარშავის პროკურატურის
წარმომადგენლის, რობერტ მისლინსკის თქმით, ეჭვმიტანილებმა ჩადენილი
დანაშაული ნაწილობრივ აღიარეს, მაგრამ მათი ჩვენებები, დაზარალებულის
ჩვენებისგან განსხვავებული ყოფილა. 28 წლის მომჩივან ქალბატონს სამართალდამცავთათვის განუცხადებია,
რომ ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში, სპორტსმენების კამპანიაში ყოფნისას
გონება დაუკარგავს და მას შემდეგ აღარაფერი ახსოვს. გამოძიება არ
გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი სამედიცინო პრეპარატიც ყოფილიყო. დეტალებში გასარკვევად, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას
მივმართეთ. ფედერაციის წარმომადგენლებიც და უშუალოდ ახალგაზრდული ნაკრების
ხელმძღვანელებიც დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ძიუდოისტების
დაკავების რეალური მიზეზი პროვოკაციაა. -“ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი ერთ-ერთ ძიუდოისტს
სასტუმროს ფოიეში, პარასკევ საღამოს გაეცნო. კარგახნის საუბრის შემდეგ
ისინი ნომრისკენ წავიდნენ. სულ ესაა, რაც ვიცით. თუმცა ის კი
ასპროცენტიანია, რომ ქალბატონის ბრალდებები, თითქოს იგი ნომერში ძალით
აიყვანეს, სცემეს და გააუპატიურეს, მხოლოდ მისი ფანტაზიაა. ასევე სიცრუეა, ვითომ რაღაც პრეპარატი დაალევინეს და გათიშეს. ამ
ცრუ ბრალდებაში მომჩივანი უკვე გამოიჭირეს და დაკავებულ ქართველებს
ძალადობის გამოყენების მუხლი მოუხსნეს. პრეპარატის მიღების ვერსიაც
თავიდანვე გამოირიცხა. ახალგაზრდებს ამ ეტაპზე ბრალად ედებათ იმ პირთან
ურთიერთობა, რომელიც თავს ვერ აკონტროლებდა. ექსპერტიზის პასუხი ჯერ არაა ცნობილი და იმედია სპორტსმენების
უდანაშაულობას ისიც დაადასტურებს. ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ
სასტუმროს ვიდეოკამერების გაშიფვრამ დაადასტურა - ქალბატონი ქართველ
ახალგაზრდას სასტუმროს ფოიეში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე
ეკონტაქტებოდა და ნომერშიც თავისი ფეხით გაჰყვა. ერთ საათში კი იგი
ნომრიდან გამოაცილეს, ტაქსში ჩასვეს და მგზავრობის თანხაც კი გადაუხადეს”.
- აცხადებენ ფედერაციაში საინტერესო და ამავდროულად საეჭვოა ის ფაქტიც, რომ დაზარალებულმა
საჩივარი შემთხვევიდან მესამე დღეს, კვირას შეიტანა. ვარშავის პოლიციამ კი
ლამის მთელი ქართული დელეგაცია დააკავა. საბოლოოდ, სამი ძიუდოისტის გარდა
ყველა გაათავისუფლეს, დაკავებულებს კი, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა
მიუსაჯეს. ქართველი ახალგაზრდების ინტერესს პოლონეთში საქართველოს
საკონსულოს მიერ დაქირავებული ადვოკატი დაიცავს. ფედერაციაში გვითხრეს,
რომ შესაძლოა, ძიუდოისტები ექსპერტიზის პასუხის გამოქვეყნებისთანავე
გაათავისუფლონ.
|