პარასკევი, 2024-11-22, 2:16 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » სპორტი

ლერი ხაბელოვი: “სეოკ-ის პრეზიდენტად ნაცვლიშვილი მთავრობის მიერ უკვე დანიშნულია”

[”მსოფლიო სპორტი”]
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ლერი ხაბელოვი, რომელსაც ამჟამად სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უკავია, ფედერაციებთან შეხვედრას და მათთვის პროგრამის გაცნობას საჭიროდ არ თვლის, რადგან მისი აზრით, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, გია ნაცვლიშვილი ამ თანამდებობაზე ქვეყნის ხელისუფლების მიერ უკვე “დანიშნულია”.

ამის შესახებ, ხაბრელოვმა “მსოფლიო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

- ოლიმპიურ კომიტეტს აქვს ქარტია და სეოკი ამით ხელმძღვანელობს. რა აზრი აქვს ფედერაციებს შევხვდეთ და ჩვენი პროგრამები გავაცნოთ, თუკი ნაცვლიშვილი უკვე დანიშნულია?

გამოდის, კანდიდატურის მოხსნას აპირებთ.
- ნაცვლიშვილი კანდიდატად ფედერაციებმა წარადგინეს. ეს ის სპორტული რგოლია, რომელსაც ხელისუფლების წევრები ხელმძღვანელობენ. რა აზრი აქვს ასეთ სიტუაციაში არჩევნებში მონაწილეობას?

სხვა კანდიდატების მსგავსად, თქვენც ფიქრობთ, რომ გია ნაცვლიშვილი “მთავრობის კაცია” და ნებისმიერ სიტუაციაში გაიმარჯვებს?
- ოლიმპიური კომიტეტი არ არის სამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ მთავრობა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა. მათ სურთ ნაცვლიშვილი იხილონ აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც არასწორია. ის არც სპორტსმენია და არც სპორტის მოღვაწე. რასაც მის შესახებ წერენ, თითქოს ფედერაციებში რაღაცას ანახლებს, ეს ყოველივე ზღაპარია. სპორტში ჩახედულმა ხალხმა კარგად იცის, თუ რა დამსახურება მაქვს მე. ვიყავი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ოლიმპიური სახეობების კურატორი, გარდა ამისა, ოლიმპიურ კომიტეტში 4 წელი ვიმუშავე, ვიყავი ათენისა და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი. ახლა თავად განსაზღვრეთ, თუკი მე სპორტულ სამყაროში დამსახურება არ მაქვს, თუ ვინმე ამას ეჭვის ქვეშ აყენებს, ასეთი არც არჩევა მინდა და არც დანიშვნა.

თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გაქვთ.
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სუბიექტი, რომელმაც კანდიდატად ნაცვლიშვილი წარადგინა, მთავრობის წარმომადგენელია. არ ჩაერიოს მთავრობა და მაშინ ნახეთ - გია ნაცვლიშვილი ორ ხმას თუ აიღებს, მისი პროგრამით და ლამაზად საუბრით. მე პიროვნულად არავის მოწინააღმდეგე არ ვარ, უბრალოდ, მაინტერესებს, ვის რა გაუკეთებია სპორტისთვის.

ამ ეტაპზე რამდენი სუბიექტი გიჭერთ მხარს?
- მე სუბიექტი არ მჭირდება. პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავი მე თვითონ წარვადგინე, რადგან ამის უფლება მაქვს. სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, მაგათ არავინ ემხრობა. ფედერაციები სპორტის დეპარტამენტის კარნახით იღებენ გადაწყვეტილებას.

თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რა ცვლილებებს განახორციელებდით სეოკ-ში?
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს აქვს ქარტია, რომლის შესაბამისი წესდება გვაქვს ჩვენც და იმ მეთოდებით ვმოქმედებთ. ვის შევცვლით და ვის არა, უკვე ტექნიკური საკითხია, მაგრამ ძირითადი მიმართულება და მოთხოვნები არ შეიცვლება, რათა განვავითაროთ ოლიმპიური მოძრაობა.

ნაცვლიშვილის თქმით, სოკ-ი აქამდე ბანკის ფუნქციას ასრულებდა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- მას სპორტში არ უმუშავია და არ იცის, ბანკი იყო სეოკ-ი თუ არა. ჩვენ მთავრობისგან ერთი თეთრიც არ მიგვიღია. ოლიმპიური კომიტეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და სახელმწიფოსთან კავშირი არ აქვს. ბანკი შეიძლება იყოს დეპარტამენტი, ის ითავსებს მაგ ფუნქციას.

გასაგებია, რომ ნაცვლიშვილის კანდიდატურა თქვენთვის მისაღები არ არის. დარჩენილი სამი კანდიდატიდან რომელს გამოარჩევთ?
- ვისაც აირჩევენ ის იყოს. გამორჩევით, შეიძლება ბეჟან ხურციძე გამოვარჩიო, რომელიც პარლამენტის წევრია და მას სპორტშიც უმუშავია, ჩახედულია ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში, ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია და მეტნაკლებად იცის რაც ხდება სპორტში.

თქვენი აზრით, მომავალი ოლიმპიადისთვის რომელ სახეობას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება და რამდენად არსებობს ლიცენზიანტების რაოდენობის გაზრდის შანსი?
- რაოდენობა შეიძლება კიდევ გავზარდოთ იმ სახეობებში, რომლებშიც ტრადიციულად გვაქვს ლიცენზიები. გუნდური სახეობიდან, ლიცენზიის აღება შესაძლებელია კალათბურთში; თუ გვეყოლება ბრაზილიელები - ფრენბურთშიც. შეიძლება ფეხბურთზეც ვიფიქროთ, მაგრამ ამ სახეობაში ლიცენზიის მოპოვების მცირე ალბათობა არსებობს, ისევე როგორც წყალბურთში და ხელბურთში. ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ კალათბურთელთა და ფეხბურთელთა გუნდებს მიეღოთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

საჭიდაო სახეობები ჩვენ შევინარჩუნეთ. სახელმწიფოს მხრიდან ფედერაციებს მცირე დაფინანსება ჰქონდათ და სეოკი მათ ახმარდა მთელ ფინანსებს. მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის შეგვიძლია კრივზეც გავამახვილოთ ყურადღება. ამ სახეობაში მედლის მოპოვებაც შესაძლებელია. ძალიან კარგი იქნება, თუკი გუნდური სახეობები ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვდებიან, მაგრამ ამას დიდი მუშაობა და ენერგიის დახარჯვა სჭირდება.

ანუ, თქვენს მიერ ნახსენებ გუნდურ სახეობებს ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის პერსპექტივა არა აქვს?
- ოლიმპიური კომიტეტი გუნდს ვერ მოამზადებს. სახელმწიფოდან არ ვფინანსდებით, სპორტის რომელიმე ფედერაცია რომ განვავითაროთ.

მაშინ საიდან ფინანსდებით?
- ბოლო სამი წელი სეოკ-ს ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. მას ჰქონდა ამის სურვილი, თორემ ეს ჩვენი მოვალეობა არ იყო. სეოკი გუნდებს გზავნიდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, შეკრებებზე. ბოლო ერთი წელია დაფინანსება სახელმწიფომ აიღი საკუთარ თავზე. ეხლა ვისზე ახდენენ ზემოქმედებას, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს თვითონ გაარკვიონ.


კატეგორია: სპორტი | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 665 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz