[მურმან ეკალაძე] ”ჩვენი სამშობლო – საქართველო, სხვა თეატრია!” თქვა
თავის დროზე ტიციან ტაბიძემ და ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ამ ”თეატრის”
პერიმიერის ხილვა არ ღირსებია. არადა, საქართველოში ყველაზე დიდი
პოლიტიკური სპექტაკლები სწორედ ტიციანის სიკვდილის შემდეგ დაიდგა და ეს
სპექტაკლები ახლაც გრძელდება. ჩვენ, ყველას ძალიან გვიყვარს პოლიტიკური სპექტაკლები და როგორც
თეატრზე ნამეტნავად შეყვარებულ ხალხს შეეფერება, ყოველ სცენას ისეთი
გულმოდგინებით განვიხილავთ, დიდ თეატრალურ კრიტიკოსებსაც კი ბოღმის
ბუკეტებს ვასროლინებთ. ჩვენ არავის არ ვგავართ! ჩვენ, ჩვენ ვართ! და ისევ მაპი – ოცნება, რომელიც დაბურძგვლამდე ჩვენეული და
მშობლიურია. ქართულ ინტერნეტორუმებზე კარგად იციან ოცნების ძალა. თუ სადმე
სამართალია, ”ოცნებების თეატრი” მანჩესტერის ”ოლდ ტრაფორდს” კი არა,
საქართველოს უნდა ერქვას. choinanna: ”მაპი რომ არ მოგვცეს საქართველოში სადავო
ტერიტორიების მოშველიებით და დეკემბრამდე გადაწიეს ვადა, ცხადი იყო, რომ
ამ ტერიტორიების საბოლოო რეზოლუცია მოხდებოდა დეკემბრამდე, ანუ ძალიან
მაგრა დავიჟეჟებოდით. მაშინაც ვამბობდით, რომ საქართველოს ან აცნობინებენ
მათ დამოუკიდებლობას ან უბრალოდ ნატოში ვერ შევალთ, მანამ სანამ რუსეთს
შეეძლება აფხაზეთი სამაჩაბლოს კონტროლი და სიტუაციის მუდმივი
არევ-დარევა... 30 წლის მერე რისი მაქნისი იქნება ნატო კიდე საკითხავია...
პოლიტიკური რეალიები ცვლადია და ლოიალურობის სუბიექტებიც. ასე რომ, რასაც
ვფიქრობდით ”უტვინო ოპოზიციონერები” სწორედ ის მოხდა... ოფიციალურად
ჩამოგვაჭრეს ტერიტორია და ამაში თანამონაწილე მთავრობაცაა სამწუხაროდ. ასე
რომ მე მგონია ნატოში გვიკრავენ თავს მას შემდეგ, რაც აჟიტირებული
ბოვშვების მასას მიშა დააჯერებს რომ, უნდა ვაღიაროთ ჩვენი თავი ამ
ფარგლებში და შევიდეთ ტრუბით ნატოში. აგერ ნახეთ ესეც თუ არ მოხდეს... მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი
რუსეთის ბეცი პოლიტიკის ბრალია, რომელმაც მტრობის გზა აირჩია მეზობლობის
გზის ნაცვლად და გვაიძულა ნეიტრალიტეტის იდეა დაგვევიწყებინა. წაექცევათ
მაგათ რუსეთი ამდენი ქვეყნების ცოდვით ერთ მშვენიერ დღეს... უბრალო ხალხია
ცოდო, თორემ ქვეყნების და მთავრობების კეთილების მოკითხვას წინ არაფერი
უდგას...” მართლა ძალიან მაინტერესებს ვინ არიან ეს მითიური უბრალო რუსი
ხალხი. რომ არიან ამის კი მჯერა, მაგრამ სად არიან ეგ არ ვიცი... ფორუმელი
sansanich ქართულ, ეროვნულ ბოღმაზე საუბრობს. იმ ბოღმაზე, რომელიც უკვე
მოდური და ”ჯაან ტაკოი” გახდა. - ”ჩვენ, ქართველები, თუ შევძლებთ და ერთმანეთის თვალში თითის
ტაკებას შევეშვებით, ურიგო არ უნდა იყოს. ბოღმით გასკდომა რუსებისთვის
დაგვითმია, მაგენი მაგის გარეშე რუსები აღარ იქნებიან. რაც ეხლა მოხდა,
აუცილებლად მოხდებოდა ადრე თუ გვიან. კიდევ კარგი, რომ სამაჩაბლოში მოხდა
ძირითადი შეტაკება თორემ შეტაკება რომ აფხაზეთის მხარეს მომხდარიყო, ჩვენი
ჯარებიც დასავლეთში იქნებოდა კონცენტრირებული და მერე კი უპრობლემოთ
შემოვიდოდნენ თბილისშიც. კი, ნამდვილად ასე იქნებოდა!” ქართული, ეროვნული ბოღმა მაინც სულ სხვა რამეა. რაღაცნაირად
მშობლიური და ტკივილამდე ნაცნობია. მით უმეტეს ახლა, როდესაც ბოღმის
გადმონთხევის უამრავი მიზეზი არსებობს. ბოღმა და პოლიტიკური ბოდვები როგორც წესი თანმდევი მოვლენებია.
პოლიტიკური ბოდვების მეტს ნამდვილად ვერაფერს დავარქმევთ ერთ-ერთი
ფორუმელი მოსაზრებებს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხსნა და
გამოსავალი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა. ბოლშევიკთა ყრილობებზე მეტს
არც არაფერს არ ამბობდა მიშა ცხაკაია, რომელიც გაჰყვიროდა: ”დამოუკიდებელი
საქართველო ვის გაუგია ხალხო, რუსეთის გარეშე დავიღუპებითო”. იასე: ”სხვა რა გზაა, უნდა შევიდეთ რუსეთში იმ პირობით, რომ
აფხაზეთი და ცხინვალი ისევ ჩვენი ტერიტორია იქნება და ჩვენ მთლიანად კი
რუსეთის საკუთრება გავხდებით. მერე დაველოდებით 2091 წელს, მოხდება კიდევ
საბჭოთა კავშირის დაშლა, გამოვეყოფით რუსებს და დაიწყება ყველაფერი ისევ
თავიდან. კიდევ ჩამოგვაჭრეს ტერიტორია, კიდევ დავკარგეთ ქვეყნის ნაწილი -
როგორც ყოველთვის. მაშინ, როდესაც ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, იმას რომ
აფხაზეთი დ ცხინვალი ჩვენი ტერიტორია აღარ იქნებოდა ვიღაც ვიღაცეები
თბილისში იდგნენ და დროშებს იქნევდნენ. ახლა კიდევ პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძე გახდება. ნინო იგივეა,
რაც მისი წინამორბედი, ერთი განსხვავებით, ის ქალია და ქალის მოსვლის
შემდეგ თქვენ ნახეთ. მოდი მივყიდოთ ეგ ტრუბა რუსებს აფხაზეთისა და
ცხინვალის სანაცვლოდ!” ტირილი და ცრემლთა თხევა ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ასე რომ ნუ გაკიცხავთ...
ფორუმელ UTUFURS–ს მართლაც რომ შესანიშნავი იდეა მოსვლია. ეს
პატიოსანი კაცი მისულა იმ დასკვნამდე, რომ ქართული მედია-საშუალებები
მოვალენი არიან რუსულენოვანი მასალები ქართულად თარგმნონ და საზოგადოებას
ისე მიაწოდონ. გასაკვირი ისაა, რომ აქამდე ასეთი, ერთი შეხედვით მარტივი
აზრი თავში არავის მოუვიდა. ”მიმართვა ქართულენოვანი მედია-საშუალებებისადმი: უკვე 17 წელია,
რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და საქართველო დამოუკიდებელი
სახელმწიფოა. ჩვენს ქვეყანაში რუსული ენის სტატუსი არაფრით გამოირჩევა
სხვა უცხო ენების სტატუსისგან. რუსულის სწავლება აღარ არის სავალდებულო ქართულ საგანმანათებლო
სისტემაში. შესაბამისად, ქართულენოვანი მედია-საშუალებები ვალდებულნი
არიან, თარგმნონ (ხმოვანი თარგმანის ან სუბტიტრების მეშვეობით) უკლებლივ
ყველა რუსულენოვანი მასალა, მხატვრული, დოკუმენტური თუ მულტიპლიკაციური
ფილმების, ინტერვიუებისა თუ დებატების ჩათვლით. ამავდროულად, აღარ უნდა
მოხდეს ინფორმაციის დაყოფა შემდეგ სამ კატეგორიად: ქართული, რუსული და
უცხოური. ისევე, როგორც რუსულ ენას, რუსეთს, როგორც უცხო ქვეყანას, არ
გააჩნია რაიმე გამორჩეული სტატუსი. რუსული პროდუქცია, იქნება ეს
მუსიკალური კლიპები, კინოფილმები თუ რაიმე სხვა, ამავდროულად არის უცხოური
და უნდა გაერთიანდეს სწორედ ამ კატეგორიაში. უნდა შეწყდეს ნებისმიერი
პრაქტიკა, რომელიც რუსულს ან რუსეთს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სხვა
უცხო ენებსა და ქვეყნებთან შედარებით. ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების
განხორციელებას გავალდებულებთ არა მხოლოდ მშობლიური ენის, არამედ ჩვენი
სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პატივისცემაც”. ეს იდეა სულ მცირე, ყურადღებას მაინც იმსახურებს და მართლაც რომ
შესანიშნავია, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, პირადად მე ძალიან მეეჭვება, რომ
უახლოეს მომავალში ამის განხორციელება მოხდება. ეს საქართველოა ბიძაჩემო! ახალი ენერგეტიკული მარშრუტი, ”ნაბუკო”, რომელზეც საქართველო დიდ
იმედებს ამყარებს, შესაძლებელია საქართველოზე საერთოდ არ გავიდეს და
სომხეთზე გაიაროს. მე ეს ყველაფერი სრული აბსურდი მგონია თუნდაც იმიტომ,
რომ აზერბაიჯანიდან გამომავალმა გაზსადენმა სომხეთზე და ყარაბახზე უნდა
გაიაროს. რიგით აზერბაიჯანელს კი, უწინამც დღენი დალევია, ვიდრე ამას
დაუშვებს. თუმცა ახლა მეტი არც არაფერი უნდა მავან დაზაფრულ გურჯს,
რომელსაც ცხვირსახოცი ისედაც სატირლად აქვს მომზადებული... VOK: ”თურქეთმა ”ნაბუკოს” ახალი მარშრუტი დაგეგმა: კასპიის ზღვა,
სომხეთი, თურქეთი. თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთში ვიზიტისას უპრეცედენტო
იდეები გაამჟღავნა - აღმოჩნდა, რომ საქართველო თურქეთისთვის არა საიმედო
პარტნიორია და ცენტრალური აზიიდან გაზის ტრანსპორტირებისას საქართველოს
სომხეთი უნდა ჩაენაცვლოს; თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, სამხრეთ
ოსეთში განხორციელებულმა საომარმა მოქმედებებმა, საქართველოს, როგორც
საიმედო პარტნიორის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. ”ნაბუკოსთან” დაკავშირებით
ანკარაში ახალ გეგმებზე უკვე მუშაობენ. თურქეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის თქმით - სომხეთი შეიძლება გაზსადენის გატარების ალტერნატიულ
მარშრუტად განიხილებოდეს”. უკრაინას რომ ატომური ბომბი აქვს იცოდით? მეც არ ვიცოდი, მაგრამ
ფორუმებზე ესეც იციან. ისე რა გასაკვირა, რომ ჰქონდეს? ირანს და ჩრდილოეთ
კორეას ჰქონდეს და უკრაინას არა, აბა ეგაა სამართალი? nick_el_son: ”7-8 აგვისტოს ერთერთ რუსულ ფორუმზე ვათვალიერებდი
საქართველოს ომის თემას. გარდა ქართველებისა იქ აქტიურობდნენ იმ ფორუმელი
უკრაინელები, რომლებიც რასაკვირველია საქართველოს უჭერდნენ მხარს..
მახსოვს იყო დაახლოებით ესეთი ბაზარი: ერთ-ერთმა რუსმა დაადანაშაულა
უკრაინელი იუზერი ჩვენს მხარდაჭერაში და განაცხადა: ”ბირთვული ბომბი გაქვთ
და ბლატაობთ ხო?” რაზეც იყო პასუხი, რომ ”დაჟე 2 ბომბი გვაქვს და
პირველივეს ჩუკოტკაში ჩამოგიგდებთ”-ო.. გუგლში დავსერჩე და ყველგან წერენ
რომ უკრაინის ტერიტორიაზე კი იყო განთავსებული ბირთვული იარაღი, მაგრამ
აღარ არის... მოკლედ გამარკვიეთ ვინმემ რა ხდება სინამდვილეში? იქნებ
რამდენიმე ერთეული ბირთვული ბომბი ან ბალისტიკური რაკეტის ქობინი მართლაც
გადაინახეს უკრაინელებმა ”შავი დღისთვის”?” ატომურ ბომბზე რა გითხრათ და, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
საქართველოს გარდა, ცოტ-ცოტა იარაღი თითქმის ყველა რესპუბლიკას შეხვდა და
ჯარის შეიარაღებაში ფული ფაქტობრივად არ დაუხარჯავთ. საქართველომ კი
შემდეგ, ეს იარაღი აფხაზეთის ომის დროს და შემდეგაც, მამასისხლად შეიძინა.
ეს საქართველოა ბიძაჩემო!
|