[ეკა ბაქრაძე] ამერიკული ბაზრის ალაყაფი საქართველოსთვის ბოლომდე
გაიხსნა. ამ ეტაპზე 4800 დასახელების პროდუქცია ოკეანისგაღმა
დაუბრკოლებლად მოხვდება. სამაგიეროდ, კვლავ ფეხს ითრევს ევროპა, რომელიც
ყველაფრის წესრიგში მოსაყვანად სამი წლის ვადას ასახელებს.
აშშ-ის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე დამატებით 1400 დასახელების
ქართული პროდუქცია მოხვდება. სწორედ ეს და სხვა მსგავსი საკითხები
შეათანხმეს აშშ-საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოს მორიგ
სხდომაზე, რომელსაც აშშ-ს მხრიდან ამავე ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლის
მოადგილე ჯონ ვერონაუ, ხოლო საქართველოს მხრიდან ეკონომიკური განვითარების
მინისტრი ეკატერინე შარაშიძე ესწრებოდნენ.
აქამდე საქართველოდან აშშ-ში ნულოვანი საბაჟო ტარიფით 3400-მდე
დასახელების პროდუქცია შედიოდა. მათ შორის იყო მცირე რაოდენობით ღვინო,
ფეროშენადნობი მასალები, სხვადასხვა სახის სასუქები, ხილის წვენები და
ა.შ.
საქართველოსათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის გაფართოების შემდეგ
კი, რომელიც შესაბამის პროდუქტებზე ე.წ. GSP+, ანუ საბაჟო შეღავათების
დაწესებას ითვალისწინებს, ზემოთხსენებულ 3400 დასახელების პროდუქციას
კიდევ 1400 დაემატება. ესენია: ღვინის ყველა სახეობა, თხილი, უალკოჰოლო
სასმელები, სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული, ხილისა და ბოტსნეულის
კონსერვები და წვენები და სხვა.
შარაშიძის განცხადებით, აშშ-ის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის
გაზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დამატებითი საწარმოებისა და
სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც ჯონ ვერონაუმ აღნიშნა, ბოლო ორი წლის
განმავლობაში, საქართველოდან აშშ-ში გატანილი პროდუქციის რაოდენობა
გაორმაგდა. თუმცა, იმის გამო, აშშ-ის ბაზარი მსოფლიოში უდიდესია, ქართული
პროდუქციის წილი აქ კიდევ უნდა გაიზარდოს.
საყურადღებოა, რომ აშშ-ის კონგრესთან უკვე მიმდინარეობს შესაბამისი
მოლაპარაკება, რომ აშშ-ის ბაზარზე მოხვედრილი ქართული პროდუქციის
რაოდენობა 5 ათასს მიაღწიოს. ჯონ ვერონაუმ აქვე საქართველოს ეკონომიკურ
პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ
მიუღწევია ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას ისეთი სერიოზული
წარმატებისათვის, როგორსაც საქართველომ მიაღწია.
აშშ საქართველოში ინვეტსიციების გაზრდასაც აპირებს. საამისოდ, თბილისის
მოლაპარაკებაზე საუბარი უკვე შედგა.საქართველოში ამერიკული ინვესტიციების
გაზრდის მიზნით აშშ-საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვისა და
წახალისების შესახებ შეთანხმება უნდა გამარტივდეს - დაასკვნეს შეხვედრის
მონაწილეებმა.
რა თქმა უნდა, ამერიკული სავაჭრო ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ
საქართველო-აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობა ამ სფეროში ისედაც შეინიშნებოდა.
ამის მაგალითად, ქართული პროდუქციის ექსპორტი ამერიკაში ბოლო ორ წელიწადში
გაორმაგდა.
ეს ჯონ ვერონომაც დაადასტურა, თუმცა იქვე დაძინა, რომ “ეს საკმარისი არ არის.
მან ხაზი გაუსვა იმ მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც
განბაჟების გარეშე აშშ-ში შესატანი პროდუქციის რაოდენობას თითქმის
5000-მდე გაზრდის. ვერონოს თქმით, ყველა ძირითადი პროდუქტის ექსპორტი
ამერიკაში, რომელიც საქართველოში იწარმოება, პრეფერენციული რეჟიმით
მოხდება.
“მე ბევრ ქვეყანაში მიწევს ყოფნა სამსახურიდან გამომდინარე, მაგრამ
ბოლო წლებში არც ერთმა ქვეყანამ არ განახორციელა ისეთი წარმატებული
ეკონომიკური რეფორმები, როგორც საქართველომ. ეკონომიკური წარმატების 3
ელემენტი არსებობს - წარმატებული მთავრობა, ღია ბაზრები და ნატურალური
რესურსები: საქართველოს ყველაფერი ეს გააჩნია”, - აღნიშნა ვერონომ. ოქტომბრის ბოლოს ამერიკელი და ქართველი ბიზნესმენების
მონაწილეობით დიდი კონფერენცია ჩატარდება. ეკატერინე შარაშიძის თქმით,
კონფერენციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში აშშ-დან
ინვესტიციების მოცულობა. აშშ-ს კონგრესი ასევე გეგმავს ორმხრივი
ინვესტიციების განხორციელების თაობაზე არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების
შეტანას, რაც ამერიკული ინვესტიციების ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორი
იქნება.
ამერიკულ ტემპს ჯერჯერობით ფეხი ვერ აუწყო ევროპამ. ევროკავშირი ჯერაც
ფირობს საქართველოსთან გამარტივებული სავაჭრო სისტემის ამოქმედებაზე.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ ქართული
პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ჯერ მზად არ არის.
მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართული პროდუქცია
ევროპის წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე შეუფერხებლად შევა და საქართველოდან
ხორცის, რძის პროდუქტების და მინერალური წყლების ექსპორტ-იმპორტზე
სატარიფო გადასახადი არ იმოქმედებს. ამ უფლების მისაღებად კი ეკლუნდის
განცხადებით, საქართველომ რიგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და გაიაროს
მოსამზადებელი ეტაპი რაც ქვეყანაში ევროსტანდარტების შესაბამისი
სანიტარული ნორმების დანერგვაში გამოიხატება.
ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე ქართული ეკონომიკა განვითარებად ეტაპზეა
და პროდუქციის ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად სამი წელი
დასჭირდება. ეკლუნდი ვარაუდობს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის
შეთანხმება 2011 წლისთვის გაფორმდება.
|