[ეკა ბაქრაძე] ევროპა უმჯიმესი ფინანსური კრიზისის ზღურბლზეა. ეს არც
არის გასაკვირი. რუსეთსა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებმა გამოხმაურება
ევროპაშიც ჰპოვა. ბებერ კონტინენტზე რუსულ-ამერიკული კრიზისის აჩრდილი
დაძრწის. უკანასკნელი დღეების განმავლობაში გაკოტრების პირას ევროპის
რამდენიმე უდიდესი კომპანია მივიდა. მათ შორის, ისლანდიის უდიდესი
საკრედიტო ორგანიზაცია ”გლითნირ ბანკიც”. ბანკის გადარჩენის მიზნით, მისი
აქციების 75 პროცენტი ხელისუფლებამ შეისყიდა. მსგავსი ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც. ბანკი ”ბრედფორდი და ბიგლის”
ნაციონალიზაციის შესახებ განცხადება უკვე ქვეყნის პრემიერმა გააკეთა. ევროპული კომპანია ”ფორტისს” კი, რომელიც საბანკო და სადაზღვევო
ბიზნესებს აერთიანებს, ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის
ხელისუფლება ეხმარება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბანკო სექტორის
დასახმარებლად თანხების გამოყოფას გერმანიის ხელისუფლებაც განიხილავს. საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის საბანკო
ინსტიტუტების გადარჩენისთვის აუცილებელია სახელმწიფო ჩარევა. ამ შინაარსის
მოწოდებით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა გაერთიანების
წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელობებს მიმართა. მარსელში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, სარკოზიმ კიდევ
ერთხელ გაუსვა ხაზი დიდი რვიანის შეხვედრის აუცილებლობას, რათა განიხილონ
აშშ-ის იპოთეკური კრიზისის შედეგები ევროპისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის. ამ შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანა, პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს
ახალი ფინანსური სისტემის შემუშავება უნდა გახდეს. სარკოზიმ ასევე
განაცხადა, რომ ევროკავშირის უახლოეს სამიტზე, 15 ოქტომბერს, იგი
წარადგენს ევროკავშირის ეკონომიკაზე კრიზისის გავლენის აღმოფხრვის გეგმას.
ამასობაში, ასობით ბრიტანელმა ბანკირმა დასაქმების თხოვნით
საქველმოქმედო ფონდებს მიმართა. ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც საბანკო
კრიზისის შედეგად დაწყებულმა შემცირებების ტალღამ უმუშევარი დატოვა. დიდი ბრიტანეთის საკადრო ორგანიზაციების განცხადებით,
საქველმოქმედო ორგანიზაციები ბანკის ყოფილ თანამშრომლებს სამუშაოდ დიდი
მონდომებით იღებენ და საუკეთესო სამუშაო პორობებსაც სთავაზობენ. ბოლო
რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სამუშაოს მაძიებელმა
500-მდე ბანკირმა მიმართა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ
წელიწადში 48-დან 90-მდე ათასი ფუნტ-სტერლინგის ოდენობის ხელფასებს
სთავაზობენ. აშშ-ის ეკონომიკური კრიზისის მთავარ ”შემოქმედს” ჯორჯ ბუშს საქმე
სახვეწრად გაუხდა. იგი კონგრესმენებს ამერიკის ეკონომიკის გადარჩენას
სთხოვს და აქცენტს ისევ თეთრი სახლის ადმინისტრაციის 700-მილიარდიანი
გეგმის დამტკიცებაზე აკეთებს. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა
ეკონომიკური კრიზისი უფრო მტკივნეული და ხანგრძლივი არ გახდეს. ბუშის სიტყვებით, კონგრესის მიერ ღონისძიებათა პაკეტზე უარის
თქმა იმის ტოლფასი იქნება, რომ შეწყდეს ფინანსური სფეროს სტაბილიზაციის
მცდელობა. ”ჩვენ ეკონომიკის კრიტიკულ მომენტში ვიმყოფებით და აუცილებლად
გვესაჭიროება კანონების პაკეტი, რომლებიც პრობლემურ აქტივებს შეეხება”, -
აცხადებს პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ერს, ამ საკითხებთან დაკავშირებით ოთხჯერ მიმართა.
ევროპელთაგან განსხვავებით გაცილებით ოპტიმისტები აღმოჩნდნენ
ქართველი ექსპერტები. მათი აზრით, დასავლეთი კრიზისს მალე დაძლევს და
ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. - ”სავარაუდოდ, მდგომარეობა საერთაშორისო ბირჟებზე უახლოეს
პერიოდში გამოსწორდება. ამ თვალსაზრისით, სერიოზულ საფრთხეს ვერ ვხედავთ.
პრობლემა, ზოგადად, საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა საპროცენტო
განაკვეთის ზრდამ გამოიწვია. განაკვეთები გაიზარდა აბსოლუტურად ყველა
ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო საფონდო ბაზრებიდან იღებდნენ კრედიტებსა
და ფინანსურ რესურსებს. მათ შორისაა საქართველოც, სადაც კრიზისი აგრეთვე
შიდა ფაქტორმაც განსაზღვრა. ეს პრობლემა, ცხადია, სერიოზული საფრთხის
შემცველი არ არის. ვიმედოვნებ, რომ მდგომარეობა დროთა განმავლობაში
დასტაბილურდება”, - აცხადებს ექსპერტი დავით ნარმანია.
|