პარასკევი, 2024-11-22, 9:04 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

ქვეყანაში, რომელსაც უპასუხისმგებლო ხელისუფლება მართავს, დიდ ფულს არავინ ჩადებს

[გაზეთი ”კომერსანტი”]
საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის განხორციელებაზე ყაზახურმა მხარემ, ჯერჯერობით, უარი განაცხადა. რა შეიცვალა ქართულ სატრანზიტო რეალობაში რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების შემდეგ, შეიძლება თუ არა საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია ეჭვქვეშ დადგეს? ამ თემებზე ენერგეტიკის საკითხებში ცნობილი ექსპერტი, ლიანა ჯერვალიძე გვიპასუხებს.

რას შეცვლის ყაზახური მხარის გადაწყვეტილება, უარი თქვას ბათუმის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, ისევ უფუნქციოდ დარჩება ბათუმის პორტი თუ უარესი მოხდება?
- ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გადაწყვეტილება შუალედურია და შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს იმის მიხედვით, როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში. ყაზახები ასეთი განაცხადით სიფრთხილეს იჩენენ. თუ რუსეთ-საქართველოს კონფრონტაცია საქართველოს შიგნით და საერთაშორისო არენაზე კვლავ გაგრძელდება, ყაზახური მხარე ამ ნაბიჯს რეალურად გადადგამს.

ყაზახებმა, ასევე, უარი თქვეს ფოთის პორტში მარცვლეულის გადამამუშავებელი ელევატორის მშენებლობაზე. სად შეიძლება გადაერთოს ყაზახური მხარის ინტერესები. რას დააკლებს ეს ყველაფერი ქართული სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობებს. საერთოდ, რა შეცვალა რუსეთ-საქართველოს ომმა ქართულ სატრანსპორტო დერეფანში?
- დიახ, ყაზახებმა ფოთში მარცვლეულის გადამამუშავებელი ელევატორის მშენებლობაზეც უარი განაცხადეს. სატრანზიტო ქვეყანა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებები არ არსებობს. სატრანზიტო გზებისთვის, საერთაშორისო მილსადენი პროექტებისთვის მხარეები იბრძვიან, მაქსიმალურად ცდილობენ, მწარმოებლებს მისაღები პარტნიორული პირობები შესთავაზონ.

საქართველომ არ უნდა იფიქროს, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ერთადერთ შემაერთებელ წრფეს წარმოადგენს. გადაკვეთის ბევრი ხაზი არსებობს. რეალურად, საქართველო მართლაც უმოკლესი გზაა, მაგრამ სატრანზიტო ფუნქციის შესასრულებლად, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე აუცილებელი მაჩვენებელი უნდა ახასიათებდეს: გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა, პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციებს პასუხისმგებლობით მოეკიდება და კონფრონტაციაში არ შევა მეზობლებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან სატრანზიტო ფუნქცია გადაიმისამართონ.

ანუ თვლით, რომ დღეს რუსეთი აქტიურად მოქმედებს, რათა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სხვა მეზობელ ქვეყნებზე გადანაწილება მოხდეს?
- რა თქმა უნდა. თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ვერ შეძლებს, სატრანზიტო ფუნქციას ნაწილობრივ მაინც დაკარგავს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი უკვე განხორციელებული პროექტებია. ცხადია, მათი გადატანა არ მოხდება. მაგრამ სხვა სერიოზულ შეფერხებებს უნდა ველოდოთ. მათი ხანგრძლივი დროით გადავადება და საერთოდ ჩაშლა სრულიად მოსალოდნელი იქნება.

კიდევ ვიმეორებ, სატრანზიტო ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, როგორც ტვირთების მეპატრონე, ასევე, ტვირთების მიმღებ ქვეყნებში ნდობის მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდნენ. ენერგეტიკული პროექტები მილიარდებთან არის დაკავშირებული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ოთხ მილიარდ ორასი მილიონი დოლარი დაჯდა. არასტაბილურ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს და უპასუხისმგებლო ხელისუფლება მართავს, დიდ ფულს არავინ ჩადებს.

საქართველოს ხელისუფლებამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და ქვეყნის სტაბილიზაციის გზები ეძებოს. რაც უნდა მტკივნეული იყოს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის რეგიონების დაკარგვა, დანარჩენი ტერიტორიების და ზოგადად, სახელმწიფოს შენარჩუნებაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ. საერთაშორისო ინვესტორების ნდობის აღსადგენად, პირველ რიგში, იმის გაცნობიერება გვმართებს, რომ რუსეთი რეგიონში დომიმანტი, ანგარიშგასაწევი ძალაა, ენერგეტიკული კუთხით, სერიოზული მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, საქართველო ვალდებულია, კარგად გათვლილი, დაბალანსებული, არაგამომწვევი პოლიტიკა აწარმოოს.

ყაზახეთის პარლამენტმა 2008 წლის ივნისში 20 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კითხვა ისმის, შევინარჩუნებთ დამატებით 20 მილიონ ტონა ნავთობს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში უნდა წამოვიდეს, თუ რუსეთისა და ირანის მიმართულებით მოხდება ტვირთების ტრანსპორტირება. საკითხავია, იმუშავებს კი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი 2012 წლის შემდეგ სრული დატვირთვით?

რუსეთი აზერბაიჯანთან გაზის გადამისამართების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რუსეთისთვის საქართველო, როგორც საფრთხის შემცველი ქვეყანა, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მყარ არგუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, რუსეთი საკუთარი ტერიტორიის გავლით ალტერნატიულ გზას სთავაზობს. სხვათაშორის, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ივნისშიც მიმდინარეობდა. დღეს კი რუსეთს გაცილებით უფრო მყარი არგუმენტები აქვს. ისეთი ფონი იქმნება, თითქოს რუსეთი აზერბაიჯანს თავზე არაფერს ახვევს, არამედ, ალტერნატივას სთავაზობს, რათა არასტაბილური საქართველოს, არასანდო პარტნიორის გვერდის ავლით თავი უფრო დაცულად იგრძნოს.

გეკითხებით, თქვენ რომ აზერბაიჯანი იყოთ, როგორ მოიქცეოდით? ცხადია, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ყველა პირველ პლანზე აყენებს. რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ აზერბაიჯანი რუსეთს კარს დაუკეტავს? გამორიცხული არ არის, ამ საკითხით მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.

აზერბაიჯანი არც რუსეთს შეაქცევს ზურგს და არც დასავლეთს. მას დასავლეთზე გამავალი ორი მილსადენი უკვე აქვს. რუსეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს კი დასავლეთს ახალი, ალტერნატიული გზების მოპოვების აუცილებლობით აუხსნის. ქართული მხარის მცდელობის შემდეგ, სეპარატისტულ რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ, რუსეთს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში არგუმენტი ნამდვილად გაუჩნდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო სივრცე, სადაც გრძელვადიანი პროექტების განხორციელება შეიძლება.

თუ საქართველოს პორტები და რკინიგზა დატვირთვას დაკარგავს და მათი სომხეთსა და თურქეთში გადამისამართება მოხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციას მთლიანად კარგავს. თუ ჩვენ სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულება აღარ გვსურს და მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებით დავკმაყოფილდებით, მაშინ ესეც უნდა ვაღიაროთ, რაშიც ჩემი აზრით, სამარცხვინო არაფერია.

არის იმდენი ტვირთი შუა აზიასა და კავკასიაში, რომ ყველა შესაძლო სუბიექტი დაიტვირთოს?
- ჯერჯერობით არ არის. საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, აზერბაიჯანის ტვირთების გადამისამართება რუსეთსა და ირანის მიმართულებით განხორციელდა. თუ ადრე ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს ალტერნატიული გზები არ გააჩნდათ და მთლიანად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულნი, დღეს ასე აღარ არის. ჩინეთის, ირანის მიმართულებით ალტერნატიული გზები არსებობს.

აქედან გამომდინარე, საქართველო როგორც ტრანზიტული დერეფანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღარ იქნება. გარდა იმისა, რომ დაინტერესებულები ვართ, ნავთობსადენსა და გაზსადენში მაქსიმალური რაოდენობის გაზი გავიდეს, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ფინანსები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიტვირთება ეს მილსადენები. იგივე შეიძლება ითქვას გაზზეც, რაც უფრო მეტად დაიტვირთება გაზსადენი, საქართველო მით მეტ შემოსავალს მიიღებს. არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, მოლოდინს ვერც არსებული პროექტები გაამართლებს.

რამდენად რეალურია ჩინეთისა და ინდოეთის დაინტერესება საქართველოს გზებით?
- საქართველოთი, შესაძლოა, აზერბაიჯანიც აღარ დაინტერესდეს. როგორ ფიქრობთ, ჩინეთი და ინდოეთი დაინტერესდებიან საქართველოს გზებით?

რა მიგაჩნიათ მთავარ ეკონომიკურ საკითხად პოსტსაომარ სიტუაციაში. რა უნდა შეიცვალოს და როგორ?
- რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების შემდეგ, ენერგეტიკის კუთხით, ეკონომიკაში ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც ენერგეტიკის სფეროს სცდება და პოლიტიკურ განზომილებას იღებს. ესენია, ენგურჰესის საკითხი, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აუცილებლად გადაისინჯება და ცხინვალისთვის ნავთობითა და გაზით მომარაგების თემა. ჯერჯერობით, ცხინვალის რეგიონი როგორც ელექტროენერგიას, ასევე, ბუნებრივ აირს ჩვენგან იღებს. დღეს კი, როდესაც ქართული მოსახლეობა სამაჩაბლოდან გამოძევებულია, ალბათ, მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, თუ რა პირობებით მოხდება ამ რეგიონისთვის გაზის მიწოდება. ეს არის პოლიტიკური საკითხები, რასაც მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრო ვერ გადაწყვეტს.

დღეს საქართველოში აქტუალური თემაა რუსეთის იზოლაციაში მოქცევა, დასავლეთის მხრიდან რუსეთის, როგორც უდიდესი ენერგომიმწოდებლის სხვა ქვეყნებით ჩანაცვლება. რამდენად უალტერნატივოა ამ სფეროში რუსეთი?
- ამ ეტაპზე რუსულ ნავთობსა და გაზს ვერაფერი ჩაანაცვლებს. არც საუდის არაბეთი, არც ირანი, არც ვენესუელა წარმოების იმ პოტენციალს არ ფლობენ, რითაც რუსული ნავთობისა და გაზის ჩანაცვლება იქნებოდა შესაძლებელი. რუსეთიდან ყოველდღიურად 10 მილიონი ბარელი ნავთობის გადინება ხდება, ანუ იგი საუდის არაბეთზე დიდი ექსპორტიორია. ევროპის მიმართულებით კი რუსეთიდან დღეში 130 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადის. ამ რაოდენობის რესურსის ჩანაცვლება დღეს არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია.

რუსეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტის შემცირება ბარელზე ფასს 200 დოლარამდე გაზრდიდა, რაც დასავლეთში ეკონომიკურ რეცესიას კიდევ უფრო გააღრმავებდა. საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი უნდა აეწონ-დაეწონა და გაეთვალისწინებინა. გარდა ამისა, დღეს რუსეთი არის ეკონომიკურად გაძლიერებული, საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნებული ქვეყანა, რომელსაც შიდა დესტაბილიზაციის პრობლემა აღარ აწუხებს.

საქართველოს შავი ზღვის ტერმინალების დატვირთვა თავის დროზე ჩვენი პორტების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა ხელისუფლებამ. რამდენად სრულდება ეს კონცეფცია და მომგებიანია ქვეყნისთვის?
- ამ მიზნით, ხელისუფლებამ “სოკარს” ფოთის ტერმინალი, ყაზახებს კი ბათუმის ტერმინალი მიჰყიდა, რაც ტერმინალების მაქსიმალურ დატვირთვას თავისთავად გულისხმობდა. თუმცა ტერმინალების გაყიდვის უფლება ორივე მათგანს აქვს. პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კი არც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა გაგვიკვირდეს.


კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 994 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz