[ეკა ბაქრაძე] ქართული კომპანიები ფინანასურ პრობლემებისაგან თავის
დაღწევას სხვადასხვა გზით ცდილობენ. თუკი რამდენიმე კომპანიამ
თანამშრომელთა დათხოვნის მეთოდი აამოქმედა, სხვამ მომხმარებლის მოსაზიდად
პრომოაქციები გააქტიურა. არიან ისეთების, რომლებიც ორივე მეთოდს
კომბინირებულად იყენებენ. აგვისტოში განვითარებული სამხედრო და პოლიტიკური მოვლენები ქართულ
კომპანიებს, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს შეუქმნის პრობლემებს. პერიოდულად
ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურაში თანამშრომლების
შემცირების შესახებ, რაც კომპანიების მიერ კრიზისის დაძლევის იძულებითი
გზაა. გავრცელებული ინფორმაციით, ”თიბისი ბანკში” სტაჟიორების დათხოვნა
დაიწყეს, რომელთაც ბანკი ახალ ფილიალებში დასასაქმებლად ამზადებდა. სათაო
ოფისებიდან ფილიალებში გადასანაწილებლად თანამშრომელთა 30% პროცენტი
გადაიყვანეს, ხოლო სტაჟიორები კი, რომლებსაც ფილიალებში დასაქმებას
ჰპირდებოდნენ, დაითხოვეს. შემცირების დაწყების შესახებ ცნობა ვრცელდება ”ელიტ
ელექტრონიქსთან” მიმართებაში. ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიიდან
70-მდე ადამიანი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში. როგორც გაირკვა, ”ელიტ ელექტრონიქსი” მხოლოდ თანამშრომლების
დათხოვნით არ ებრძვის ფინანსურ პრობლემებს. მაღაზიათა ქსელმა ნაცნობ
მეთოდს მოუხმო და კლიენტების მოსაზიდად ათასგვარი წამახალისებელი
ფასდაკლება-გათამაშებები წამოიწყო. პირველმა ასეთმა ღონისძიებამ სტარტი
უკვე აიღო და და 20 ოქტომბრამდე გასტანს. ამჯერად ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნება ”მოტოროლას”,
”სონი-ერიქსონის”, ”სამსუნგის”, ”ტოშიბას”, ”გემბირდის”, ”ვივალდის”,
”ფოუნტეინის”, ”ტეფალის”, ”ფლეომაქსის” პროდუქტები - მობილური ტელეფონები,
დივიდი, აკუსტიკური ტექნიკა, ასაწყობი კომპიუტერი და სხვა ელექტროტექნიკა.
”ელიტ ელექტრონიქსისა” და სხვა მსგავსი კომპანიების პოზიცია
გასაგებია. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მალე დაიბრუნონ მომხმარებელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთულესი ფინანსური პრობელმები ელით. აქციის
ძირითადი მიზანიც მომხმარებელთა დაინტერესებაა. - ”ამ ეტაპზე შედეგი აშკარაა. მომავალში, აქციის მასშტაბები,
სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება”, - აცხადებს ”ელიტ-ელექტრონიქსის”
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეთერ ქოქოლაძე. იგივე გზას ადგას
”ვესტელიც”, რომლისთვისაც მარკეტინგული პრობლემები ისევე აწუხებს, როგორც
სხვა კომპანიებს. ”ფასდაკლების აქცია უკვე წამოვიწყეთ, შესაძლოა,
მომავალში გათამაშებებიც დავიწყოთ. ერთ მოდელ მაცივარსა და სარეცხ
მანქანაზე 3 საჩუქარი დავაწესეთ. ომისშემდგომი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, თუმცა,თანდათან
ძალებს ვიკრებთ და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება. ომის
პერიოდში პროდუქცია აბსოლუტურად არ გაყიდულა, ანალოგიური მდგომარეობა იყო
ყველგან - არ ვიცი ვინ რამდენად აღიარებს. ვფიქრობთ, როგორც კი საბანკო
სექტორი მომსახურების პირობებს გააუმჯობესებს, სიტუაცია ბევრად უფრო
ეფექტური გახდება”, - განმარტავს ”ვესტელის” წარმომადგენელი. ჯერჯერობით მსგავსი აქცია არ წაუმოუწყია კომპანია ”ბეკოს”, თუმცა
ქართველ მომხმარებელს ფასდაკლების აქციას საახალწლოდ აუცილებლად
შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აგვისტოში გაყიდვები 50%-ით შეუმცირდათ და იმპორტიც შეჩერდა, თუმცა პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.
- ”ამ ეტაპზე აქცია არ გვაქვს, მაგრამ მალე დავიწყებთ. აგვისტოს
მოვლენებმა მუშაობის ჩვეული რიტმიდან ამოგვაგდო, ომამდელსა და ომისშემდგომ
პროპორციებს თუ გადავხედავთ, განსხვავება აშკარაა. მყიდველთა რაოდენობა
საგრძნობლად არის შემცირებული”. ”მაღალი რისკების პირობებში ბანკებმა სამომსახურებლო პირობები
შეცვალეს, რაც, პირველ რიგში, მყიდველთა რაოდენობაზე აისახა. მართალია, ამ
ცვლილებებს ზოგჯერ საზაფხულო სეზონსაც უკავშირებენ, მაგრამ არა მგონია,
სინამდვილეში ასე იყოს. შარშანდელთან შედარებით იმავე სეზონზე ვაჭრობა
ბევრად აქტიური იყო”. ”ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია, როგორმე შევძლოთ მყიდველთა
მეტი რაოდენობით მოზიდვა. ვერ გეტყვით, რომ კრიზისს განვიცდით, მაგრამ
პრობლემები არის. რა თქმა უნდა, მდგომარეობა გამოსწორებადია, თუ საბანკო
სექტორი მუშაობის ომამდელ რეჟიმს დაუბრუნდება”, - აცხადებს ”ბეკოს”
საკრედიტო მენეჯერი ლაშა ჩახაია.
|