პარასკევი, 2024-11-22, 9:16 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

უკვალოდ გამქრალი 500 მილიონს კვალდაკვალ
[გაზეთი ”კომერსანტი”]
ევროობლიგაციების თემა საქართველოში ისევე მიჩუმათდა, როგორც სხვა ბევრი ეკონომიკური ”ნოვაცია”. მთავრობამ 500-მილიონიანი 5-წლიანი ევროობლიგაციები აპრილში ევროპის ბაზარზე განათავსა, მაგრამ რას მოხმარდა ეს სესხი, დავხარჯეთ თუ ”მომავლის ფონდში” ხელუხლებლად გვიდევს, არავინ იცის. საქართველოს მთავრობა ამ თემაზე საუბარს დღემდე თავს არიდებს.

გაზაფხულზე ოპოზიცია იმდენად იყო გართული საკუთარი თავის ძიებით, რომ ევროობლიგაციებისთვის მაინდამაინც დიდი ყურადღება არ მიუნიჭებია. ეს თემა მხოლოდ რამდენიმე ექსპერტმა შეაფასა საკმაოდ მწვავედ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამას ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თავის დროზე სხვადასხვა საგაზეთო ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ამ ტიპის ვალის აღება მხოლოდ ომის პირობებში იყო გამართლებული, რადგან ქვეყნისათვის ფინანსურად წამგებიანი გადაწყვეტილება იყო.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და იმ პერიოდში დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმერ პაპავაც ამაოდ ცდილობდა, მთავრობის გადარწმუნებას. მან არაერთხელ მოუწოდა პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლებას, რომ თავი შეეკავებინა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებისგან, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე არსებული ფინანსური კრიზისი არ მოგვარდებოდა. პაპავა ამტკიცებდა, რომ ეს თანხა მომავალ თაობებს…მძიმე ტვირთად დააწვებოდა.

პრემიერ-მინისტრი თებერვალში აცხადებდა, რომ ევროობლიგაციებით მოზიდული თანხების დახარჯვას მთავრობა გაზსაცავის მშენებლობასა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ინვესტირებაზე გეგმავდა, მაგრამ შემდეგ გეგმები შეიცვალა და ევროპულ სესხს სხვა, დღემდე დაუდგენელი მისამართი გამოუჩნდა.

ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიყიდა. ობლიგაციების ნახევარი ბრიტანელმა ინვესტორებმა შეიძინეს, 13 პროცენტი კი ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ამერიკული კომპანიების ანგარიშებზე გადავიდა. საქართველოს სახელმწიფო ევროობლიგაციების ნომინალური წლიური განაკვეთი 7,5 პროცენტია. ლადო გურგენიძემ იმითაც გაგვახარა, რომ თურმე ბოლო 2 წლის მანძილზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთით არც ერთი სუვერენული სადებიუტო განთავსება არ განხორციელებულა, რაც ქვეყნის წარმატების მაჩვენებელი იყო.

”როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განთავსებიდან მეორე დღეს ობლიგაციები ნომინალის 101,5%-იან ფასში იყიდებოდა და განთავსებიდან 3-ჯერ გადაიყიდა.

მაისში საქართველოში არჩევნები ჩატარდა, რასაც საკმაოდ დიდი თანხები მოხმარდა. არსებობს ეჭვი, რომ ევროობლიგაციებით მიღებული სესხის ნაწილი სწორედ საპარლამენტო არჩევნებს მოხმარდა, თუმცა ამისი დამტკიცება სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია.

ევროობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე 5 ქვეყანას ამსტერდამს, ფრანკფურტს, მიუნხენს, ვენას და დუბაის ეწვია და ევროობლიგაციების გამოშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ ვიზიტების შემდეგ მიიღო.

ლადო გურგენიძე ჯერ ამტკიცებდა, რომ ემისიიდან მიღებული შემოსავლები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარებოდა. სტრატეგიულ პროექტებში ნახევარი მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზსაცავის და მაგისტრალური ელექტროსადენების ქსელის მშენებლობა მოიაზრებოდა. ამ უკანასკნელის საჭიროება მთავრობამ ჰიდრორესურსების ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობით ახსნა.

მოულოდნელად გაირკვა, რომ ენერგეტიკას ეს თანხები აღარ სჭირდებოდა და ევროობლიგაციების ემისიიდან მიიღებული შემოსავლები საქართველოს მთავრობამ ”მომავლის ფონდში” გადაამისამართა. თანხა ძირითადად, დაკარგული ტერიტორიების რეინტეგრაციას უნდა მოხმარებოდა.

ბოლოს და ბოლოს, მთავრობამ, სტაბილური მიკროეკონომიკური გარემოს და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიზნით, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისთვის ”მომავლის ფონდი” შექმნა.

აუცილებელ პირობად ჩამოყალიბდა რამდენიმე საკითხი:

აიკრძალა 2009, 2010 და 2011 წლების კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმვა.

გადაწყდა, რომ თანხების ხარჯვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამი მიმართულებით:
1. სახელმწიფოს საგარეო ვალების დაფარვა;
2. ფოდის სახსრების განთავსება ფასიან ქაღალდებში;
3 ფონდის სახსრების მეშვეობთ, სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური შემოსავლების დაფინანსება.

ფონდის ანგარიშსწორება სახელმწიფო სახსრების კონსოლიდირების პრინციპის შესანარჩუნებლად, კონსოლიდირებული ბიუჯეტის ანგარიშის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც მთავრობის 50-დღიან პროგრამას ეხებოდა, გაკრიტიკებულია არასაბიუჯეტო ფონდების - მათ შორის, ”მომავლის ფონდის” - დაფინანსების წყაროები. მოხსენების თანახმად, ამ ფონდში თავს უნდა იყრიდეს პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები, ამის ნაცვლად, ”მომავლის ფონდში” ევროობლიგაციებიდან მიღებული თანხები მოხვდა.

ომისა და ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ასევე, გაურკვეველია ამ ფონდის ბედიც - ”მომავალი თაობების ფონდის” მიზანი იყო, რომ საქართველო ფინანსურად მზად ყოფილიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისათვის. მთავრობა ვარაუდობდა, რომ 5 წლის განმავლობაში ფონდში 3 მლრდ ლარამდე დაგროვდებოდა.

ევროობლიგაციების საკითხს ხელისუფლება და ექსპერტები განსხვავებულად უყურებენ.

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ”რაღა დროს ევროობლიგაციებია? სესხი ავიღეთ, თანხები აკმულირებულია მთლიანად სახელმწიფო აქტივებში. სხვა რა გაინტერესებთ? რატომ არის ეს საზოგადოებისათვის საინტერესო, არ მესმის? გეუბნებით, თანხები მთლიანად მიმართულია ბიუჯეტში და რაც საჭიროდ ჩაითვლება, იმისთვის გამოიყენებენ. მეტი რა ინფორმაცია გჭირდებათ, გაუგებარია. რას აცხადებდა გაზაფხულზე გურგენიძე თანხების გამოყენების შესახებ, ამაზე თვითონ გურგენიძეს ჰკითხეთ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: ”როცა მთავრობა ისეთ ვალდებულებებს იღებს, როგორიც ეს ევროობლიგაციებია, საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ყველა დეტალზე ინფორმირებული. ჩვენ დღეს ამის შესახებ არაფერი ვიცით, შესაბამისად, არაფრის თქმა არ შემიძლია”.

ნიკო ორველაშვილი, ექსპერტი: ”ეს არის ვრცელი ეკონომიკური საკითხი და ამაზე მოკლე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხელისუფლების პოზიციაზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ხეპრე დამოკიდებულება. ჯერ კიდევ ბატონი ნოღაიდელი გვპასუხობდა, რომ ეროვნული ბანკიდან ავიღებთ სესხებს, შევავსებთ ბიუჯეტს და უკან აღარ დავუბრუნებთო. ვითომ ხუმრობდა. ამ პასუხს ჰგავს დღევანდელი პოზიციაც - რა თქვენი საქმეა, სესხს სად გავხარჯავთო. საინტერესოა, ვინ გაისტუმრებს ამ ვალს, დღევანდელი პრემიერი თუ ყოფილი? ეს ყველაფერი ჩვენი, საზოგადოების გასასტუმრებელია და მთავრობა ვალდებულია, მუდმივად საქმის ყურში გვამყოფოს”.

ფაქტია, რომ ვალად აღებული 500 მილიონი დოლარი ომამდე გაიხარჯა და ომის შემდეგ დღეებში ბიუჯეტში ეს თანხა აღარ იყო. მთავრობა ვალდებულია, ტრანსპერენტული იყოს მოსახლეობის წინაშე. ამის იგნორირება დიდ პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს, რომელიც, საბედნიეროდ, მხოლოდ ამ მთავრობას არ ეკუთვნის.

წაგებული ომის შემდეგ მთავრობის ფონდებისა და ევროობლიგაციების საკითხებთან დაკავშირებით მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, თუმცა ისიც ყველასათვის ცნობილია, რომ ომი ყველაფერს, მათ შორის, არამიზნობრივად დახარჯულ მილიონებსა და მილიარდებსაც ჩამოწერს.

კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 815 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz