[ლალი ზირაქიშვილი, ”ვერსია”] რუსეთი საქართველოს ანექსიის პროცესს სულ
უფრო მეტი მონდომებით აგრძელებს და იმ პროექტების განხორციელებას იწყებს,
რომელიც წლების წინ კრემლში მომზადდა. ქართველი ექსპერტები და ოპოზიციის
წარმომადგენლები წლების მანძილზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის
ენერგეტიკული ბერკეტების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. რატომღაც, რუსული
გეგმები მხოლოდ ექსპერტებისა და ოპოზიციისთვის იყო საფრთხის შემცველი.
ყველა დროის ხელისუფლება რუსულ საფრთხეზე საუბარს პოლიტიკური ქულების
დაგროვების მცდელობად აფასებდა და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ქართული
ენერგოკომპანიების დასაკუთრებაში ხელს უწყობდა. ვინ და რა ფასად გაყიდა, რა ფარული თუ აშკარა გარიგება შედგა, ალბათ,
ოდესმე გაირკვევა. თუმცა, დღეს მთავარი ის არის, რომ რაც რუსებს
ნებაყოფლობით არ ჩავაბარეთ, ძალით მიაქვთ. საუბარია “ენგურჰესის” აფხაზური
ნაწილის პრივატიზებაზე. ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა დავითაიამ
გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საფრთხე ჰესის არა მხოლოდ აფხაზეთის
ტერიტორიაზე განლაგებულ ნაწილს ემუქრება, რადგან რუსები ქართულ ნაწილში
მომუშავე თანამშრომლებს უკვე რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ. საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო
ორგანიზაციების დახმარებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით შესული ნებისმიერი ინვესტორი
დაისჯება. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მიიღო და მხარი საერთაშორისო
ორგანიზაციებმაც დაუჭირეს. ძნელი სათქმელია, საქმე აქამდე მივა თუ არა,
მაგრამ ქართული მხარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ენგურჰესი”
გაჩერდება, საქართველოს იმდენი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანა არ
ჩაბნელდება. ცხადია, რუსები ამ გეგმით ორი კურდღლის დაჭერას გეგმავენ. ერთი,
რომ იდეა ლიბერალური იმპერიის შექმნისა ნელ-ნელა წინ წავა და მეორე -
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თუ საქართველოს ენერგეტიკული პრობლემები
შეექმნება, ხალხი ხელისუფლებას აუმხედრდება. როგორც ჩანს, ქართული ფსიქოლოგია რუსული დერჟავისთვის ჯერ კიდევ
ჩაუწვდომელია. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის - ნებისმიერ შემთხვევაში,
საქართველო უდიდეს ენერგოობიექტს კარგავს. ამას ემატება “ხუდონჰესის”
დაკარგვის საფრთხეც, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტროს ტენდერი აქვს გამოცხადებული. ამ რუსული მარყუჟისგან დამოუკიდებლად თავის დაღწევა, ცხადია,
საქართველოს გაუჭირდება. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსებს
საქართველოს ყველა ენერგოობიექტი, მათ შორის, ნავთობსადენებიც
აინტერესებთ. ეს მოსალოდნელიც იყო. რუსეთი წლების მანძილზე ცდილობდა,
ხელში ჩაეგდო გაზის ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც კინაღამ მივყიდეთ
კიდეც. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ კავკასიაზე კონტროლის აღდგენას
ემსახურება. ჩუბაისის ლიბერალური იმპერია ყოფილ პოსტსაბჭოთა საზღვრებსაც
სცილდება, აზიისა და აფრიკის კონტინენტებამდე აღწევს და ახალი ამბავი
სულაც არ არის. 2005 წლის შემოდგომაზე, როდესაც “რაო-ეესის“ გამგეობის
თავმჯდომარის, ანატოლი ჩუბაისის ხელმძღვანელობით, თბილისში დსთ-ის
ქვეყნების ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომა გაიმართა, ყოფილი
საბჭოთა ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს
დსთ-ის სივრცეში ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების პროექტს. თუმცა,
აღნიშნეს, რომ მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. ჩუბაისის გეგმით, პროექტის განხორციელების შემდეგ, დსთ-ის
ქვეყნების ენერგეტიკული სისტემები პარალელურ რეჟიმში იმუშავებს, რაც ამ
ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდის. ანატოლი ჩუბაისი და საქართველოს ხელისუფლება ანატოლი ჩუბაისი
ის ფიგურაა, ვისაც საკუთარი სიტყვა პუტინის რუსეთში ეთქმოდა და მედვედევის
იმპერიაშიც ანგარიშგასაწევად რჩება. მისი მიზნები ელექტროენერგეტიკას დიდი
ხანია გასცდა. “რაო-ე-ეს”-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბუნებრივი აირის
პრობლემებითაც არის დაინტერესებული, მისი პროგნოზით, 2010 წლის იანვარში
რუსეთში ენერგოკრიზისი შეიძლება დაიწყოს. ჩუბაისი აცხადებს, რომ თუ
ქვეყანაში გაზის მოპოვების მხრივ, სტაგნაცია კვლავ გაგრძელდა, კრიზისი
გარდაუვალი იქნება. “რაო-ე-ეს”-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ
გაზის მოპოვება არ გაიზარდა, 2010 წელს შეიქმნება ისეთივე სიტუაცია,
როგორიც 2005-2006 წლებში იყო, როდესაც ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის
წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
აზერბაიჯანული გაზი. მანამდე კი, ჩუბაისმა კავკასიის დაპყრობა
ელექტროენერგეტიკით დაიწყო. მისი დამსახურებაა, რომ რუსული კომპანია
სომხეთის ენერგოსექტორის 80 პროცენტს აკონტროლებს. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებასთან
გამართული მოლაპარაკებებისას აცხადებდა ჩუბაისი, რომ ისინი
დაინტერესებულები იყვნენ, როგორც ელექტროენერგიის იმპორტით საქართველოში,
ასევე მისი ტრანზიტით თურქეთში. არც მალავდა, რომ მათი სტრატეგია უკვე
ნაყიდი ობიექტების განვითარებას და საქართველოსთან ერთობლივი, დიდი
პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან
თანამშრომლობას მისი კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
რუსული მხარე საუბრობდა რეალურ რეზულტატზე, რომელიც რუსულ ენერგეტიკას
დსთ-ს მასშტაბით ლიდერად აქცევდა. ჩუბაისი იმასაც აცხადებდა, რომ “რაო-ე-ეს”-ს ბალტიის,
სლოვაკეთის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართაც ჰქონდა გეგმები.
დსთ-ის მასშტაბით კი, პერსპექტიულ პროექტებად იყო მიჩნეული უკრაინაში,
ყაზახეთსა და ტაჯიკეთში განსახორციელებელი გეგმები. ჩვენივე ხელისუფლების
თანდასწრებით ჩუბაისი ამბობდა, რომ საქართველოში, სომხეთსა და მოლდავეთში
ეს გეგმები უკვე ხორციელდებოდა. ძველ მთავრობასთან გარიგების შედეგად, რუსული კომპანია
საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების 50%-ს ფლობს, მიიღო
თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციების 75%,
ჰიდროელექტროსადგურები “ხრამი-1” და “ხრამი-2” და “ეი-ი-ეს მტკვარის” ორი
ენერგობლოკი. ასე გახდა რუსული კომპანია საქართველოს ენერგოსისტემაში
მონოპოლისტი. თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება “რაო-ე-ეს-”ის
წარმომადგენლობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსაც
მოუხდა. თბილისის 24-საათიანი ელექტრომომარაგების სანაცვლოდ, ხელისუფლება
2006 წლის ბოლომდე ენერგოსექტორის სუბსიდირებას გვპირდებოდა, ანუ “თელასს”
ყოველთვიურად, 5,5 მილიონ ლარი უნდა მიეღო სუბსიდიების სახით. აღნიშნული
სუბსიდიები მე-9 ენერგობლოკზე წარმოებული ელექტროენერგიის 100 პროცენტის
შესასყიდად უნდა დახარჯულიყო. “რაო-ე-ეს“-ს “თბილსრესის” მე-10
ენერგობლოკის რეაბილიტაცია და “ხუდონჰესის” მშენებლობაში მონაწილეობაც
სურდა. საქართველო “რაო-ე-ეს”-ს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზეც
შეუთანხმდა. ნოღაიდელი განმარტავდა, რომ უნდა შექმნილიყო დოკუმენტი,
რომელიც 5 წელს მოიცავს და მასში გაწერილი იქნებოდა “რაო-ე-ეს”-ის
სტრატეგია საქართველოში. ნოღაიდელი იმასაც აცხადებდა, რომ ქართული მხარე
არ აპირებდა, სირთულეები შეექმნა რუსული კომპანიისთვის. რუსული მხარე კი
არც მალავდა, რომ საქართველოს ენერგოობიექტებით იყო დაინტერესებული. დღეს რუსეთის განზრახვა საკმაოდ აშკარაა, თუმცა გაუგებარია,
რატომ ვერ ამჩნევდა ამას საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ბევრად მეტი
ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე თუნდაც, იმ ექსპერტებსა და ოპოზიციონერებს,
რომლებიც გამუდმებით რუსულ საფრთხეებზე საუბრ
|