[ეკა ბაქრაძე] საერთაშორისო არენაზე ყველაფერი კალეიდოსკოპური
სისწრაფით იცვლება. თუკი რამდენიმე დღის წინ რუსეთის იდგა ეკონომიკური
კოლაფსის წინაშე, ახლა უკვე ამერიკას უდგას შავი დღეები. აშშ და მსოფლიოც
გლობალური კრიზისის წინაშე დგანან. პერსპექტივა ბუნდოვანი და
არაპროგოზირებადია. ამერიკელები მორიგ ფინანსურ დარტყმას უკვე ვეღარ შეეგუებიან. მათი
აზრით, ეს სოციალური სისტემის ნგრევასა და მსოფლიო კატაკლიზმებს
გამოიწვევს, რაც უკვე გეოპოლიტიკური პრობლემების მიზეზი გახდება. ამიტომ კონგრესი იძულებული გახდება დაეთანხმოს თეთრი სახლის
გადაწყვეტილებას ამერიკის კოლოსალური (უკვე მრავალტრილიონიანი) შიდა
სახელმწიფო ვალის კიდევ 700 მილიარდი დოლარით ზრდის შესახებ. ეს არის
ვითარება, რომლიდანაც იოლი და უმტკივნეულო გამოსავალი უბრალოდ არ
არსებობს. ამ “რეგულირებამ” შეიძლება ბაზარი მეორე უკიდურესობაში
გადააგდოს, მეწარმეობა შეაჩეროს და კიდევ უფრო დიდი უბედურების მიზეზი
გახდეს. მაგალითად დოლარის დევალვაციისა. ამერიკაში რამდენიმე უმსხვილესი ბანკი უკვე გაკოტრდა,
ხოლორამდენიმე გაერთიანდა - თავის გადასარჩენად. მაგალითად, TITANMAJP
MORGAN CHASE სასწრაფოდ (ღამით) შეიძინა ოდესღაც აყვავებული WASHINGTON
MUTUAL - სიდიდით მეექვსე ბანკი ქვეყანაში. მანამდე კი იგივე “მორგანმა”
გადაარჩინა უდიდესი საინვესტიციო ფონდი BEAR STEARNS ამ პროცესებით
დაშინებული ამერიკელები ბუშის ადმინისტრაციამ ასე დაამშვიდა: - “ასი ათას დოლარამდე ყველა ანაბარი დაზღვეულია სახელმწიფოს
მიერ და მათ მეანაბრეებს არაფერი ემუქრებათ!” როგორც მოგვიანებით გაირკვა
ამ ცვლილებებმა საქმეს ვერ უშველა. ბანკი WASHINGTON MUTUAL, რომელმაც
2008 წელს თავისი ღირებულების 95% დაკარგა, გაკოტრდა და აშშ-ის
ფედერაციული სადაზღვეო კორპორაციის დეპოზიტების კონტროლქვეშ მოექცა. ბანკმა კრახი 25 სექტემბერს განიცადა, როცა სარეიტინგო სააგენტომ
საკრედიტო დაწესებულების რეიტინგი BB-დან CCC-მდე შეამცირა. ეს რეიტინგი
რვა საფეხურით უფრო დაბალია იმაზე, რაც უნდა ჰქონდეს საინვესტიციო
კომპანიას. WASHINGTON MUTUAL გაკოტრებამდე, 18 დღით ადრე კომპანიამ
აღმასრულებელი დირექტორი შეცვალა. კერი კილინჯერი დაითხოვეს და მის ადგილი
ალან ფიშმენმა დაიკავა. ამ უკანასკნელმა წინასწარ 7,5 მილიონი დოლარი
მიიღო და ყოველ თვეში ერთ მილიონ დოლარს იღებდა. აშშ-ს WASHINGTON MUTUAL
ოცდამეათე კომერციული ბანკია, რომელიც 2008 წელს გაკოტრდა. ასეთი გლობალური კრიზისის კარიბჭესთან რაოდენ პარადოქსულიც არ
უნდა იყოს, ამერიკა კვლავინდებურად ყველაზე მიმზიდველი ადგილია
ინვესტირებისათვის: გასულ წლებში ინვესტიციათა ოდენობა ფანტასტიურად გაიზარდა,
შესაბამისად გაიზარდა ბანკების საკრედიტო რესურსი და ისინიც ცდილობდნენ ეს
თანხა პერსპექტიულად ნაკლებად სარისკოდ მიჩნეულ სფეროებში უხვად
დაებანდებინათ ზემოგების მისაღებად. ასეთ სფეროდ ითვლებოდა სამშენებლო ბიზნესი, მაგრამ რეალურად
აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი, ლიკვიდურობის შეფასებაში ბანკები და იპოთეკური
კომპანიები შეცდნენ, ბაზრის სტიქია ვერ გაითვალისწინეს, არასწორი
მარკეტინგული გათვლები გააკეთეს და მეორეც - არასწორად შეაფასეს
კონკრეტული მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა და ბაზრის გრძელვადიანი
კონიუნქტურა. ამასობაში რუსეთმა გადაწყვიტა მსოფლიოში შექმნილი ფინანსური
კრიზისით ისარგებლოს. მოსკოვს გეგმაში აქვს, სერიოზული გავლენა მოახდინოს
მსოფლიოში ნავთობის ფასის ფორმირებაზე. ამერიკაში ნავთობის ფასი გამუდმებით იზრდება და რუსეთი აპირებს
მსოფლიოს საკუთარი ფასები შესთავაზოს. ამით რუსეთი კრიზისის შემდგომ
შეძლებს დაიბრუნოს ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე. როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი შმატკომ
განაცხადა, რუსეთი უკვე მუშაობს გეგმის შემუშავებაზე. “რუსეთმა აქტიურად
უნდა იმუშაოს ნავთობის ფასებზე გავლენის საკითხებზე, უნდა გაჩნდეს
ერთგვარი რუსეთის ფაქტორი. ყოველთვის ვახსენებდით ოპეკს, რომელიც როგორღაც
არეგულირებდა სიტუაციას, ვსაუბრობდით სხვა ფაქტორებზე, ფინანსურ
სპეკულაციაზე, აშშ-ში ნავთობის მარაგის დონეზე და ა.შ. ჩვენი აზრით,
რუსეთს მსოფლიოს უმაღლეს სანავთობო წრეებში ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია, რომ უნდა გაჩნდეს ჩვენი, რუსული ფაქტორი”, - განაცხადა მან. შმატკოს თქმით, რუსეთი აპირებს უფრო აქტიურად მიხედოს ბაზრებს.
გარდა ამისა, რუსეთი მზადაა რეზერვში ჩარიცხოს ახალი საბადოები, რომელიც
ჯერჯერობით ახალ საბადოებს დროებით ხელშეუხებლად ტოვებდა. შესაბამის წინადადებებს რუსეთი, სავარაუდოდ, ოპეკის მომავალ სესიაზე წარადგენს, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
|