[ეკა ბაქრაძე] უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ წლეულს საქარველოში ერთნიშნა
ინფლაციაზე ლაპარაკი სრული აბსურდი იქნება. აგვისტოს მოვლენებმა
მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ინდექსზე და ოფიაციალური
მონაცემებით, ამჟამად ინფლაცია 13%-ის მიჯნაზეა. რასაკვირველია რეალურად ფასების გაცილებით სწრაფად მატულობს, ვიდრე
ეს სტატისტიკური ციფრებიდან ჩანს. რამდენიმე დღეში ოქტომბერი დადგება და
ძირითადი საკვები პროდუქტები გაძვირებას დაიწყებს. ასე რომ, მთავრობისა და
ეროვუნლი ბანკის დანაქადნები 8%-იანი ინფლაციური მაჩვენებელი, სრული
უტოპია აღმოჩნდება. თუკი საქმეში არ ჩაერთო მრავალგზის გამოყენებული
“ხელოვნურად შემცირების” მეთოდიკა, საქართველო, შარშანდელის მსგავსად,
2008 წელსაც ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლით ჩაამთავრებს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 31 აგვისტოსთვის წლიურმა
ინფლაციამ 12,8%-ს მიაღწია. ივლისის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 9,8% იყო.
რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირებამ ფასების სწრაფად
ზრდას შეუწყო ხელი. საქართველოს მთავრობა კი თავს კვლავ იმით იმშვიდებს, რომ “წლიური
ინფლაცია საქართველოში სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დაბალია”.
სტატისტიკოსთა ინფორმაციით, ყირგიზეთში ფასები წლის განმავლობაში 32,3%-ით
გაიზარდა, უკრაინაში - 26%-ით, აზერბაიჯანში - 23,9%-ით, ყაზახეთში -
20,1%-ით, ლატვიაში - 15,7%-ით, ხოლო რუსეთში - 15%-ით. ამასთან, საშუალო
წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10,4%-დან 10,9%-მდე გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, ფასთა ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე
შემდეგნაირად გაიყურება: ხილზე ფასები 136,1%-ით გაიზარდა, ზეთზე -
44,2%-ით, პურპროდუქტებზე - 34,2%-ით, ტრანსპორტზე - 29,3%-ით, წყალზე,
ელექტროენერგიაზე და გაზზე - 28,7%-ით. ფასები 11,4%-ით შემცირდა
ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე. სამომხმარებლო ფასთა ინდექსის მკვეთრი მატება ომის შემდგომ
დაფიქსირდა. აგვისტოში ფასების საეთრო დონე ერთბაშად 3,4%-ით გაიზარდა.
საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ინფლაციის ზრდა იყო გამოწვეული
ცალკეულ პროდუქტებზე ფასების ზრდით 10-დან 20 აგვისტომდე, როდესაც
შეფერხებული იყო მათი ტრანსპორტირება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის
ივლისში ფასების დონე 1,2%-ით იყო შემცირებული. არადა, საქართველოს მთავრობის მსგავსად, სულა რაღაც რამდენიმე
დღის წინ უცხოელი ექსპერტებიც წლის ბოლოსათვის ერთნიშნა ინფლაციას
ვარადობდნენ და ჟურნალისტებთან პრონოზების გაკეთებით იწონებდნენ თავს.
ერთი კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გულდაგულ ამტკიცებდა, რომ
ინფლაცია საქართველოში წლის ბოლოსთვის 8% იქნებოდა. ამის შესახებ
ინფორმაცია სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზეც იყო განთავსებული. ის კი არა, სსფ-ს პროგნოზით, ინფლაცია გაისადაც ასევე 8% იქნება.
რაც შეეხება პერიოდის სამომხმარებლო ფასთა ინდექსის საშუალო ცვლილებას,
2008 წელს ის 10% იქნება, ხოლო 2009 წელს - 7,6%. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სავალუტო
ფონდის მონაცემებით, წლეულს 2895 დოლარს მიაღწევს, ხოლო 2009 წელს - 3167
დოლარს. შედარებისთვის, 2006 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1’800 დოლარი
იყო, ხოლო 2007 წელს - 2’324 დოლარი. ისევე როგორც მრავალგზის, სავალუტო ფონდი ამჯერადაც შეცდა.
მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე, მეორე კვარტლის
მონაცემებით, 788,3 აშშ დოლარს მიაღწია. მართალია, აღნიშნული მაჩვენებელი,
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45,5%-ით გაიზარდა, მაგრამ ესეც
კი ვერ უზურნველყოფს წლის ბოლოს 2895-დოლარიან მშპ-ს. საქმე ისაა, რომ ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლები მაშინ
დაფიქსირდა, როცა საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა
იყო, ომმა კი ყველაფერი შეცვალა. სავარაუდოდ, მშპ-ს მოცულობა ერთ სულ
მოსახლეზე შარშნადელ მაჩვენებელსაც ვერ გაუტოლდება.
|