ორშაბათი, 2024-11-25, 8:16 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა დახმარებების შეგროვებაში დახელოვნდა

[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს მთავრობა ევროპაში დადის და ე.წ. დახმარებებს აგროვებს. მართალია, სიტყვით ყველა სახელმწიფო გულუხვია და მილიონებს არ იშურებენ, მაგრამ “საქმეში” ჯერ მხოლოდ უკრაინამ წაგვაშველა ხელი და საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი უფეშქაშა.

საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან პირად საუბრებში ყველა დასავლური ქვეყანა დიდ გულისხმიერებას იჩენს. აგერ დიდმა ბრიტანეთის მთავრობამ ლადო გურგენიძეს გრანდიოზული მასშტაბის დახმარების შესახებ ამცნო. ნისლიანი ალბიონი საქართველოს 900 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.

სრულიად საქართველოსთვის ეს მაშინ გახდა ცნობილი, რაც ქართველმა პრემიერმა ბრიტანეთი მოივიზიტა და “ხლედამშვენებულმა” მთავრობის სხდომაზე ვიზიტის წარმატებული შედეგების შესახებ წვრილად მოუყვა დამსწრე საზოგადოებას.

გურგენიძე ლონდონში თავის ბრიტანელ კოლეგა გორდონ ბრაუნს შეხვდა და ფინანსური დახმარების გაწევის პირობაც სწორედ მისგან მიიღო. გარდა ფულადი გზავილებისა, ალბიონელები სხვა ტიპის დახმარებესაც გვპირდებიან. მაგალითად, გადაიხედება საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის და ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ დადებული შეთანხმება, რაც ბრიტანელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებებს გაუადვილებს.

ლონდონში მყოფი გურგენიძე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასაც შეხვდა. პრემიერის ინფორმაციით, ევროპული ბანკი, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, საქართველოს საბანკო სისტემის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას ამზადებს.

პრემიერ-მინისტრის ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ბევრ ფულს აბანდებს და მხარში უდგას ჩვენ საფინანსო სექტორს. ევრობანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად, ქართული საბანკო სექტორის დამატებით ფინანსირებაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს.

- “ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ბანკებმა უახლოეს მომავალში შეძლონ სრულფასოვნად აღადგინონ ეკონომიკის დაკრედიტება, რაც საბოლოოდ ეკონომიკის გაძლიერებამდე მიგვიყვანს განაცხადა პრემიერმა”, - აღნიშნა გურგენიძემ.

ბრიტანული 900 მილიონი რიგით მეხუთე უმსხვილესი დახმარების პაკეტია, მაგრამ მათგან უახლოეს მომავალში ვერც ერთი მათგანი ვერ შეგვეშველება. ყველაზე ახლოს აშშ-ს 1 მილიარდიანი დახმარების პერსპექტივა ჩანს. ამ თანხის ნაწილი წესით ახალი წლის შემდგომ უნდა მივიღოთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750-მილიონიანი ტრანში მოსალოდნელია ნახევარ წელიწადში. პირველ ტრანშს, 250 მლნ დოლარის ოდენობით საქართველო სწრაფად მიიღებს, დანარჩენი თანხა კი ექვს ნაწილად გაიყოფა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, სახსრები მიმართული იქნება ქვეყნის სავალუტო რეზერვების შესავსებად, მაკროეკონომიკური პოლიტიკის დასახმარებლად, რაც, თავისთავად ინვესტორთა ნდობას გაამყარებს. გამოყოფილი ფინანსური დახმარება თავისი მოცულობით უპრეცედენტოა. იგი 100%-ით აღემატება სავალუტო ფონდის ტრადიციულ ლიმიტს.

უახლოესი სამი წლის განმავლობაში საქართველო, ასევე, მიიღებს 500 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ევროკომისიისგან. სახსრები გამოყოფილი იქნება ევროკომისიის მიერ შედგენილი 2008-2010 წლებში საქართველოს სტაბილიზაციისა და ზრდის პაკეტის შესაბამისად და მოხმარდება მთელი რიგი პროგრამების დააფინანსებას.

ქართველი ექსპერტები მიესალმებიან დასავლეთის ფინანსურ ინექციებს, მაგრამ მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკა მაინც ადგილზე უნდა გაჯანსაღდეს.

- “საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ცუდი არ არის, მაგრამ ამ დახმარებით კრიზისიდან გამოსვლა არის აბსოლუტური ილუზია. 500 მილიონს ან თუნდაც 1 მილიარდ დოლარს არ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება. ეს დახმარება თავისთავად კარგია, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, აუცილებელია მისმა მოქალაქეებმა იშრომონ თავიანთი ნიჭის და უნარის შესაბამისად”, - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

დაახლოებით ამავე აზრს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. “თუ ქვეყანაში არ იქნება რეალური დემოკრატია, ანუ ბიზნესს არ მიეცა მართლაც თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა, სერიოზული ბიზნესპროექტები, უბრალოდ, ვერ განხორციელდება”, - აცხადებს ორველაშვილი.


კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 682 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz