ორშაბათი, 2024-11-25, 9:18 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ეკონომიკა

ხელისუფლება კომპანიებს სჯის, კომპანიები - ხალხს
[ლალი ზირაქიშვილი. ”ვერსია”]
ბოლო პერიოდში, შესამჩნევად გააქტიურდნენ მარეგულირებელი კომისიები, რომლებიც კომპანიებს საბაზრო პრინციპების დარღვევის ბრალდებით აჯარიმებენ. ადრე ”ზედამხედველის” ფუნქციას ანტიმონოპოლიური სამსახური ასრულებდა. მისი გაუქმების შემდეგ კი, სხვადასხვა სფეროებში ბაზარზე მოთამაშე კომპანიების საქმიანობის რეგულირება ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიებმა შეითავსეს. თუმცა ქართულ და საქართველოში მოღვაწე კომპანიებს, რეალურად, იმდენი ”ზედამხედველი” ჰყავთ, საბოლოოდ, ძნელია განსაზღვრო, თამაშის რა წესები ითვლება მისაღებად ხელისუფლებისთვის.

ოპოზიცია და ეკონომიკის ექსპერტები უკვე რამდენიმე წელია, აცხადებენ, რომ კომპანიებს ოფიციალური გადასახდელების გარდა, სხვა ტვირთის ზიდვაც უწევთ, რაც ხელისუფლების გავლენიანი წრეების ახირებების დაფინანსებასა თუ მმართველი პარტიისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების დაფინანსებით გამოიხატება.

ბიზნესი ამ დავალებასაც უსიტყვოდ ასრულებს, რადგან ყველაზე უკეთ იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნება. მოკლედ, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ. თუ საქმე გართულდა და რომელიმე კომპანიას სამართლიანობის პრინციპი მოენატრა, მის მიმართ სადამსჯელო მექანიზმი ირთვება, რაც პირველ ეტაპზე, დაჯარიმებას გულისხმობს.

საქართველოში მოღვაწე კომპანიების ისტორიას თუ გადავხედავთ, ხშირად, ერთი შეხედვითაც ნათელია, რამდენად სამართლიანად სჯიან მათ - ვინმეს ინტერესები გადაკვეთეს თუ დაუწერელი პირობები დაარღვიეს. მომხმარებლისა და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ერთი შეხედვით, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, კომპანიებს რა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ხარკს აკისრებს ხელისუფლება, რამდენად სამართლიანად ან უსამართლოდ აჯარიმებენ მათ.

ზოგჯერ, კომპანიები საკუთარ ინტერესებს სასამართლოშიც იცავენ, ფინანსთა სამინისტროსთან დავების განხილვის საბჭოც არსებობს, სადაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების სამართლიანობა დგინდება, თუმცა უმეტესობას, თუ საკუთარი ბიზნესის გაგრძელება სურს, დაკისრებული თანხის გადახდა მაინც უწევს. ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მოიტანონ კომპანიებმა დამატებითი თანხები?

ნებისმიერ კომპანიას, საფინანსო წლის დასაწყისში, ზუსტად აქვს გაწერილი, რა სახის ინვესტირებას აპირებს, ამით რა სამუშაოების შესრულებას გეგმავს და ეს ყველაფერი, საბოლოოდ, რა შემოსავლებსა და მოგებას მოუტანს. თუ კომპანია საჯარიმო თანხას საბრუნავი სახსრებიდან მოხსნის, შესაძლოა, გაკოტრების პირასაც აღმოჩნდეს.

ამიტომ იძულებულია, წმინდა მოგება გაზარდოს, რაც მხოლოდ მომსახურების ან პროდუქციის ფასის გაზრდით არის შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანია მოგებას მოსახლეობის, ჩვეულებრივი მოქალაქეების ხარჯზე ზრდის. ერთი სახეობის პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირება კი ავტომატურად აძვირებს სხვა პროდუქტებს და საბოლოოდ, მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის ცხოვრება სულ უფრო და უფრო მძიმდება. ასე რომ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით კომპანიებზე ზეწოლა, საბოლოოდ, მაინც მოსახლეობის მხრებზე გადადის.

მოსახლეობას გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირებისთვის ამზადებენ
ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისია ქართული ბაზრისთვის სოლიდურ კომპანიებს აჯარიმებს. მართალია, ”ენერჯი ინვესტსა” და ”ყაზტრანსგაზს”, სოლიდური კომპანიების კვალობაზე, არც ისე დიდი თანხების გადახდა მოუწევთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ გაფრთხილებაა და, შესაძლოა, კომპანიებს უფრო მეტი გადასახადებიც დააკისრონ.

სამაგიეროდ, რა ზომებს მიმართავენ კომპანიები, ადვილად მისახვედრია - მარეგულირებელიცა და კომპანიებიც, ამ თამაშით, მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის გაძვირებისთვის ამზადებენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ”ენერჯი ინვესტი” 5 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კომისიაში კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ”ენერჯი ინვესტი” რუსთავის ”აზოტის” ქარხნისა და გარდაბნის გაზოტურბინის მფლობელია. კომპანია 2004 წელს რუსეთისა და საქართველოს ბიზნეს-ჯგუფების მიერ შეიქმნა. კომპანია ”გაზპრომიდან” მარაგდება. საჭიროების შემთხვევაში, ანუ ზამთრის პერიოდში, გაზოტურბინები საკმაოდ ძვირადღირებულ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

სემეკ-ის ცნობით, კომისიის 2007 წლის 21 ნოემბრის №22 დადგენილებით (”ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ”), სს ”ენერჯი ინვესტს” 2008 წლის 1 აგვისტომდე, ტარიფების განაცხადისა და ტარიფების შემდგომი კორექციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ევალებოდა. იმის მიუხედავად, რომ კომპანია გააფრთხილეს, კომისიაში დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

კომისიამ მიიჩნია, რომ სს ”ენერჯი ინვესტმა” არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნები და არ აღასრულა იგი ნებაყოფლობით, რის გამოც, დაჯარიმდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა, მოგვიანებით, ეროვნულმა კომისიამ, კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისიც” დააჯარიმა 5 ათასი ლარით.

კომისიამ აღმოაჩინა, რომ კომპანია, ახალ აბონენტებს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებლად, დამატებითი საფასურის გადასახადს აკისრებდა. თუმცა ცნობილია, რომ ამ თემაზე ენერგოომბუდსმენი, დაახლოებით, ერთი წელიწადია, უშედეგოდ ლაპარაკობდა.

ამიერიდან კი, კომისია ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” კომისიასთან შეუთანხმებლად მომსახურების ფასის დადგენას უკრძალავს და ახსენებს, რომ ბუნებრივი გაზის ლიცენზიანტი ვალდებულია, მომსახურებისთვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური, რაც კომისიის მიერაა დამტკიცებული.

შესაბამისად, ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გადახდილი თანხები ჩაითვლება უკანონოდ და მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას ან, შემდგომში, მისი ანგარიშსწორებისას, გაქვითვას დაექვემდებარება.

ძნელი სათქმელია, უცებ რატომ გააქტიურდა მარეგულირებელი კომისია და თუ ყაზახური კომპანია თვითნებურად მოქმედებდა, აქამდე რატომ არ მიმართა შესაბამის ზომებს.

შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ”ყაზტანსგაზმა” კომპანიებს გაზის საფასური გაუძვირა. ამას შესაბამისი მიზეზებით ხსნიან, მაგრამ არაპირდაპირ, მაინც მომხმარებელი ზარალდება, რადგან ვისაც წარმოების ხარჯები უძვირდება, იძულებულია, ზარალი სხვა გზით აინაზღაუროს. პირველ რიგში, ეს პურის საცხობებს შეეხება, რომლებიც სავარაუდოდ, პურს არ გააძვირებენ, თუმცა წონას კიდევ რამდენიმე გრამით შეამცირებენ.

ეს ის ჯაჭვური პროცესია, რომელიც ქვეყანაში მუდმივად ხდება, თუმცა ომგადატანილი ქვეყნისთვის ნებისმიერი მიზეზით გაძვირებული სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები გაცილებით დიდ პრობლემებს ქმნის. ბოლო დროს, ყველაზე სკანდალური ”მეგაფონის” დაჯარიმება აღმოჩნდა, თუმცა ეს დაჯარიმება ცოტა სხვა შედეგებზეა გათვლილი და ქართველ მომხმარებლებს ზემოჩამოთვლილ პრობლემებს ნაკლებად უქმნის.

საქართველო და კავშირგაბმულობის რუსული კომპანიები
უცნაურია, რა ბერკეტებით არის შესაძლებელი ისეთ კომპანიაზე ზეწოლა, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, რუსულმა ”მეგაფონმა” საქართველოს ტერიტორიაზე დაფარვის არეალი უკანონოდ გააფართოვა. დაფარვის ზონა გასცდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებს და მოიცვა გორისა და ქარელის რაიონები. ამის გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული კომპანია 500 000 ლარით დააჯარიმა.

პირველი ჯარიმა 5 000 ლარი, ცხინვალსა და ჯავის რაიონში უკანონო მოქმედებების გამო, ”მეგაფონს” 11 ივნისს დაეკისრა, თუმცა - უშედეგოდ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ”მეგაფონის” წარმომადგენელი ბრალდებას უარყოფს. ნონა ყაველაშვილის განცხადებით, ”მეგაფონის” სავაჭრო ნიშნით სარგებლობს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი კომპანია ”მობიკომ კავკაზი” და შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებებს სწორედ იგი ახორციელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, გიორგი არველაძის განცხადებით კი, ”მეგაფონმა” ტექნიკური პრობლემები შეუქმნა საქართველოში ლიცენზირებულ მობილურ კომპანიებს ”მაგთიკომსა” და ”ჯეოსელს” და, ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის ეკონომიკური ანექსია განახორციელა. ქართული მხარე იმასაც აცხადებს, რომ კომპანიამ, თავისი მოქმედებით, ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპაციას შეუწყო ხელი.

საინტერესოა ერთი დეტაილი - იმ პერიოდში, როცა ”მაგთისა” და ”ჯეოსელს” პრობლემები შეექმნათ. ”მეგაფონის” მსგავსად, ასევე უპრობლემოდ მუშაობდა ”ბილაინიც”. თუმცა, რუსული ჰოლდინგ ”ალფა-ჯგუფის” კონსორციუმში შემავალი კომპანიის მიმართ ქართულ მხარეს კითხვები არ უჩნდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”მეგაფონის” დაჯარიმებას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მეშვეობით ცდილობს. ქართული მხარე ყველა ქვეყნის კომუნიკაციების დარგის მარეგულირებელ ადმინისტრაციებსაც მიმართავს, რუსული კომპანია ”მეგაფონის” მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები მიიღონ.

”მეგაფონის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუმცა, როგორ დასრულდება ქართულ-რუსული დავა და როგორ აინაზღაურებს ქართული მხარე ზარალს, ძნელი სათქმელია.

კატეგორია: ეკონომიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 718 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz