[ეკა ბაქრაძე] კრემლი პანიკაშია. მეორე დღეა ბირჟები დაკეტილია. დასავლეთის დასაშინებლად შექმნილი “გაზპრომი” უკვე საფრთხეს თავად რუსეთს უქმნის.
“გაზპრომი” შავ დღეებს ითვლის. კომპანიის აქციების ფასმა 200 მილიარდი
დოლარით დაიკლო, ხოლო კომპანიის კაპიტალიზაცია 350 მლრდ აშშ დოლარიდან 150
მლრდ დოლარამდე დაეცა. მიმდინარე წლის მაისში რუსული გიგანტი მსოფლიოს უძვირესი კომპანიების ხუთეულში შედიოდა, ახლა კი მხოლოდ მეორე ათეულში თუ მოხვდება.
უმძიემსი ვითარებაა რუსეთის საფონდო და სავალუტო ბირჟაზე. რუსეთის
პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცენტრალურ ბანკს დაავალა კიდეც,
ყოველდღიურად მოახსენოს ინფორმაცია რუსეთის საფონდო ბაზრებზე შექმნილი
ვითარების შესახებ. გარდა ამისა, მედვედევი სთავაზობს ბანკს 0,5 ტრილიონი რუბლის გამოყოფას “სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით”.
ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი კი აცხადებს, რომ სიტუაციის
სტაბილიზების მიზნით ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება,
გაიზარდოს კომერციულ ბანკებში ბიუჯეტის დროებით თავისუფალი სახსრების
განთავსების ლიმიტი. კერძოდ, ამ გზით “სბერბანკი”, “ვიტიბი” და “გაზპრომ
ბანკი” შეძლებენ საკუთარ ანგარიშებზე ტრილიონი საბიუჯეტო რუბლის მიზიდვას.
კრემლში ირწმუნებიან, რომ 2008 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 12
პროცენტს არ გადააჭარბებს. რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის
სერგეი იგნატიევის თქმით, ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი პრობლემები,
ინფლაციაზე იმოქმედებს, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელოდ. მისი აზრით, რომ არა აგვისტოს მოვლენები, წლის ბოლოსთვის
ინფლაცია 11 პროცენტის დონეზე შეჩერდებოდა. ახლა კი ერთი პროცენტით
მოიმატებს.
სერგეი იგნატიევმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი
2009 წლის ინფლაციის პროგნოზს არ შეცვლის და 7,8 პროცენტის დონეზე
დარჩება.
რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის მიერ სოჭში უცხოელი
ინვესტორებისათვის ბიზნეს-კონფერენციის გამართვის გადაწყვეტილება სწორედ
რუსეთში მძიმე ეკონომიკური სიტუაციის შექმნით აიხსნება. მოწვეულ
კომპანიებს შორის არიან ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორებიცაა:
“ფილიპსი”, “შელი”, “ბიპი”, “კონაკო”, “იკეა”, “ტოტალი”, “სიმენსი”,
“ელჯი”, “შევრონი” და ა.შ.
ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთი მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა.
დავით ნარმანიას აზრით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ამ მცდელობის
მიუხედავად, უცხოელი ინვესტორები რუსეთში ინვესტიციების ჩადებისაგან თავს
შეიკავებენ.
- “რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის სახე, მთელმა მსოფლიომ
დაინახა და ისიც, რომ იქ ინვესტიციების განხორციელება გარკვეულწილად
საშიშია. ამიტომ, რუსეთი ამ ეტაპზე რაც უნდა ეცადოს, ნორმალური და
ცივილური ინვესტორები რუსეთში ინვესტიციების ჩადებისაგან მაინც თავს
შეიკავებენ”, - აღნიშნა ნარმანიამ.
იგივე აზრს იზიარებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, “კავკასიის
სტრატეგიული კვლევების ცენტრის” დირექტორი მამუკა არეშიძეც, რომელიც
მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ მსხვილ ინვესტორებთან და ბიზნესმენებთან სოჭში
დანიშნული შეხვედრა რუსეთში დაწყებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება,
რომელსაც სათავე ქართულ-რუსულმა კონფლიქტმა დაუდო.
- “რუსეთ-საქართველოს კრიზისმა გამოიწვია პუტინის დაპირისპირება
ორ მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს სტრუქტურასთან. პუტინის პოზიციამ უცხოელი
ბიზნესმენები დააშინა და აიძულა, რუსეთში საკუთარი პოზიციებისთვის
გადაეხედათ.
ამასთან, დასავლეთის ბევრი ქვეყანა, პირველ რიგში, აშშ და
საფრანგეთი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს იმ ქმედებების გამო, რაც რუსეთმა
ჩაიდინა. ზოგ შემთხვევაში ისინი არწმუნებენ ბიზნესმენებს, რომ რუსეთში
ინვესტიციები არ ჩადონ”, - განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” მამუკა არეშიძემ.
|