[ნინო ლოლაძე] აგვისტოს მოვლენების გამოძიება - ეს ის მთავარი თემაა,
რომელიც არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ მთელ მსოფლიოში
აქტუალურია. ხელისუფლება პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს ანდობს
ყველაფრის შესწავლას, სიმართლის დადგენას საკუთარი ძალებით ცდილობენ
ქართველი ექსპერტები. ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ ომის დაწყების
ინიციატორად რუსეთი გამოცხადდება. ამ საკითხებზე “პრესა.გე” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ
მზად არის დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოებას იმის გამოძიებაში, თუ ვინ
და როგორ დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში. - პრეზიდენტის მხრიდან ამ
განცხადების გაკეთება ბუნებრივია, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. პირიქით,
უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, ომი რუსეთმა დაიწყო. კრემლმა ეს
გეგმა კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობამდე ერთი-ორ თვით ადრე შეიმუშავა.
ნიშანდობლივი იყო კოსოვოს ცნობის შემდგომ პრესკონფერენციაზე პუტინის მიერ
გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან
დაკავშირებით რუსეთს აქვს “საშინაო დავალებები”. მეორე დღიდან კი ამ
გეგმის რეალიზება დაიწყო. ამიტომ გვაქვს პრეტენზიები საერთაშორისო
თანამეგობრობის მიმართ. ყველა ნაბიჯით რუსეთი ცდიდა, თუ სადამდე შეეძლო
გასვლა. ანუ, დასავლეთის რეაქციის დაყოვნებამ რუსეთი გაათამამა? -
ცხადია. რუსეთი ერთ ნაბიჯს გადადგამდა და აკვირდებოდა, ამას რა რეაქცია
მოჰყვებოდა. დასავლეთიდან კი საპასუხოდ არაფერი ისმოდა. ერთ-ერთი
გადამწყვეტი ბუქარესტის სამიტი აღმოჩნდა. რუსეთისთვის ეს იყო პირდაპირი
სიგნალი, რომ გზა ხსნილია. ამის შემდეგ კრემლი მკვეთრ ნაბიჯებზე გადავიდა.
აპრილში, პუტინის ბრძანებით, დაიწყეს ინფრასტრუქტურის მომზადება. შემდეგ
რუსეთმა თვითაღიარებული რესპუბლიკებისთვის დსთ-ს მიერ დაწესებულ ბლოკადაზე
უარი თქვა, აფხაზეთთან აღადგინა საზღვაო მიმოსვლა. დაიწყო რკინიგზის
მშენებლობა და ამ მიზნით აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა. ამ რკინიგზით რეგიონში დიდი რაოდენობით შეიაღარება შეიტანეს,
მოამზადეს ინფრასტრუქტურა, ორივე მიმართულებით გამართეს სამხედრო
წვრთნები. ყველა ეტაპზე ჩვენ ადეკვატურ განცხადებას ვაკეთებდით და
საერთაშორისო თანამეგობრობას დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით იმაზე, რაც
კონფლიქტის ზონებში ხდებოდა. პირადად მე არა ერთხელ მითქვამს, რომ რუსეთი
ემზადება არა პროვოკაციებისთვის, არამედ პირდაპირი საომარი
მოქმედებებისთვის. ანუ იცოდით, რომ ომი იქნებოდა. ქართული მხარე ამ ომისთვის ემზადებოდა? -
რა თქმა უნდა, ემზადებოდა. სამხედრო ინფრასტრუქტურის მომზადება, ჯარის
აღჭურვა და სხვა, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან კრიტიკას იწვევდა,
გამოწვეული იყო სწორედ ამ საფრთხეების ზრდიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ამ
ნაბიჯებში შეზღუდულნი ვიყავით. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღის შესყიდვის
ბაზრების უმეტესობა დღემდე დახურული იყო. ელოდებით, რომ საქართველოსთვის აქამდე დახურული ბაზრები ახლა გაიხსნება?
- იმედია. თუმცა, არ ვგულისხმობ, რომ ყველა ბაზარს გაგვიხსნიან და
ყველანაირი შეიარაღების შესყიდვის უფლებას მოგვცემენ, მაგრამ ვფიქრობ,
საქართველოს მიმართ სამხედრო დახმარება განხორციელდება. ის ბაზრები,
რომელზეც ხელი მეტ-ნაკლებად მოგვიწვდებოდა, სრულად ვერ აკმაყოფილებდა
მოთხოვნებს და ეს გამოჩნდა კიდეც. დღეს ნათელია ყველასთვის, საქართველოს
რა დახმარებაც სჭირდება. საკმარისი რაოდენობით ჰაერსაწინააღმდეგო
სისტემები რომ გვქონოდა, ქართული ჯარი მოახერხებდა, მტერი ჩვენს
ტერიტორიაზე არ შემოეშვა. თუმცა, რუსეთი მოელოდა, რომ ჩვენ
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობით გვქონდა.
რუსულ საჰაერო ძალებს 2 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა
დაეძლიათ. აღნიშნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ომისთვის ემზადებოდა. ეგებ დააკონკრეტოთ, ემზადებოდა თავდაცვისთვის თუ თავდასხმისთვის? -
რა თქმა უნდა, თავდაცვისთვის ემზადებოდა. თვალს ვადევნებდით რუსეთის
ქმედებას და ვიცოდით, რომ თავდასხმითი ოპერაციები იქნებოდა დახმარება
მოსკოვისთვის, თავისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიეყვანა. საბრძოლო მოქმედებების
დაწყების მიზეზი არა ერთხელ გვქონდა. ჩვენ ომი თუ გვინდოდა, ეს ყველაფერი
პუტინის აპრილის დადგენილებისა და აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების შეყვანის
დროს უნდა დაგვეწყო. ჩვენი მხრიდან ასეთი ქმედება აბსოლუტურად გამორიცხული
იყო და მით უმეტეს, ცხინვალის რეგიონი სამხედრო მოქმედებების არეალად
არასდროს განიხილებოდა. ეს პრობლემა გაცილებით უფრო ცივილიზებული მეთოდით
გვარდებოდა.
ანუ, დარტყმას აფხაზეთიდან ელოდით? - არა მარტო ველოდით,
არამედ, როგორც ჩანს, რუსული ძირითადი გეგმაც ამ მიმართულების იყო და
შემდეგ რაღაც გაუგებრობის გამო შეიცვალა. საუბარი იყო, რომ კოდორს
დაარტყამდნენ და მთელი ქართული სამხედრო ძალის გადაქაჩვა სწორედ აქეთ
მოხდებოდა. და შემდეგ მეორე ფრონტი უკვე ცხინვალში გაიხსნებოდა. - მეორე ფრონტის გახსნა საჭირო აღარც იქნებოდა. პრაქტიკულად, რუსული სამხედრო ძალა წყნარად ჩამოვიდოდა თბილისამდე.
ხშირად ამბობდით, რომ საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოეგებაო. რატომ წამოეგეთ? -
საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციაზე ნამდვილად არ წამოგებულა.
პროვოკაციები მანამდე იყო, როცა ცალკეული დარტყმები ხდებოდა. მაგრამ როცა
სამი დღე-ღამის განმავლობაში შენს ტერიტორიას განუწყვეტლივ ბომბავენ, ეს
პროვოკაცია კი არა, სამხედრო შეტევაა, რომელზეც თუ სახელმწიფო ხარ, უნდა
უპასუხო. მაინც რა პასუხი გასცა ამ ომმა, არის საქართველო სახელმწიფო, შეძლო საკუთარი მოსახლეობის დაცვა? -
პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველომ შეძლო საკუთარი თავის
დაცვა არის ის, რომ მე და თქვენ ახლა პარლამენტის შენობაში ვართ და
ვსაუბრობთ, ასევე ოპოზიციაც ლაპარაკობს იმას, რაც სურს. ეს ნიშნავს, რომ
საქართველომ შეძლო თავის დაცვა. ეს არის ქართველი ხალხის არნახული თავდადების შედეგი. თუმცა,
ვერც იმას ვიტყვით, რომ ახლა დამარცხებული, ან გამარჯვებული ვართ. ახლა
ვართ პროცესში, რომელშიც ერთი წამითაც კი არ შეიძლება მოდუნება. ხშირად ამბობდით, რომ ჩვენ გვაქვს ძალა სათანადოდ ვუპასუხოთ რუსულ აგრესიას. აღმოჩნდა ეს ძალა საკმარისი? -
საკითხავია, საკმარისი რისთვის? ცხადია, სოჭს ვერ დავიბრუნებდით. ომის
შემთხვევაში ჩვენ დიდ მასშტაბს ველოდით, მაგრამ არა ისეთს, როგორითაც
რუსეთი დაუპირისპირდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. სახელმწიფო სწორედ იმისაა, რომ, როცა ომში შედის, ყველა შესაძლო ვარიანტი წინასწარ გათვალოს. -
ყველა ვარიანტი გათვლილი იყო და საფრთხეების შეფასების დოკუმენტში
ასახული, მაგრამ ყველაფერს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი ალბათობის
კოიფიციენტი. რაც მოხდა, ეს ვარიანტიც იყო განხილული, მაგრამ მიიჩნეოდა
ჰიპოთეტურ და დაბალი ალბათობისად. ბუნებრივია, რომ ყველაფერი ამაზე არ
აწყობილა. სწორედ აქ ხომ არ იყო შეცდომა დაშვებული? - ჩვენ ეს
ვარიანტი ყველაზე უმთავრესად რომ დაგვესახელებინა, მაინც ვერ შევძლებდით
ბოლომდე ადეკვატურ მომზადებას. ამასთან, ვფიქრობ, ყველამ ნახა, რა პასუხი
იყო გაცემული. საშუალება მქონდა, ქართული ჯარის შეფასებები რუსი
სამხედროებისა და გენერლებისგან მომესმინა. ისინი მეტწილად
თავზარდაცემულნი იყვნენ იმ პასუხებით, რომელიც ქართული ჯარისგან მიიღეს.
მათთან ურთიერთობის შედეგად აღმოვაჩინე, რომ სადესანტო ჯარების უმაღლესმა
სარდლობამ არც კი იცოდა იმ შეიარაღების არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენ
შეიარაღებაში გვქონდა. რუსებს სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ და ძალიან
დიდი რაოდენობით ტექნიკა გაუნადგურდათ. ჩვენ რუსების 16 თვითმფრინავი და 3
ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ. ასეთი დანაკარგი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ არ
ჰქონიათ. ეს მოხდა ძალიან მწირი რესურსებით, მაგრამ ძალიან გამართული
მუშაობის შედეგად. ქართულმა არტილერიამ სამაგალითოდ იმუშავა. ქართველმა
სამხედრო მოსამსახურეებმა გამოავლინეს არა მარტო გმირობა, არამედ
პროფესიონალიზმის სერიოზული ხარისხი. ამ შთაბეჭდილების ქვეშ არის რუსული
ჯარი. ქართველ სამხედრო ექსპერტებს აინტერესებთ, ქართულმა ჯარმა
პოზიციების დატოვების შემდეგ რატომ არ გაანადგურა ის იარაღი და სამხედრო
ტექნიკა, რომლის წამოღებაც ვერ მოხერხდა? - საგულისხმო ის გახლავთ, რომ ნაწილი იმ შეიარაღებისა, რომელიც წაიღეს, გზაში ჩვენს მიერ იყო აფეთქებული ან გაფუჭებული.
ამ ომის შემდეგ რუსულ ჯარში სერიოზული გადაადგილებები მოხდა,
მაღალი რანგის სამხედრო ჩინოსნები მოხსნეს, მაშინ როცა ქართულ ჯარში
მხოლოდ დაბალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებზე მოხდა ხელის შეწმენდა.
საუბარია, რომ 2 ათასამდე პირია დაჭერილი. - ჯარში დაჭერებზე
ლეგენდები დადის. გავრცელებული ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა,
დაპატიმრების ერთეული შემთხვევები იყო არა მარტო სამხედრო ძალებში, არამედ
სამოქალაქო სტრუქტურებშიც. იყო პირდაპირი ღალატის, კოლაბორაციონიზმის
ფაქტები და ეს ხალხი შესაბამისად დაისჯება. გადაადგილები მოხდა გენშტაბშიც. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ომი
წავაგეთ და ამიტომ ყველა უნდა მოიხსნას. პასუხისმგებლობები არის ჯარში.
რაღაც ნაწილმა უკეთ იმუშავა, რაღაცამ სუსტად, რაღაცამ უარესად.
შესაბამისი ანალიზი მეორე-მესამე დღიდანვე დაიწყო. აღნიშნეთ, რომ ახლა არც დამარცხებული ვართ, არც გამარჯვებული,
მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსული ჯარის მიერ არის
ოკუპირებული. რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? - ქართულ
სოფლებს რუსები დატოვებენ და აქ საერთაშორისო დამკვირვებლები
განლაგდებიან. თუმცა, ასევე უნდა ველოდოთ, რომ რუსები ამ კონტიგენტს
უშუალოდ კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. სწორედ აქეთ უნდა
იყოს მიმართული ჩვენი დიპლომატიური მოღვაწეობის ძირითადი ფრონტი.
დასავლეთი არ უნდა დამშვიდდეს იმის გამო, რომ საქართველოს დანარჩენი
ტერიტორია გათავისუფლდება რუსეთისგან, მთავარია, კონფლიქტის ზონებში
მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლა.
|