პარასკევი, 2024-11-22, 2:58 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში: ძროხის ენა არაჟნით (ქართულად)

დიტო გელოვანი. გაზეთი ”ვერსია”]

ამომრჩეველთა იმედებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთმა ღრრრრმაააადპატივცემულმა ორგანომ - საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა დაიწყო სახელწოდების გამართლება. სუახილის ენაზე ხომ “პარლამენტი” სალაპარაკო ადგილს ნიშნავს. ბევრი ილაპარაკეს და გამართლებაც ამას ჰქვია. ლაპარაკობდნენ ერთად და ცალ-ცალკე, მანამდე და შემდეგ, სხდომების დროს, შესვენების დროს, უდროო დროს...

რაც მთავარია, თქმა და განხორციელება ერთი იყო. მიშამ უთხრა, დავაფურთხებ და სანამ გაშრება, კომისია შექმნილი უნდა იყოსო. ასეც მოხდა – შექმნეს. მიშამ ისიც უთხრა, ევროპაში თავი არ მომჭრათ, კომისიის ხელმძღვანელად “ნაციონალი” არ დანიშნოთო და ესეც შეუსრულეს. მიშამ ურჩია, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პირობა დაადებინეთ, ისე არ დანიშნოთ, არ დამღუპოთო. როგორც მიშამ თქვა – ისე მოხდა.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით გახორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პირობა დადო.

დავითაია, წესით, გახარებული უნდა იყოს. ეს მისი პირველი კომისიაა, რომელსაც თავმჯდომარეობს და, თან, დებიუტშივე ამსიგრძე დასახელება აქვს. ეს იმას ჰგავს, 18 წლის პროვინციალ ჭაბუკს სოფლის გუნდიდან პირდაპირ ნაკრებში რომ შეიყვანენ და პირველივე მატჩში დუბლს რომ გაახერხებს. დავითაიას აუცილებლად დავხვდები პარლამენტთან და ავტოგრაფს გამოვართმევ. და, საერთოდ, დღეიდან მე მას ვუწოდებ არა “დავითაიას”, არამედ “თვით დავითაიას”. ჯერ ერთი, დიდი კაცია და იმიტომ, მეორეც – მის პარტიას ჰქვია “ჩვენ თვითონ”. პარტია არის ერთკაციანი, ანუ – თვითონ. და რადგან ეს ერთი კაცი თვითონ დავითაიაა, ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ის არ არის უბრალოდ დავითაია, ის არის თვით დავითაია!!! მან ცხოვრებაში ყველაფერს თვითონ მიაღწია, წესით პარტიისთვის “მე თვითონ” უნდა დაერქმია, მაგრამ ხალხი შეეცოდა – იტირებენო.

გასულ კვირაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია - “პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ქვეყანაში გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანის აკრძალვის მომხრეა”. მისი თქმით, იგი ამ საკითხში კარგად ერკვევა და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ასეთი თესლის იმპორტი საერთოდ აიკრძალოს.

მცირე-მიშა, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი ჩვენს თვალწინ იზრდება. აქამდე ყველანაირ თესლს – გენმოდიფიცირებულსაც და არაგენმოდიფიცირებულსაც – თავგამოდებით იცავდა.

თესლს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს დანარჩენმა კანონმდებლებმაც და ,,კარტახენას ოქმის” რატიფიცირება მოახდინეს. 101 დეპუტატი მომხრე იყო, 1 – წინააღმდეგი. ამ ერთს, ალბათ, ისე დაკვირვებით არ ჰქონდათ წაკითხული “კარტახენას ოქმი” როგორც დანარჩენებს. დავით ბაქრაძემ კი კენჭისყრა “ისტორიულად” შეაფასა. ეს ის ბაქრაძეა, ხალხს რომ მოუწოდებდა, ჩაის კოვზები და ჩანგლები აისხით, მტერი არ გაახაროთო.

მერე, შესაძლოა, დამავიწყდეს და ამიტომ ერთ იაპონურ ამბავს ახლავე გეტყვით: იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აირჩია – მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ტარო ასო დაინიშნა. პარლამენტის სხდომაზე ტარო ასოს მხარი 337-მა დეპუტატმა დაუჭირა. მთავარი ოპოზიციური ”დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა იტირო ოძავამ 117 ხმა მიიღო.

ასე რომ, იაპონიის მთავრობას ასო უხელმძღვანელებს. ახლა, სხედან იაპონელები და ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში ახალი სიტყვა თქვეს. გავაწბილებ და ვეტყვი, რომ “მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა” და მანამდეც, საქართველოს მთავრობაში სულ ასოებს მიჰყავთ პარადი, თან, უბრალო ტარო-ასოებს კი არა, არამედ – ასომთავრულებს. ტარო ასო – რას არ გაიგებ კაცი... იტირო ოძავაც ძაან მაგარია. პარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებ, სულ იტირო ოძავა მახსენდება.

პარლამენტიდან კარგი ამბებიც მოდის. მაგალითად, ასეთი: “ახალი საკანონმდებლო ორგანო წინა მოწვევის პარლამენტის მანკიერი თვისებების აღმოფხვრას გეგმავს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დღევანდელი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტში ხშირად ხდებოდა ხოლმე სხვისი პულტების გამოყენება და ამ პრაქტიკის აღმოფხვრას ის ახალ პარლამენტში შეეცდება. ასევე, დეპუტატები დაისჯებიან, თუ ისინი სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ”. და, იქვე გაირკვა, რომ სექტემბერში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის 12 დეპუტატი დაისაჯა – ხელფასი ჩამოაჭრეს. “ერთხელ 19 000 დავზოგეთ პარლამენტის ბიუჯეტში და ახლა რეკორდის მოხსნას ვაპირებთ”, - ამაყად დასძინა მიხეილ მაჭავარიანმა.

მე სხვა რეკორდი მახსენდება. 2000 წლის 9 აპრილს მიხეილ მაჭავარიანმა დააფიქსირა, რომ მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 123,14 პროცენტმა და ყველამ ხმა ედუარდ შევარდნაძეს მისცა. მახსოვს, რა გახარებულები იყვნენ სააკაშვილი, გოგორიშვილი, ტყეშელაშვილი, ბარამიძე... ყველანი, სულით - მოქალაქეები, ხორცით – ნაციონალები და ბურჯანაძე-დემოკრატები. მაშინ გიორგი თარგამაძე ასლან აბაშიძის 224,15 პროცენტით ხარობდა.

დავით ბაქრაძემ კოლეგები ჯერ ჩაწიხლა, ხოლო შემდეგ მადლობა გადაუხადა “დევნილების დახმარების მიზნით, პარლამენტის დაფინანსების 2 მილიონი ლარით შემცირებისთვის”. ერთხელ, პარლამენტის წევრებმა სისხლი რომ ჩააბარეს, მაშინ ვერ გავიგე, ვისი სისხლი ჩააბარეს. არც ახლა ვიცი, ამ 2 მილიონიდან რამდენია პარლამენტის აპარატის გასაცოდავებული თანამშრომლების წილი. დეპუტატები თვითონ რომ არ მოიჭრიდნენ კუდებს, ცხადზე უცხადესია. ენები და კუდები რომ არ ჰქონეთ, ვირთხები წაიყვანდნენ.

უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველო გაბრწყინდება. უკვე შეიქმნა კომპეტენტური და კვალიფიცირებული პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც ყველაფერს მიხედავს. საქართველოს გაბრწყინებისთვის აუცილებელი მთავარი ნაბიჯი საბჭომ გასულ კვირაში გადადგა, როდესაც პარტიების დაფინანსების საკითხი განიხილა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გია თორთლაძემ განაცხადა, შეთანხმდნენ რომ დაფინანსება ყველა იმ პარტიას აღუდგება, რომელთაც ახალი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეუწყდათ.

გარემოს დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს თანამშრომლებმა ხუთწლედის მესამე, დამკვრელური წლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს და ქვეყანას მისცეს წაბლისა და ცაცხვის ჯიშის დახერხილი 8 კუბური მეტრი ფიცარი. მანმადე, ფიცრების მეპატრონე ვინმე მევლუდ კოკაია იყო. ახლა ეს ფიცრები სრულიად საქართველოს ეკუთვნის. თუ გარემოს დაცვის ინსპექციამ ასე გააგრძელა, საქართველოს თითოეული მოქალაქე თავის წილ ოთხ ფიცარს სიცოცხლეშივე მიიღებს.

რაც შეეხება ფიცრებს. გასულ კვირაში დაიწყო აღმშენებლობითი პროცესი, რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ ხორციელდება. საომარი მოქმედებებით დაზარალებული მოსახლეობისათვის სულ 1375 სახლი შენდება. საინტერესოა, რომ მშენებლობის პროცესის ზედამხედველობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ანუ, ათასობით ადამიანის აყრას, მამაპაპური სახლების დაწვას და სანაცვლოდ უბადრუკი ხუხულების მშენებლობას, როგორც ჩანს, “მუნიციპალური განვითარება” ჰქვია. ხვალვე წავალ, “ნაციონალური კატასტროფის ფონდს” დავარეგისტრირებ. განვითარებისა და აღმშენებლობის ფონდების ნდობა საბოლოოდ მაქვს დაკარგული.

გასულ კვირაში მცირედ აქტიურობდა ცნობილი ქართველი სანდო კაცი და საზოგადო მოღვაწე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია. ისე, მაინტერესებს, რატომ ეწოდება ამ “ორგანიზაციას” “ქართული დასი”, როდესაც ერთი მსახიობის თეატრს უფრო წააგავს?

ჯონდიმ სამ საკითხში გამოიჩინა კოლორიტული თავი: სტუდია “მაესტროზე” დებატების შეწყვეტა “ინტელექტუალურ შეცდომად” შეაფასა; ცოტნე გამსახურდიას გათავისუფლებას მიესალმა და ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა; დანარჩენ ოპოზიციას შესთავაზა, რომ შუალედურ არჩევნებზე ვაკესა და დიდუბეში კანდიდატებზე შეთანხმდნენ - თუ დანარჩენი ოპოზიცია დიდუბეში კანდიდატს აღარ დაასახელებს, მაშინ კანდიდატის დასახელებაზე ის უარს ვაკეში იტყვის.

ის, რაც მიშამ გაეროში ილაპარაკა (“საქართველოში ვარდების რევოლუციის მეორე ტალღა იწყება), ჩვენ ბოლომდე ვერ გავიგეთ, მაგრამ ბაქრაძემ გაგვაგებინა: “ტერმინი “ვარდების რევოლუცია” ფიგურალური გამოთქმაა და ქვეყანაში რეფორმების ახალი ტალღის დაწყებას, ქვეყანაში დემოკრატიის უფრო მეტად გაძლიერებას, სასამართლო ხელისუფლების და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას, მედიის მეტ თავისუფლებასა და მთელი რიგი პრობლემების მოგვარებას ნიშნავს”.

მე მედიის საკითხები მაინტერესებს და ახლა უკვე ვხვდები, რომ თუ ვარდების სიყვარულის პირველ წელს 3 ტელეკომპანია და 4 თოქ-შოუ დაიხურა, ახლა, მეორე ტალღის დაწყებისთანავე დაიხურებიან სპორტული გაზეთებიც და მათთან ერთად აიკრძალება “ბაბილინაც”, რომლის ნაცვლადაც გავა “უგულავას პენალტები”.

გასულ კვირაში გადაწყდა, რომ შეიქმნება რუსული აგრესიის მუზეუმი. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ მუზეუმად ქალაქ გორში მდებარე სტალინის სახლ-მუზეუმი გადაკეთდება. დღეს ორშაბათია, არ მაქვს სპექტაკლი, მაგრამ, სამაგიეროდ, მაქვს იდეა – სტალინის ძეგლი სააკაშვილის ძეგლად გადავაკეთოთ.

აწი, რაღა გადააკეთებს ელდერ კვერნაძეს? თუმცა, სჯობს ჩემს სააგენტოელ და-ძმებს მოვუსმინოთ: საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობას “მეგობრულ შენიშვნებს” აძლევს და ურჩევს მხოლოდ პრობლემებზე არ გაამახვილონ ყურადღება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ელდარ კვერნაძემ გააკეთა და უმცირესობას თხოვნით მიმართა, “მეგობრული შენიშვნა არ ეწყინოთ”.

საპარლამენტო უმცირესობამ დღევანდელ სხდომაზე პენიტენციალურ სისტემის, სტიქიის, განათლების და ბაგა – ბაღების პრობლემებზე ისაუბრა.

ელდარ კვერნაძის აზრით კი, როდესაც ოპოზიცია პრობლემებზე საუბრობს, საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილობა, რომ ეს პრობლემები გადაუჭრელია და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. დეპუტატს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ პრობლემებზე მეტად გაკეთებულ საქმეებზე უნდა ისაუბროს და შენიშვნები მხოლოდ სურვილების სახით დააფიქსიროს”.

წმინდაო ედუარდ, რა ასწავლე ამ ხალხს ამისთანა?!

ახლა, ტელეტაიპს გადავხედოთ: “საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ახვლედიანის შეფასებით, თავმოყვარე სახელმწიფო სტიქიის წინაშე უძლური არ უნდა იყოს”; “საპარლამენტო უმცირესობის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ეკონომიკის სამინისტროსგან ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას ითხოვს”. “საპარლამენტო უმცირესობის წევრი მაგდა ანიკაშვილი დემოკრატიული რეფორმების სათითაო მოქალაქისთვის გატარებას ითხოვს”; “ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებისგან დევნილთა საბანკო სესხების დაფარვას ითხოვს”...

ყველა რაღაცას ითხოვს, ყველას რაღაც უნდა. ზოგი ითხოვს და იღებს კიდეც. აი, მაგალითად: “ქრისტიან-დემოკრატები” აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე ხმების 30% -ზე მეტის აღებას ვარაუდობენ. როგორც ”ქრისტიან-დემოკარტებში” განმარტავენ, ამ ოდენობით მათ საბჭოში ოთხი დეპუტატის გაყვანის შესაძლებლობა ექნებათ”.

ბოლო ბანაობა: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მესაზღვრეებმა საკონტროლო-გამტარ პუნქტზე “ვალე” სომხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასა და თურქეთში გასვლას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა”.

როგორც იქნა, მიმოხილვა ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულე. ასეთი სასიამოვნო ამბები არ მოკლებოდეს საქართველოს და მთეეეეელ მსოფლიოს.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 713 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz