[კახა კაციტაძე] ამ წერილში შევეხებით იმას, თუ რამდენად იყო ჩვენი
ჯარი და, საერთოდ, თავდაცვითი სისტემა ჰაერში რუსების გაბატონების
პირობებში მოქმედებისათის. მოწინააღმდეგის ჰაერში ბატონობის დომინირების
უბრალოდ, ფაქტად მიჩნევა და საკუთარი შესაძლებლობის გაძლიერების ნაცვლად
არაფრის კეთება ყოვლად გაუმართლებელი პოლიტიკაა. ცნობილია, რომ “ცივი ომის” პერიოდში შვეიცარიამ მოახერხა შეექმნა
სამოქალაქო თავდაცვის უნიკალური სისტემა, რომელიც მობილიზაციის შემდეგ 450
ათას მებრძოლს ითვლიდა და რომელიც ბირთვული ომისას მოახერხებდა
მოსახლეობის 80 პროცენტის და ცხოვრების უზრუნველყოფის საშუალებების
უდიდესი ნაწილის გადარჩენას. ამ სისტემის შექმნისას შვეიცარელებს თავში
აზრად არ მოსვლიათ ეთქვათ: “ეეჰ ბირთვული ომია, მოწინაარმდეგეს არაბირთვულ
შვეიცარიაზე ყოველთვის ექნება უპირატესობა და ამიტომ არაფრის გაკეთება არ
არის საჭიროო”. თუმცა, რაღა შვეიცარელებზე ვლაპარაკობთ? ისეთი ჩამორჩენილი
ქვეყანა ავიღოთ როგორიცაა ეთიოპია. 1935-36 წლებში იტალიასთან ომის დროს
ეთიოპიამაც კი მოახერხა სპეციალური ინსტრუქციის გაცემა ჯარისათვის,
რომელიც მარცხს განიცდიდა იტალიელების აბსოლუტური ბატონობის გამო ჰაერში
(350-ათასიანი ეთიოპიური არმიის უდიდეს ნაწილს შუბოსნები და მოისრები
შეადგენდნენ). სახელდობრ, ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე-სელასიეემ
მთავარსარდალს, რას (ეთიოპური ტიტულია, დაახლოებით იმასვე ნიშნავს, რასაც
ძველქართული ”ერისთავი”) კასსას გაუგზავნა ინსტრუქცია, როგორ ემოქმედათ
ეთიოპელ ჯარისკაცებს ჰაერში იტალიის ავიაციის ბატონობის პირობებში: - “ავიაციისგან თავდაცვის მიზნით ვბძრძანებ: 1. კარვები, სადაც
განთავსდებიან ჯარისკაცები, გაიშალოს გამოქვაბულებში, ხეების საფარქვეშ ან
ტყეში. 2. როდესაც დაინახავთ აეროპლანს, უნდა გადახვიდეთ დიდი, კარგად
შესამჩნევი გზიდან ან გაშლილი მინდვრიდან და გაჰყვეთ ვიწრო ხეობებს,
მიხვეულ-მოხვეულ გზებს, აგრეთვე სანგრებს (ეთიოპებს სანგრების განტოტვილი
ქსელი ჰქონდათ, რომელიც კილომეტრებზე იყო გადაჭიმული. კ.კ.) და სცადეთ
მაქსიმალურად ახლოს იყოთ ტყესთან. 3. ბომბების დაშენისას თვითმფრინავი
დაბლა ეშვება, ამ დროს მათ გრძელი თოფებიდან ზალპით უნდა ესროლოთ
(ეთიოპები “გრძელ თოფებს” შაშხანებს ეძახდნენ, განსხვავებით ფილთა
თოფებიდან, რომელიც მათი ცეცხლსასროლი შეიარაღების უმრავლესობას
წარმოადგენდა და უვარგისი იყო ავიაციასთან საბრძოლველად. კ.კ.). 4.
სიმაღლის აკრებისას თვითმფრინავი აფიქსირებს თქვენი რაზმის მდგომარეობას,
ამიტომ ამ დროს უმჯობესია დაქსაქსვა. მიზანშეწონილია, გეცვათ არამყვირალა
ფერის სამოსი, ვინაიდან ჰაერიდან იოლად ჩანს ოქრო-ვერცხლით გაწყობილი
აბრეშუმის სამოსი ან ფერადი ფარები”. ეთიოპები გმირული წინააღმდეგობის შემდეგ დამარცხდნენ, მას
შემდეგ, რაც იტალიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. მაგრამ ეს მათი ისტორიის
პრობლემაა. მე კი, როგორც ქართველს, რომელსაც მინდა ყველამ გავიაზროთ,
რატომ დავმარცხდით ომში (რათა მომავალ ომებში მაინც აღარ დავმარცხდეთ),
შემიძლია მხოლოდ გულისტკივილით ვთქვა: რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი (თუ
ვცდები, წინასწარ ვიხდი ბოდიშს და გამისწორონ), ჩვენს ჯარს არ მიუღია
არავითარი ინსტრუქცია, ბრძანება თუ მითითება, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ
მეომრები ჰაერში მოწინააღმდეგის ბატონობის ვითარებაში. არადა ასეთი
დოკუმენტი ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ
ხელმძღვანელობას წინასწარ აქვს მომზადებული. ნუთუ, 21-ე საუკუნის განათლებული საქართველოს
სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ის ვერ შეძლო, რაც მე-20 საუკუნის
პირველ ნახევარში მოახერხა წერა-კითხვის უცოდინარი შუბოსნების არმიის
მქონე ეთიოპიის სამეფო კარმა? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში 18-დღიანი
რეზერვისტების მომზადების პროგრამაში ნამდვილად არ შედიოდა კურსი, თუ
როგორ მოქცეულიყვნენ მოწინააღმდეგის ჰაერში ბატონობისას. ცხინვალის რეგიონში და დასავლეთ საქართველოში მოქმედ ჩვენს
შეიარაღებულ ძალებს არ მიუღიათ არავითარი ნორმატიული ხასიათის
სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორ ემოქმედათ მოწინააღმდეგის ჰაერში
ბატონობის პირობებში. ყოველ შემთხვევაში, თუ ასეთი ბრძანება არსებობს,
თავდაცვის უწყება ძალიან დაგვავალებდა თუ საზოგადოებას გააცნობდა მის
შინაარსს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ყველაფერი სამხედრო საიდუმლოებაა და
ასეთი დოკუმენტის გამოქვეყნება (თუ, რასაკვირველია, ის ბუნებაში საერთოდ
არსებობს) მტრის წისქვილზე დაასხავს წყალსო, სასაცილოა იმ მარცხის შემდეგ,
რაც განვიცადეთ. ამას გარდა, აუცილებლად იქნება გასარკვევი, შედიოდა თუ არა
პროფესიული კონტრაქტით მომსახურე ნაწილების მომზადების პროგრამაში კურსი,
რომელიც მებრძოლს და დანაყოფს ჩამოუყალიბებდა ჰაერში მოწინააღმდეგის სრული
ბატონობის პირობებში მოქმედების უნარ-ჩვევებს. რაც შეეხება რეზერვისტებს, აქ ყველაფერი ნათელია. მათი
თვრამეტდღიანი მომზადების პროგრამა მთლიანობაში ტაქტიკას სულ სამ დღეს
უთმობდა და გასაგებია, რომ ამ პერიოდში რეზერვისტი ვერ მოახერხებდა
ჰაერიდან თავდაცვის მინიმუმისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებასაც კი.
შესაბამისად, ფრონტის ხაზზე ყვითელი ავტობუსებით გაგზავნილი ჩვენი
რეზერვისტები ჰაერიდან შეტევებისას უფრო დაუცველებიც კი იქნებოდნენ ვიდრე
წინა საუკუნეში იტალიელებთან მებრძოლი, შუბებითა და ფარებით აღჭურვილი
ეთიოპელი ჯარისკაცები. ასეთ პირობებში იმ პირების მიერ მიტოვებულმა
რეზერვისტებმა, რომლებიც მათი მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ (მეთაურების
მიერ რეზერვისტების მიტოვების ფაქტს მრავალი საინფორმაციო წყარო
ადასტურებს) შესაშური თვითორგანიზება მოახერხეს და შედარებით ნაკლები
დანაკარგები განიცადეს (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ინფორმაციის
თანახმად). ამრიგად, არმიას და მის შემადგენელ ორივე ნაწილს - რეგულარულ
ძალებსაც და რეზერვსაც - არ ჰქონდა მიღებული არც სათანადო მომზადება და
არც სათანადო ინსტრუქციები, რათა ემოქმედათ იმ სიტუაციაში, რომელშიც
სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წყალობით აღმოჩნდნენ. ამან კი,
არმიაში მსხვერპლის ოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. სრულიად გაუგებარია, რატომ არ აღმოაჩნდა ქართულ ჯარს და რატომ არ
იქნა გამოყენებული შენიღბვის საშუალებები. გავიხსენოთ: სადამ ჰუსეინიც კი
ახერხებდა ზეთანამედროვე ამერიკული ავიაციის დაზვერვის მოტყუებას
ტანკებისა და რაკეტების ფანერის ან გასაბერი იმიტატორებით. ვფიქრობ, ვარაუდი, რომ ჩვენს ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ
ჰქონდა ასეთ საშუალებათა არსებობაზე და იმაზე, რომ მათ მნიშვნელოვნათ
შეეძლოთ პირად შემადგენლობაში მსხვრეპლის შემცირება, საფუძველს არ არის
მოკლებული. სრულიად გაუგებარია, რატომ არ გაკეთდა ტრანშეების სისტემა,
რასაც წინა საუკუნის დასაწყისში ეთიოპებიც კი ახერხებდნენ და რასაც
მნიშვნელოვნად შეეძლო შეემცირებინა ჩვენი ბიჭების დანაკარგები. სანგრების
სისტემა თავისთავად თუნდაც იმიტომ გახდა შესაქმნელი, რომ საქართველოს
სამხედრო-პოლიტიკური ოპერატიული თვალსაზრისით ცხინვალისათვის ბრძოლაში
სრულიად გაუმართლებლად ჩაება. რუსების ჩარევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ
ცხინვალთან ძლიერი თავდაცვითი ზღუდის შექმნა მოგვიწევდა (თუ,
რასაკვირველია, ხელისუფლება წინასწარ არ აპირებდა კაპიტულირებას, რასაც
ზოგიერთი მისი ოპონენტი ამტკიცებს). სრულიად გაუგებარია, რატომ არ შეიძინა და არ გამოიყენა
საქართველომ რადიოელექტრონული ბრძოლის და ჩახშობის საშუალებები, რათა
რუსეთის არცთუ თანამედროვე ავიაციისათვის შეეზღუდა მოქმედების თავისუფლება
და, საერთოდ, რატომ მოხდა, რომ ჩვენმა ბიჭებმა ჰაერში მოწინააღმდეგის
ბატონობის მიუხედავად ცხინვალის რეგიონში საკმაოდ ეფექტიანად იბრძოლეს
მანამ, სანამ სანამ ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება არ მიიღეს, ხალო დასავლეთ
საქართველოში მთელი დანაყოფები ისე გაერიდნენ პოზიციებს, რომ
მოწინააღმდეგეს არ დასჭირვებია ჰაერში თავისი ბატონობის არათუ გამოყენება,
არამედ დემონსტრირებაც კი. აღარფერს ვიტყვით იმაზე, რომ მოწინააღმდეგემ
მოახერხა ჰაერიდან მხარდაჭერის გარეშე დაეტყვევებინა საქართველოს მთელი
ფლოტი. ომმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შექმნა
სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ჩანასახიც კი. მოსახლეობა აბსოლუტურად არ
იყო ინსტრუქტირებული, რა უნდა გაეკეთებინა საჰაერო დაბომბვებისას. არ იყო
განსაზღვრული ევაკუაციუის გეგმები და მარშრუტები (როგორც პარლამენტის
თავმჯდომარემ “კვირის ქრონიკას” განუცხადა, საერთოდ არავითარი გეგმები არ
ყოფილა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ომიანობისას), რამაც არა მხოლოდ გაზარდა
მსხვერპლი ლტოლვილებში, არამედ დამატებითი საყოფაცხოვრებო პრობლემებიც
შეუქმნათ მათ, ვინაიდან არ იყვნენ ინსტრუქტირებულნი, თუ რა უნდა წაეღოთ
თან საცხოვრებლის დატოვებისას. რასაკვირველია, ამ სტატიაში ჩამოთვლილი ღონისძიებები მთლიანად
ვერ გააბათილებდა ჰაერში რუსების ბატონობის ეფექტს, მაგრამ მნიშვნელოვნად
შეამცირებდა ჩვენს დანაკარგებს. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ოთხი წერილი, ვფიქრობთ, დანამდვილებოთ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას რომ: • საქართველოს შეეძლო ასე კატასტროფულად არ დამარცხებულიყო მასზე თითქმის სამჯერ ნაკლებ მოწინააღმდეგესთან; •
ადეკვატური, გეგმიერი და კომპეტენტური თავდაცვითი პოლიტიკის პირობით
საქართველოს შეეძლო ეომა ისე, რომ რუსული ავიაციის უპირატესობა არ
გადაქცეულიყო ომის ბედის კატასტროფულად გადამწყვეტ ფაქტორად. •
ომისათვის ხელისუფლების მიერ სათანადოდ მომზადების შემთხვევაში როგორც
სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი
შეიძლებოდა ბევრად ნაკლები ყოფილიყო, ხოლო სამხედრო მოქმედებები ისე
წარმართულიყო, რომ ეთნოწმენდის მასშტაბებს მაინც არ ჰქონოდათ ესოდენ
შემზარავი ხასიათი. P.S. სტატიების პირველ სერიალში, ვფიქრობთ,
ვაჩვენეთ, რომ საქართველოს სამხდრო კატასტროფა არ განუცდია იმ მიზეზების
გამო, რომლებზეც ხელისუფლება ლაპარაკობს. Mმარცხის მიზეზი ხელისუფლების
არაკომპეტენტურ მოქმედებებშია საძიებელი, რომელმაც წლების განმავლობაში
არაფერი გააკეთა (თუ თავდაცვისათვის გამოყოფილი ასეულობით მილიონი ლარის
წყალს გატანებასა ან მოპარვას არ ჩავთვლით). სტატიების სერიის მეორე
ნაწილი მიეძღვნება იმას, თუ რა კეთდებოდა ან, უფრო ზუსტად, რა არ
კეთდებოდა სამხედრო აღმშენებლობის სფეროში და რატომ მოხდა, რომ
ტელეეკრანებზე ესოდენ ეფექტური არმია, რამდენიმე დღეში დამარცხდა.
შევეხებით იმას, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამის თავიდან ასაცილებლად. და,
ბოლოს, მხოლოდ ნეგატივით რომ არ შემოვიფარგლოთ გადმოგცემთ ჩემს სუბიეტურ
მოსაზრებას იმაზე როგორი არმია სჭირდება საქართველოს. ვფიქრობთ ამ
საკითხზე დისკუსიის დაწყება ნამდვილად საშური საქმეა.
|