პარასკევი, 2024-11-22, 8:51 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

მეოცნებენი

[როზი ჯღამაია]
რუსეთი საქართველოსთან ომით არ კმაყოფილდება, თურქეთს თავისკენ იბირებს, სომხეთს აქეზებს, აზერბაიჯანს აშინებს, ირანს აიმედებს და ევროკავშირთან ჭიდაობს.

მოკლედ, კავკასიაში ძალაუფლების განსამტკიცებლად, რუსეთი რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის. თუმცა, არც ამერიკა ზის გულხელდაკრეფილი, რაც დიკ ჩეინის კავკასიში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, შედეგებზე საუბარი მაინც ნაადრევია, რადგან სანამ პუტინი ბოლომდე არ ”გახსნის კარტებს”, არავინ იცის რას მოიმოქმედებს დასავლეთი.

როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, ქართული გენეტიკური ამბიცია რასაკვირველია დევს მცდელობაში, რომ მსოფლიო ცხინვალის გადანაწილების პარალელურად გადანაწილდეს, მაგრამ გადანაწილებაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი თუ პუტინი ღიად ამოალაგებს თავის ”დომაშნიე ზაგადოვკი”-ს და აპრილში დაწყებული მუქარის შესრულების საშუალება მიეცემა.

- ”პუტინისთვის ომი მიზნის მიღწევის საშუალება იყო. ამიტომ, რაც უფრო მალე დაანახვებს მსოფლიოს თავის ზრახვებს, მით მალე გაკოტრდება და კონტრზომების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნებს საერთაშორისო თანამეგობრობას”, -ამბობს ექსპერტი.

ის, რომ პუტინის ერთ-ერთი ამოცანა საქართველოს გეოსტრატეგიული ფუნქციის დაკნინება და მის მიმართ დასავლეთის ინტერესის განელება იყო, კამათს არ იწვევს.

თუმცა, რუსეთი იმდენად უგუნურად მოიქცა, რომ ამაზე უკეთეს გამოსავალს საქართველოს ხელისუფლებისთვის ვერავინ მოიფიქრებდა.

- ”რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებას, საერთაშორისო მასშტაბით, თავის მართლების ნაცვლად, შეტევის საშუალება მისცა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ზღვარგადასული იმპერიალისტური ბუნება პუტინისა და არ ვიცი მისი რა არის, მაგრამ გვარად არის მედვედევი,” - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

ასეა თუ ისე, ის შემოტევები, რაც რუსეთმა განახორციელა, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ცალკეული ქვეყნების მტკივნეულ წერტილებზე იყო გათვლილი. რაც შეეხება თურქეთს, მისი როლი კავკასიაში, ჩვენზე უკეთ რუსეთმა გამოიყენა - ქვეყანას მეტი ამბიციის პერსპექტივა დაუსახა და ლამის ლანგრით მიართვა შეურიგებელი სომხეთი.

რუსეთის გათვლებით, თურქეთისა და სომხეთის შერიგება მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქართველოს სომხეთით ჩანაცვლების პერსპექტივას. კავკასიაში საქართველოს ლიდერობის ფუნქიის დაკარგვა კი, მსოფლიოში გადანაწილების ახალ პროცესებს ალბათ, მართლაც მისცემს ბიძგს, რადგან ეს რუსეთის გავლენას უფრო გააძლიერებს. თუმცა, ეს მხოლოდ რუსეთის სურვილებია, რომლის ახდენას წინ უამრავი პრობლემა ეღობება.

რუსეთის გეგმაში არც ირანის როლია უგულებელყოფილი, მაგრამ ამერიკის დაუძინებელი მტრის ახალ გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა კიდევ უფრო მეტი დილემის წინაშე დგას.

რუსეთი აზერბაიჯანსაც აშანტაჟებს, რითაც ოფიციალური ბაქო საგონებელს მისცემია და ჯერ ვერ გადაუწყვეტია რა დათმოს და თამაშის რომელი წესები მიიღოს რუსეთისგან.

ცოტა ხნის წინ რუსეთ-თურქეთის მოჩვენებითი კინკლაობაც არადამაჯერებლად გამოიყურება და რომ არა კავკასიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ვიზიტი, შესაძლოა, თურქეთი ახალი თავსატეხი გამხდარიყო საქართველოსთვის.

გარდა ამისა, არც თურქეთისთვისაა მარტივი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ”დამოყვრება”, რადგან აქაც მრავალი ხელიშემშლელი ფაქტორია. ეს კი, ერთგვარად იმედის მომცემი უნდა იყოს საქართველოსთვის.

სომხური ლობი და რუსული თამაშები
სომხეთ თურქეთის ამბავი დიდი ხანია მწიფდება, რაც სომხური ლობის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. პუტინის სურვილს კი, სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს, უწერია თუ არა ახდენა არავინ იცის, მაგრამ მზაობა ნამდვილად არსებობს.

საუბარია, პირველ რიგში, თურქეთსა და სომხეთს შორის 50 წლიანი ყინულის გალღვობაზე და ურთიერთობების აღდგენაზე. დასაწყისისთვის ყარსიდან რკინიგზის სომხეთში შესვლაც საკმარისი იქნება, ხოლო შემდეგ, სომხეთიდან თურქეთის გავლით, ევროპამდე მილსადენის მიყვანაზეც შეიძლება საუბარი.

რუსეთ-საქართველოს ომმა კარგად აჩვენა, თუ რა უსუსრია სომხეთი, რომელსაც საქართველოში ტვირთების მიღება უჭირს. თურქეთია სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ყარსიდან რკინიგზის გაყვანით შეუძლია სომხეთის ჩიხიდან გამოყვანა, რაც არც თავად თურქეთისთვის იქნებოდა ურიგო.

თუმცა, ამ პროექტის განსახორციელებლად თურქეთს საკუთარი მოხოვნები აქვს: პირველი - სომხეთმა ტერიტორიული პრეტენზიები არ უნდა წამოაყენოს და მეორე - სომხებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნა უნდა დაივიწყონ.

სომხეთის ბიზნეს და პოლიტ-ელიტისთვის რა თქმა უნდა მომხიბვლელია თურქეთთან გზების გახსნა, მაგრამ საეჭვოა მის ულტიმატუმებს რომელიმე პოლიტიკოსმა მოაწეროს ხელი. მართალია, თავად სომხური პოლიტიკური სივრცეც არაერთგვაროვანია და ის, რომ ყარაბახის ყოფილი ხელმძღვანელი სომხეთის პრეზიდენტი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთს ასე მარტივად დაუმტკიცდება ყარაბახი.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ აზერბაიჯანი არ ცხრება. სომხეთში ინფორმაციაც კი ვრცელდება, რომ აზერბაიჯანს ორი დაქირავებული არმია ყავს ყარაბახის დასაბრუნებლად, რაც სომხეთს სიმშვიდეს უკარგავს.

სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ სომხებიც ძნელად დათმობენ პოზიციებს, მაგრამ საკმარისი ხანი გავიდა იმისთვის, რომ სომხეთი დარწმუნებულიყო საკუთარ სტატუსში. ეს სტატუსი კი არასახარბიელოა, რადგან სომხეთი ყარაბახში სამხედრო წარმატების მძევლად იქცა.

- ”რამდენად საკუთარია ეს წარმატება და არა რუსული, თავს მოხვეული, ეს სხვა საკითხია. მე მაქვს სარწმუნო ინფორმაცია იმ დროის პრობლემაში ჩართული რუსი პოლიტიკოსებისგან, რომ ყარაბახის პრობლემა საბჭოთა ჯარების ერთმანეთის მიმართ ორმხრივი სროლებით იწყებოდა, რომელიც ხან სომხეთს ბრალდებოდა და ხან - აზერბაიჯანს”.

- ”საბჭოთა არმია და კრემლი იყო ის საწყისი, რომელმაც გააღვივა ყარაბახის კონფლიქტი. ეს მე ვიცი არა ყურმოკვრით, არამედ, ჩემთვის ყველაზე სანდო მოქალაქისგან, პროფესორ იური აფანასეევისგან, რომელიც რამდენიმეჯერ იყო ყარაბაში და პირადად რუსი ოფიცრებისგან მოისმინა ყველაფერი. იგი დღემდე მშვიდად ვერ ლაპარაკობს ამ თემაზე და დარწმუნდა რა, ეს ყველაფერი კრემლის შეთხზული და რეალიზებული იყო, კავკასიის საკითხების რკვევას თავი მიანება”.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ კრემლს ხელეწიფება მოარგოს გასაღები ამ პრობლემას და თუ თურქეთი და სომხეთი დაპირისპირებული მხარეები არ იქნებიან და კრემლის საფარქვეშ მოახერხებენ ურთიერთობას, ორივენი მიიღებენ დივიდენდებს.

აქედან პირდაპირი მოგება რუსეთისთვის, თითქოს, არ ჩანს, მაგრამ თუ ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის მაგისტრალური ხაზები სომხეთში გაივლის, მის მართვას რუსეთი უფრო მარტივად შეძლებს, ვიდრე საქართველოში გატარების შემთხვევაში.

თუმცა, მილსადენი საქართველოში გაივლის თუ სომეთში, ამას რუსეთზე მეტად დასავლეთი წყვეტს, რადგან დასავლური ინვესტიციების გარეშე არცერთ პროქეტს განხორციელება არ უწერია. ამიტომ, სადაც რუსული ტანკი დგას იქ მილსადენის გაყვანას დასავლეთი არ დაუშვებს.

თურქეთის ნეტარი სიზმრები
რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ თურქეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან არ უნდოდა მისი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი დაეკარგა. თუმცა, როდესაც თურქეთმა ბოსფორზე ამერიკული ხომალდები გაატარა, ამან რუსეთის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

რუსეთმა თურქეთი 1936 წლის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა და თურქული გადაზიდვები შეაჩერა. ამის საპასუხოდ თურქეთმა რუსული გადაზიდვები შეაჩერა. ამას კვლავ მოყვა რუსეთის მხრიდან ტვირთების გაჩერება, რაც თურქეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო, რადგან ქვეყანას 4 მლრდ დოლარის ექსპორტი აქვს რუსეთში. მოკლედ, ქვეყნებს შორის სავაჭრო ომი გაჩაღდა.

ამის მიუხედავად, თურქეთი იძულებული გახდა მაინც ევროპის მხარე დაეჭირა, რადგან ბოლოს და ბოლოს, ევროპაში 24 მლრდ-ან ექსპორტს ახორციელებს. სწორედ ამ დროს, თურქულ პრესაში გაჩნდა სტატიები, სადაც საუბარი იყო, რომ კავკასიაში თურქეთის გააქტიურების შანსი მიეცა, რადგან რუსეთმა კავკასიაში გავლენა დაკარგა.

თურქეთის პოლიტიკურ წრეებში ბევრი ფიქრობდა, რომ ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. დარჩა სომხეთი, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და გზების გახსნის დრო დადგა.

ამას დაემატა თურქეთის პრემიერის განცხადებაც იმის თაობაზე, რომ სომხეთი უფრო მშვიდი და სანდო პარტნიორია, ვიდრე აფორიაქებული საქართველო. ყველაფერი ეს კი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც ჩანს, ქვეყნებს შორის არსებული დროებითი უთანხმოება დიდმა პოლიტიკამ უკანა პლანზე გადასწია.

სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ეს იყო მოთელვა, რადგან მათ საერთო ენერგეტიკული ინტერესები აქვთ.

-”თურქეთს თავად აქვს ინტერესი ევროპისთვის თავად იყოს მიმწოდებელი. ამისთვის რუსეთ-თურქული პარტნიორობა აუცილებელიც კია, რადგან რუსეთმა ხელი არ შეუშალოს და არ ეცადოს მთელი აზერბაიჯანული ნაკადების შესყიდვას და

სამხრეთ მიმართულების ბლოკირება არ მოახდინოს”.

ერთის მხრივ, სანამ რუსის ჯარი სომხეთში დგას და სომხური ენერგეტიკა რუსეთს ეკუთვნის, ბუნებრივია, იგი თურქეთის გაძლიერებას არ დაუშვებს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსეთისთვის ამ სქემიდან საქართველოს ამოგდებაც საკმარისი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ენერგეტიკული სქემიდან იგი საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ერთდროულად ამოგდებას ისედაც ვერ მოახერხებდა.

რაც შეეხება კავკასიაში თურქეთის გაძლიერებას, ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ჩეკისტური რუსეთი არ დაუშვებს, სომხურ-თურქული ურთიერთობეშბი ბალანსი სხვაგან იყო გადატანილი.

- ”დაახლოება ერთია და ზედმეტი სიყვარულის გამოვლინება მეორე. რუსეთს პროვოკაციების საკმარისი მარაგი აქვს, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობები უკუღმა შემოაბრუნოს”, - ამბობს ექსპერტი და მიიჩნევს, რომ ის, რაც ამჟამად თურქულ-სომხურ მხარეებს შორის ხდება, მხოლოდ სურვილებია და მის აღსრულებას დასავლეთი არ დაუშვებს.

ექსპერტი თვლის, რომ შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, თურქეთის პრემიერის განცხადებამდე, ორი დღით ადრე კავკასიაში დიკ ჩეინის ვიზიტი, რომელიც მან ბაქოდან დაიწყო.

-”დღეს ბაქო არის მრავალკომპონენტიანი არჩევანის წინაშე და ვერ ვიტყვი, რომ მისთვის რომელიმე არჩევანი მარტივი და ცალსახად სასარგებლო იქნება. ბაქო აუცილებლობის წინაშე დგას, ნახოს ნაკლები ვნების მომტანი გზა, რადგან არცერთი არ გახლავთ უპირობო წარმატებასა და მოგებაზე გათვლილი”.

- ”ჩეინის ვიზიტი კი კავკასიაში, ეს იყო წინმსწრები გაფრთხილება ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც რუსეთის სურვილების დაკმაყოფილების სურვილი გაუჩნდება - მითუმეტეს, ნატოს წევრი თურქეთისთვის”, - ამბობს ექსპერტი.

ირანის ოცნების კოშკები
როდესაც ენერგეტიკულ პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რომ ის, რაც თეორიულად დასაშვებია, პრაქტიკულად წარმოუდგენელიც კია. ეს რომ ასეა იქედანაც ჩანს, რომ ირანმა და სომხეთმა ძველი მილსადენის რენოვაციაც მოახდინეს და ახალიც ააშენეს, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა.

ირანი, რომ ამერიკის და ევროპის მოკავშირე ყოფილიყო, იგი აზერბაიჯანიდან გამოიყვანდა მილსადენს და მას არც კავკასია დასჭირდებოდა და რუსეთიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებოდა. თუმცა, ირანი დასავლეთის მეგობარი არაა და არც რუსეთი დაუშვებს მის თამაშგარე დატოვებას.

გარდა ამისა, ირანს თავისი პრეტენზიები აქვს აზერბაიჯანის მიმართ, მათი მოსახლეობის ეთნიკური 70% აზერბაიჯანელები არიან. ირანს აზერბაიჯანის საზღვართან ჯარი უყენია, რათა საკუთარი ხალხი გაჩეროს, რომლებიც ბაქოს შემოერთებაზე დღემდე ოცნებობს.

და, ამის მიუხედავად, სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ბენდუქიძეს გაზსადენის გაყიდვა რომ დასცლოდა, ირანი თავიან-ფეხიანად შემძვრალი იქნებოდა რუსული და ირანული გაზის ნაკადების წინ და უკან გადანაწილებაში.

- ”გარდა ამისა, ირანის რაიმე ტიპის ზედმეტი ინიციატივა უმალვე იწვევს ამერიკის რეაგირებას. ჩემი ვარაუდით, ამიტომ, თურქეთი და ირანი თანხმდებიან, რომ ასეთ სიტუაციაში ჯობს, თურქეთი იყოს აქტიური, ხოლო ირანი პასიური”, - ამბობს ექსპერტი.

ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია მოვლენები როგორ განვითარებას ჰპოვებს. რუსეთი უმნიშვნელო მოთამაშე არ არის და დასავლეთი მის კაპრიზებს რომ ანგარიშს უწევს ესეც ფაქტია. თუმცა, სადამე მივა რუსეთის თავხედობა, ხოლო დასავლეთს სადამდე ეყოფა მოთმინება ესეც არავინ იცის.

ჯერჯერობით, არავითარი ნიშნები არ არსებობს, რომ საქართველოს სომხეთი ჩაანაცვლებს და ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოები ერთბაშად შეკრავენ პირს ცივილიზებული დასავლეთის წინააღმდეგ. თუმცა, ბევრი რამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზეცაა დამოკიდებული.

საქართველო აღმოჩნდება თუ არა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გააჩნია კონტექსტს. ის, რაც ამ ცოტა ხნის წინ იყო მიუღებელია და ნამდვილად არ ყოფილა ქართველი ხალხის არჩევანი.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 853 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz