[ნინო გელაშვილი, თბილისი-სიღნაღი-თბილისი, ”ვერსია”] რუსეთ-საქართველოს
რამდენიმედღიანი ომის შემდეგ, სიღნაღს ტურისტები შემოაკლდა. ქალაქი
დამთვალიერებლებისგან ავისმომასწავებლად დაცარიელდა. ომამდე სიღნაღელები
ნაკლებად წარმოიდგენდნენ, თუკი ასეთი საფრთხე დაემუქრებოდა პრეზიდენტის
ინიციატივას - სიღნაღი ქცეულიყო საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ
ცენტრად. აგვისტოს მოვლენებამდე, აქ მართლაც მრავალ ტურისტს ნახავდით.
სიღნაღელებიც იმედით ცხოვრობდნენ, რომ მათი მშობლიური ქალაქი კიდევ და
კიდევ განვითარდებოდა. სიღნაღის ტურიზმის ბიზნეს-ინკუბატორის წარმომადგენლის,Gგელა
ჯავახიშვილის თქმით, ბოლო თვის განმავლობაში, ქალაქის შემოსავლებმა არათუ
იკლო, არამედ ომის დღეებში საერთოდ გაჩერდა. ყველა პოტენციურმა სტუმარმა
გააუქმა წინასწარი შეკვეთა. საელჩოებმა გააფრთხილეს თავიანთი მოქალაქეები,
რომ საქართველოში გადაადგილება ომის პერიოდში უსაფრთხო არ იქნებოდა. ”ხალიჩების სახლის” ხალიჩების მქსოველებიც ჩივიან, რომ ომის
შემდეგ ტურისტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მათ მაღაზიაში, საერთოდ,
აღარავინ შესულა. დაზარალდა სასტუმროების ქსელის, ”რჩეულის” სიღნაღის სასტუმრო
”ფიროსმანი”. მისი ადმინისტრატორი ნიკოლოზ მინაშვილი აღნიშნავს, რომ ომის
შედეგები პირდაპირ და მნიშვნელოვნად აისახა მათ ბიზნესზე. უცხოელებისგან
ბევრი დაჯავშნული ნომერი ჰქონდათ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითრებიდან
გამომდინარე, სტუმრობა ყველამ გადაიფიქრა. მართალია, ომის შემდეგ სიტუაცია
შედარებით გამოსწორდა, მაგრამ სიღნაღში ახლა, ძირითადად, ქართველები
ჩადიან, უცხოელები კი ჯერ კიდევ თავს იკავებენ. ”სასეირნოს” მძღოლს, ავთანდილ ალაბეგიშვილს მოსეირნეები
შემოაკლდა. მისი თქმით, ომის შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა ტურისტების
რაოდენობა. ქალაქში, პრაქტიკულად, აღარ არის მოძრაობა. ბოლო ხანს,
სიღნაღის ნახვის მსურველთა რიცხვმა ოდნავ იმატა, მაგრამ იმდენი მაინც არ
არის, რაც ომამდე იყო. სუპერმარკეტ ”პოპულში” ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზად
სეზონსაც ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ომის დროს, სიღნაღში
ხალხმრავლობა იყო. ალბათ იმიტომაც, რომ ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველა
კახეთში ჩადიოდა, რადგან ყველაზე უსაფრთხო კუთხედ ითვლებოდა. სასტუმრო
”სიღნაღის” თანამშრომლის, სოფო ჯიბღაშვილის თქმით, ომის დროს, მათ
სასტუმროს პაკისტანელები ”აფარებდნენ თავს”, ომის შემდეგ კი, საერთოდ,
აღარ ჰყავდათ სტუმრები და მხოლოდ ახლახან - სექტემბრის ბოლოს გამოჩნდნენ
გერმანელები. სასტუმრო ”ცისკარის” დიასახლისის თქმით, ომის დღეებში მათ რუსი ტურისტები ეწვივნენ ორი ავტობუსით.
”რესპუბლიკური პარტიის” რაიონულ ოფისში, თენგიზ ბეჟაშვილი
აღნიშნავს, რომ ტურისტების სიმცირის მიზეზი არა მარტო ომი, არამედ
სასტუმროების მაღალი ფასია. ოჯახური სასტუმროები კი იაფია, მაგრამ იქ
მომსახურების დაბალი დონეა. მისივე თქმით, სიღნაღში დამთვალიერებლების
მოზღვავება არჩევნების დროს იყო, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ექსკურსიებს
აწყობდნენ. სიღნაღის მუზეუმში ამბობენ, რომ დამთვალიერებლების რაოდენობა
ომამდე ბევრად მეტი იყო. სკოლებიდან ხშირი ექსკურსიების გამო, მუზეუმის
შესასვლელთან რიგებიც კი იდგა. ომის დღეებში მუზეუმი არავის აინტერესებდა.
ბოლო დროს, დამთვალიერებლები კვლავ გამოჩნდენ, მაგრამ მათი რაოდენობა
იმდენი მაინც არ არის, რაც მანამდე იყო. ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს დიასახლისი, რომელმაც იკოგნიტოდ
დარჩენა გვთხოვა, დამწუხრებულია, რომ მათთან ტურისტები საერთოდ აღარ
მიდიან. სტუმრების ნაკლებობას კი მარტო ომს არ უკავშირებს: ”ქალაქი
სტუმრებისთვის სათანადოდ მომზადებული არ არის. საკონფერენციო დარბაზები არ
არის, რომ კონფერენციები და სემინარები ჩატარდეს. ინფრასტრუქტურაც
არაფერზეა გათვლილი. მხოლოდ ”ვაშა!” და ”მიშა მაგარია!” იყო მთავარი. კი,
გაკეთდა და გარემონტდა ქალაქი, მაგრამ მთავარია, როგორ გაკეთდა და
რისთვის. მე ისედაც ვიცოდი, რომ სიღნაღი მალე გადავიდოდა მოდიდან და, აჰა,
გადავიდა კიდეც!.. სახლის მოსაწყობად კრედიტი არც ამიღია”. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის,
ტურიზმის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტს ტურიზმის
საკითხებში, ნანა ქოქიაშვილს სიღნაღში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
საოჯახო სასტუმრო აქვს. სიღნაღში არსებულ ვითარებაზე ნანა ქოქიაშვილი საკუთარ შეფასებებს
გვაცნობს: ”ქალაქი რაც გაკეთდა, უფრო მეტად ქართველი დამთვალიერებლები
ჩამოდიოდნენ. ომის დროს ეს ნაკადი შეწყდა. ტურიზმის დეპარტამენტი, ამ
მხრივ, დიდ საქმეს აკეთებდა - ავტობუსებით ჩამოჰყავდა მოსწავლეები,
აწყობდა უფასო ექსკურსიებს. ომის დროს, ტურისტულმა სააგენტოებმა ტურები
გააუქმეს. ომის შემდეგ, კანტი-კუნტად შემოდიან მოგზაური ტურისტები
აზერბაიჯანის მხრიდან და ზოგჯერ - ახალდაქორწინებულები, რომელთაც ჰგონიათ,
რომ აქ ერთ კვირას დარჩებიან. თუმცა, მაქსიმუმ, ორ-სამ დღეს გაჩერდეს
ვინმე ამ ქალაქში. ამ ქალაქს სჭირდება ერთი დღე, სრულყოფილად რომ დაათვალიერო.
ინფრასტრუტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, მომსახურების სფერო
განვითარებული არ არის, სასტუმროების ფასი მაღალია, ოჯახური სასტუმროები
კი დაბალ დონეზეა. საოჯახო სასტუმროების მოსაწყობად ხალხმა ფული არ ჩადო.
იყო საუბარი, რომ გაიცემოდა ტურისტული სესხები ”საქართველოს ბანკიდან”,
მაგრამ ასე არ მოხდა. ამ მიზეზის გამო, ჩვენთან ომის დროს ტურისტების
რაოდენობის შემცირებას არ გამოუწვევია ისეთი მძიმე შედეგები, რაც აჭარაში
მოხდა, სადაც მასობრივად აიღეს სესხები და ტურისტული სეზონის ჩავარდნის
შემდეგ დაზარალდნენ”. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის
ცენტრის დირექტორი, კობა არაბული ”ვერსიასთან” საუბრისას სიღნაღში
ტურისტების შემცირების განსხვავებულ მიზეზსაც ასახელებს: ”ტურისტული
სიღნაღის თემა უფრო ეიფორია იყო, ვიდრე გეგმაზომიერი, გათვლილი და
გარკვეულ ანგარიშებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც მოიტანდა იმ
შედეგებს, რასაც გარკვეულწილად, ელოდნენ სიღნაღელები. დღემდე ვერავინ ნახა სიღნაღის ტურისტული პროგრამა, რომელიც
იქნებოდა დამუშავებული, დაწერილი და დახატული. არ არსებობდა ინფორმაცია,
რა კეთდება და რისთვის კეთდება დღეს სიღნაღში, საბოლოოდ რას გამოიწვევს,
რას შეცვლის, რას დატოვებს, როგორ აღადგენს ძველს (თუ აღადგენს, საერთოდ)
და ყველაფერი ეს როგორ მოემსახურება მასპინძლობის ინდუსტრიას.Dსწორედ
ამიტომ, მსგავსი გეგმა რაკი არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ ეიფორია და დღეს
ეს ეიფორია, უბრალოდ ნელ-ნელა გადის”.
|