პარასკევი, 2024-11-22, 2:28 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

სამხრეთ ოსეთის ექო

[Washington Profile]
ინტერვიუ რიჩარდ პაიპსთან (ისტორიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, სპეციალისტი რუსეთის საკითხებში)
უკანასკნელ ხანს ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთის, როგორც იმპერიის, აღორძინების გამოვლინება იყო.
- ნამდვილად, პრეზიდენტმა მედვედევმა ცოტა ხნის წინ განაცხადა გავლენის სფეროებზე რუსეთის სრულუფლებიანობის შესახებ, რაც სხვა არაფერია, თუ არა თავაზიანი დეკლარაცია იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე რუსეთის გავლენის სფეროა, და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა უმჯობესია თავი მისგან შორს დაიჭირონ. ჩემი აზრით, ეს აშკარაა.

როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტის შედეგები სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის?
- შედეგები ასეთია: მოსკოვის ნებართვის გარეშე მათ არ შეუძლიათ ნატოსთან მიერთება ან დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, რაიმე საერთოს ქონა. ეს მათ ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის, განსაკუთრებით, უკრაინას და ბალტიის სახელმწიფოებს.

რამდენად დაცულია რუსეთის და სხვა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების საზღვრები?
- რუსეთის საზღვრებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. არავის აქვს გეგმაში მათი გადალახვა, ასე რომ, აქ სანერვიულო არაფერია.

სანერვიულო იმ ქვეყნებს ნამდვილად აქვთ, რომლებიც თავის დროზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილები იყვნენ. არ ვფიქრობ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. განსაკუთრებით, ეს ეხება უკრაინას, რამდენადაც რუსეთი პრეტენზიებს ყირიმზე აცხადებს.

არსებობს თუ არა ცივი ომის დაწყების რეალური საფრთხე, ან უფრო ზუსტად, ხანგრძლივი დაპირისპირების საშიშროება რუსეთსა და დასავლეთს შორის?
- ახალი ცივი ომის მოლოდინს უფრო გადაჭარბებულს ვუწოდებ. ცივი ომი იყო ორ ბლოკს შორის დაპირისპირება. საბჭოთა კავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა მოკავშირეები ან თანამოაზრეები კომუნისტური პარტიების სახით, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის ქმედებებსა და ამბიციებს. სსრკ გეგმავდა კომუნიზმის მთელ მსოფლიოში გავრცელებას. არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი ამოცანები აქვს დასახული. მას კვებავს ნაციონალიზმი და იმპერიალიზმი, მაგრამ არა გლობალური ამბიციები.

როცა რუსეთის ხელისუფლებაში თავიანთ გავლენებზე საუბრობენ, ისინი მოსაზღვრე სახელმწიფოებს გულისხმობენ, მაგრამ არა ლათინურ ამერიკას ან აფრიკას. ამგვარად, დაპირისპირება სრულიად რეალურია, თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებას გააგრძელებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ცივი ომის მასშტაბებს შეიძენს.

ბევრი საუბრობს, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს დაცვა და რუსეთის დასჯა ვერ შეძლო.
- აშშ-სთვის რთული იყო მარტო მოქმედება. ევროპა რომ უფრო მეტად ყოფილიყო განწყობილი კონკრეტული ქმედებებისათვის, მაშინ სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა. ევროპის მხარდაჭერის გარეშე აშშ-ს ცოტა შანსი ჰქონდა რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად. ამიტომ რეაქცია იყო გამორჩეულად სუსტი, რაც ჩემი აზრით, სახიფათოა - რუსეთმა შეიძლება გააგრძელოს ამგვარი ქმედებები.

თქვენ წარმოიდგენდით მოვლენების ამგვარ განვითარებას?
- არა, მე არ ველოდი რუსეთის შეჭრას საქართველოში, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ასევე, სიურპრიზი იყო ჩემთვის, თუ რაოდენ უხეშად აღწერდა რუსული პრესა სხვა ქვეყნების რეაქციებს ომთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ნიკარაგუამ სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხში მხარდაჭერა გამოხატა. რუსულმა პრესამ ამ ფაქტს კოლოსალური მნიშვნელობა მიანიჭა. მაგრამ ეს ხომ სასაცილოა... ფაქტი ფაქტად რჩება: დანარჩენმა მსოფლიომ რუსეთის მოწოდებები უარყო.

მაგრამ მიაქციეთ ყურადღება აგრესიის დონეს! მე ყოველ დღე ვკითხულობ გაზეთ ”Известия”-ს, უხეშობის დონე უბრალოდ დაუჯერებელი იყო, მან გაცილებით გადააჭარბა საბჭოთა ეპოქის სტილს. იმ დღეებში კიდევაც ვთქვი, რომ საბჭოთა დროების ნოსტალგია მაქვს, რადგან საბჭოთა ლიდერები გაცილებით ფრთხილები იყვნენ, როგორც თავიანთ გამონათქვამებში, ისე ქმედებებში. ახლა იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ლიდერები წესიერების ყველა ზღვარს გადავიდნენ.

ცნობილია, რომ ომის პირველ მსხვერპლად ყოველთვის სიმართლე გამოდის. ვის მხარეს ხედავთ სიმართლეს: არა კანონის ენის, არამედ მორალურ სიმართლეს?
- მოცემულ სიტუაციაში საქართველოსთან, აფხაზეთთან და ოსეთთან რუსეთი ტყუის მთელი 100%-ით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთში სამხედროების გაგზავნით, მას ამისათვის ყველანაირი უფლება ჰქონდა: თუ არა მორალური, იურიდიული მაინც. სამხრეთ ოსეთი სუვერენული საქართველოს ნაწილია. და საქართველოს ქმედებები იყო ანალოგიური რუსეთის ქმედებებისა, როცა ამ უკანასკნელმა, თუ არა მორალური, იურიდიული ნორმების დაცვით მაინც, თავისი სამხედროები ჩეჩნეთში შეიყვანა.

რასაკვირველია, რუსეთს არ ჰქონდა არავითარი უფლება საქართველოს მოქალაქეებზე თავისი პასპორტები გაეცა, რათა შემდგომ განეცხადებინა, რომ ის თავის მოქალაქეებს იცავს ქართული ძალადობისგან. ამ ყველაფერს არავითარი აზრი არ აქვს და მე ვთვლი, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს რუსეთის ქმედებებს.

მაგრამ აფხაზები და ოსები აცხადებენ, რომ ვერ იცხოვრებენ საქართველოს ხელისუფლების ქვეშ, რადგანაც მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველო იმპერიაა.
-არავითარი იმპერია საქართველო არ არის. დავუშვათ, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს უფლება აქვს გამოყოფისა და თვითგამორკვევის. ასეთ შემთხვევაში, მათ აპელირება გაეროში უნდა მოეხდინათ. რუსეთს არავითარი უფლება არ ჰქონდა საომარი ძალა გამოეყენებინა მათი თხოვნის საფუძველზე, აბსოლუტურად არავითარი!

რუსეთის ხელისუფლებას ხშირად მოყჰავს კოსოვოს მაგალითი, რითაც ცდილობს ახსნას თავისი ქმედებების კანონზმიერება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- აქ ვერავითარ ანალოგიას ვერ ვხედავ. რუსული პრესა რეგულარულად ბრალს სდებს დასავლეთს და კერძოდ, აშშ-ს საქართველოს საქმეებში ჩარევის გამო. აშშ-მ, ისევე, როგორც ნატომ ხელი შეუწყვეს კოსოვოს გამოყოფას სერბეთისგან, თუმცა ისე, რომ ამ ქვეყანაზე არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ. მათ არ განუცხადებიათ, რომ კოსოვოს მცხოვრელებზე ამერიკული პასპორტების გაცემის უფლება აქვთ. ამ ორ სიტუაციას ერთმანეთთან არავითარი საერთო არ აქვთ.

როგორია თქვენეული სამომავლო პროგნოზები?
- რუსეთი არასწორ გზას ადგას, ის მთელი მსოფლიოსგან საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს. პუტინი და მედვედევი აკეთებენ განცხადებებს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან რუსეთის მზარდი იზოლაციით, მიუხედავად იმისა, რაც ხდება.

იყო იმედი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად რუსეთი უფრო ინტეგრირებული იქნებოდა მსოფლიო სისტემაში, ისევე, როგორც ჩინეთი. ჩინეთი თავისი კომუნისტური რეჟიმით და დიქტატურით უფრო და უფრო ინტეგრირებული ხდება მსოფლიოში - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ასე შემდეგ. ხოლო რუსეთი, თავისი ქმედებების წყალობით, უფრო და უფრო შორდება დანარჩენს სამყაროს. და ეს ძალიან, ძალიან ცუდია თავად რუსეთისთვის!


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 660 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz