[გოგა გელაძე]
რუსული სიყალბის დაუსრულებელი ქრონიკა 1982
წლის 8 ივნისს საგარეო-პოლიტიკურ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტ
რონალდ რეიგანის გამოსვლა ისტორიული იმით გახდა, რომ საბჭოთა კომუნისტურ
სახელმწიფოს მან ”ბოროტების იმპერია” უწოდა. ცივი ომი ამ დროს თავის
ზენიტში იმყოფებოდა და იდეოლოგიური მტრების ფლანგური ჭიდილი ყველა
კონტინენტზე მიმდინარეობდა. მომდევნო წელს მოსკოვმა შორეულ აღმოსავლეთში
სამოქალაქო თვითმფრინავი გაანადგურა. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ
ბოინგ-747 ამერიკული სპეცსამსახურების დავალებით საგანგებო სადაზვერვო
ამოცანას ასრულებდა. სინამდვილეში სამგზავრო ლაინერი სამოქალაქო რეისს
ახორციელებდა და მას ნიუ-იორკიდან სეულში 269 მგზავრი გადაჰყავდა. ყველა
მათგანი დაიღუპა. მოსკოვს ცრემლების არ სჯეროდა, არც კორეულის და არც ავღანურის.
ღატაკი, მაგრამ ამაყი ავღანელების წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია
საბჭოთა პროპაგანდამ სწორედ ადგილობრივი ხალხისთვის ინტერნაციონალური
დახმარების საჭიროების აუცილებლობით ახსნა. აღმოჩნდა, რომ თურმე ავღანელთა
თხოვნით მოხდა 15 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში 1 მილიონი
ადამიანის განადგურება და 5 მილიონის განდევნა, ქალაქებისა და სოფლების
გაცამტვერება, ყანდაჰარის პროვინციაში სოფლის მეურნეობის ამოსაძირკვად
”გადამწვარი მიწის” ტაქტიკის გამოყენება თუ საბჭოთა კომანდო ჯგუფების მიერ
პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინის მკვლელობა. ამასთან, საოკუპაციო ჯარს მოსკოვმა ცინიკურად ”საბჭოთა ჯარების
შეზღუდული კონტინგენტი” უწოდა მაშინ, როცა 1983 წლისთვის მისმა რაოდენობამ
115 ათასს მიაღწია. რუსების მარიონეტი ადგილობრივი კომუნისტური
აქტივისტების დაჯგუფებასაც ”სახალხო-დემოკრატიული პარტია” ერქვა იმის
მიუხედავად, რომ მის ხელმძღვანელებს ბაბრაქ ქარმალის მეთაურობით არც
ხალხთან ჰქონიათ რაიმე საერთო და არც დემოკრატიის ფასეულობებთან. სამამულო ომის ცნობილი პროპაგანდისტული თეზისი ფაშისტური
გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე ვერაგული თავდასხმის შესახებ იუწყებოდა,
რომ ჯარების შეჭრა იქ ომის გამოუცხადებლად მოხდა. მაგრამ ისტორიულ
არქივებში ხანმოკლე ძებნაც კი გამოააშკარავებს ამ მტკნარ სიცრუეს:
შესაბამისი ნოტა მესამე რაიხის ორმა დიდმოხელემ წინასწარ ერთდროულად
გადასცა საბჭოთა წარმომადგენლებს - მოსკოვში ელჩმა შულენბურგმა სახალხო
კომისარს მოლოტოვს, ხოლო ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა
სტალინის დესპანს დეკანოზოვს. ამ ჟესტით საბოლოოდ დასრულდა ორი ტირანის ორწლიანი სიამტკბილობა,
1939 წლის აგვისტოში კი ნაციონალ-სოციალისტური და ბოლშევიკური იმპერიების
მეგობრობა თავბრუდამხვევად წარმატებული ჩანდა. 1 სექტემბერს ჰიტლერის
ურდოები პოლონეთში შეიჭრნენ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის პრინციპების
დაცვიდან გამომდინარე, 17 სექტემბერს უთანასწორო ომში მეომარ პოლონეთს
ზურგიდან წითელმა არმიამ დაარტყა. მოკავშირეებმა მოწინააღმდეგე ერთობლივად
დაამარცხეს და ბრესტში ერთობლივი აღლუმი გამართეს. საბჭოთა იდეოლოგიურ მამებს, ცხადია, არასოდეს გამოუმზეურებიათ
ჰიტლერისადმი მოსკოვის მთავრობის მიერ გადაცემული ”გულთბილი მილოცვა
ვარშავაში გერმანული ვერმახტის ჯარების შესვლის გამო”. პოლონეთის
აღმოსავლეთის რეგიონების ანექსიაც მან თავისებურად ახსნა - თითქოს იქ
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, უკრაინელები და
ბელორუსები, დედა-სამშობლოსკენ გამალებით ისწრაფვოდნენ. რუსეთისათვის სამამულო ომი 1941 წელს დაიწყო, მაგრამ მანამდე
ასეთივე ომს მისი მეზობელი ხალხები სწორედ მოსკოვის ექსპანსიის
შესაკავებლად აწარმოებდნენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ფინეთი
გახდა, რომელსაც სტალინის არმია 1939 წლის 30 ნოემბერს შეესია.
გერმანელების მიერ თავიანთ ჯარისკაცებზე პოლონელთა თავდასხმის იმიტირების
მსგავსად, ფინეთზე შეტევის საბაბად სტალინმა საზღვრისპირა რაიონში თავისი
სამხედროების დაღუპვის ფაქტი გამოიყენა, რომელიც ჰელსინკის დაბრალდა,
მაგრამ რეალურად საბჭოთა არტილერიის გამიზნული სროლის შედეგად მოხდა.
ფიურერის მიერ რუსეთისთვის საჩუქრად გადაცემული ფინეთი მაინც კერკეტი
კაკალი აღმოჩნდა, რომელმაც 630 ათასიანი წითელი არმიის წინსვლა შეაჩერა და
ქვეყნის გაწითლება აღკვეთა. რუსი ისტორიკოსების თანახმად, კრემლის მმართველობის აღდგენას
დღენიადაგ ოცნებობდა ბალტიისპირა სამი პატარა ქვეყანაც, რომლის ოკუპაცია
ასევე ჰიტლერის დალოცვით შეჭრილ კომუნისტებს ამჯერად არ გასჭირვებიათ.
ანალოგიურად მოხდა ბესარაბიასთან მიმართებაში: გარდაუვალი სამხედრო
ინტერვენციის წინაშე მდგარმა რუმინეთმა ის იძულებით დათმო, რომელიც მოკლე
ხანში მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. ბესარაბიას კი ბუკოვინა
მიჰყვა კვალში. ამდენად, დამკვიდრებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, კრემლი II
მსოფლიო ომში ფაქტობრივად მისი დაწყებისთანავე ჩაება და მეზობელი
ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო დაპყრობების მთელი სერია მოაწყო. სწორედ ამ
მიზეზის გამო ის გაძევებული იქნა გაერო-ს წინამორბედი ორგანიზაციის ”ერთა
ლიგის” რიგებიდან. 1941 წლის 22 ივნისს საბჭოეთისთვის მხოლოდ მსოფლიო ომის
თავდაცვითი ეტაპი დაიწყო. მოსკოვის ყველაზე ამაზრზენი ტყუილი პოლონელი ჯარისკაცების
ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლი 15
ათასამდე პოლონელი ტყვედ რუსებმა ჩაიგდეს, საბჭოთა კავშირში გააგზავნეს და
სმოლენსკის მახლობლად კატინის ტყეში ერთიანად დახვრიტეს. მოგვიანებით
მასობრივი სამარხები გერმანელებმა აღმოაჩინეს, თუმცა მათთან აწ უკვე
სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულმა სტალინმა მკვლელობა ჰიტლერის ჯარებს
გადააბრალა. ათწლეულების მანძილზე ამ თემაზე საუბარი ტაბუდადებული იყო და
საბჭოთა ხელისუფლებამ თავისი დანაშაული მხოლოდ ”გარდაქმნის” პერიოდში
აღიარა. გასულ წელს კი რეჟისორმა ანჟეი ვაიდამ პოლონური ტრაგედიის შესახებ
ეს შემაძრწუნებელი რეალობა მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით ფილმში
”კატინი” აღწერა. რუსეთის ცარისტული და კომუნისტური ეპოქის მმართველები თავიანთ
ყოველ სისხლიან ნამოქმედარს ზოგადსაკაცობრიო მაღალჰუმანური იდეებით
ხსნიდნენ და სხვადასხვა ხალხების ბედზე ზრუნვით ამართლებდნენ. ამ მხრივ
არც ახლა შეცვლილა რაიმე. მოსკოვი აპელირებას ამჯერად ოსი ხალხის
კეთილდღეობაზე ახდენს და აცხადებს, თითქოს მისი ქმედებები სამხრეთ
კავკასიაში, სადაც მან ”მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაცია” ჩაატარა,
სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან. გაეროს წესდების I მუხლის თანახმად, დაუშვებელია არა მხოლოდ ერთი
სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არამედ
თვით ძალის გამოყენების მუქარა. ამ ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, რუსეთის
ფედერაციამ, სამხედრო ინტერვენციის განხორციელებასთან ერთად ასევე
დაარღვია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომელიც საერთაშორისო
სამართალში პრიორიტეტად არის აღიარებული. გაეროს წესდების VII მუხლი
ითვალისწინებს მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციას, მაგრამ მის
ჩასატარებლად აუცილებელია ამ ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი მანდატის
გაცემა, რაც 2008 წლის აგვისტოში არ მომხდარა. კრემლმა ფართო საინფორმაციო კამპანია გააჩაღა და შიდა ქართლში
განვითარებულ მოვლენებს ოსი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.
თბილისში რუსეთის ელჩმა კოვალენკომ ჯერ კიდევ 8 აგვისტოს შუადღეს
გამოაცხადა ცხინვალში ორი ათასი ოსი ეროვნების მოქალაქის დაღუპვის
შესახებ. ისტერიულ ტონში გავრცელდა აგრეთვე ხმები მამაკაცების მასობრივი
დახვრეტებზე, ქალების გაუპატიურებაზე, ტანკების მუხლუხებით ბავშვების
გასრესვაზე და ა.შ, საღამოს კი პეკინიდან ვლადიკავკაზში ჩასულმა პუტინმა
პირადად მოუსმინა ამ ისტორიებს ცხინვალიდან დევნილებისგან. ”ჰიუმან რაითს უოთჩის” წარმომადგენელი ტატიანა ლოკშინა ადგილზე
შეეცადა ამგვარი ფაქტების დადგენას: ”ცხინვალში ბევრს საუბრობენ ქართველთა
სისასტიკეზე. როცა დეტალებზე ვსვამ შეკითხვებს, ირკვევა, რომ მოსაუბრემ ეს
სხვისგან იცის, პირობითად მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებ ვასიასგან. ვასია
იდენტურ ისტორიებს ჰყვება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არც მას უნახავს
არაფერი. მგზავნის ვინმე ფედიასთან, რომელიც ასევე აღიარებს, რომ პირადად
მოწმე არ ყოფილა, და ასე დაუსრულებლად… პირველწყარო ქართველთა ქვეითი
ჯარის მიერ ჩადენილი მხეცობების შესახებ ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ”. ზოგადად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად თავდაპირველად
გამოცხადებული მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს მოგვიანებით
აღმოჩენილი დაღუპულების ან მძიმედ დაჭრილთა გარდაცვალების შედეგად. რუსული
სიყალბის მასშტაბმა ეს ლოგიკაც გააბათილა - დახოცილთა რაოდენობამ კლება
დაიწყო! სეპარატისტულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ 1600 დაასახელა, ხოლო რუსეთის
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ… ბასტრიკინმა
- 134. აშკარაა, რომ რამდენადაც რუსეთის საელჩოს პერსონალი 8 აგვისტოს
ქართული ძალების მიერ აღებულ ცხინვალში დაღუპული ადამიანების დათვლით
დაკავებული ვერ იქნებოდა, ელჩმა კოვალენკომ შეგნებულად იცრუა.
აპოკალიპტური ისტორიები ქართველთა მხეცობების შესახებ ასევე არ
დადასტურდა. ქალაქი ცხინვალი, რომელიც ქართულმა ჯარმა მიწის პირისაგან
ვითომ სრულად აღგავა, ძლიერი დაზიანების მიუხედავად სტალინგრადს, ვუკოვარს
ან გროზნოს ვერ შეედრება. ამასთან, რუსული ბრალდებები ქალაქის შენობა-ნაგებობების მხოლოდ
ქართველთა მხრიდან განადგურების შესახებ ალბათ იმას გულისხმობს, რომ
მასირებული კონტრშეტევის დროს 58-ე არმიამ მხოლოდ რეზინის ტყვიები და
ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბუნებრივია, ტყუილების კასკადი საერთაშორისო
არენაზე მოსკოვის ქმედებების გამართლებას ემსახურება, ხოლო კაცობრიობის
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შეთხზვით კრემლმა მიზანმიმართულად სცადა
თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეთნიკური მგრძნობიარობით მანიპულირება და
ოს მოსახლეობაში ქართველთა წინააღმდეგ სიძულვილის და შურისძიების
ხელოვნური გაღვივება. პუტინის ირგვლივ სუკ-ის და სამხედრო გენერალიტეტის ძლიერი
გავლენა კრემლში საბჭოთა აზროვნების პროდუქტების სიუხვეზე მეტყველებს.
ამიტომ სსრ კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი სიყალბის თვალსაზრისითაც
წინამორბედის საქმის ღირსეული გამგრძელებელი ჩანს.
|