[ირაკლი კაკაბაძე] ამ ბოლო დროს, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,
სამაჩაბლოს უბედურების დაწყების შემდეგ, რამოდენიმე ჩემთვის საპატივცემულო
მანდილოსანი დამიკავშირდა ელექტრონულად და ცოტა არ იყოს აღელვებული ტონით
მომწერა წერილები. ცხადია, ისინი ჩემს პოზიციას არ იზიარებდნენ, რისი
უფლებაც რაღა თქმა უნდა ყველას გვაქვს. ისინი განსაკუთრებით სააკაშვილის შესახებ ჩემს მიერ გამოთქმულმა
მოსაზრებებმა გააბრაზა. რაღა თქმა უნდა, მე თვითონაც ძალიან მწყდება გული
იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა,
რომელმაც ახალგაზრდა ბიჭები საზარბაზნე ხორცად გაიხადა საკუთარი
ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ღმრთმა ქნას, მე ვცდებოდე და არ აღმოჩნდეს მართალი ის საზარელი
ინფორმაციები, რომლებიც კოფნლიქტის ზონიდან მოდის. ის, რომ უამრავი
მშვიდობიანი მოსახლე არის დაღუპული ბარბაროსულ-იმპერიალისტური ძალების და
მათი მოკავშირე გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ. ჩემს ძვირფას მანდილოსნებს მინდა ვუთხრა, რომ საერთოდ სარდალი
ომში ომის შედეგების მიხედვით განისჯება. 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს
ომის დაწყების შედეგი კი ის გვაქვს, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ნებსით თუ
უნებლიედ რუსეთის იმპერიას ჩააბარა სამაჩაბლო და ოსეთი. და რაც ყველაზე
უფრო სამწუხარო და საუბედუროა: ამას შესწირა ბევრი ჩვენი თანამემამულის
ცხოვრება. თვითონ, ხელისუფლების ყოველი წევრი ამ კონფლიქტიდან სრულიად
უვნებელი გამოვიდა - და ჩვენი ჯარისკაცები, და მშვიდობიანი მოსახლეობა კი
კიდევ ერთხელ აღმოჩდა სამხედრო ავანტიურის მსხვერპლი. რაღა თქმა უნდა რუსეთის იმპერია პირველ რიგში პასუხისმგებელია ამ
ბოლო 200 წლის განმავლობაში საქართველოს თავზე დატეხილი ნებისმიერი
უბედურების მიზეზებზე. დერჟიმორდა იმპერიალიზმი მთელს მსოფლიოს ატერორებს
უკვე ორ საუკენეზე მეტია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მცირერიცხოვანმა,
4 მილიონიანმა ერმა თავისი შვილები დასახოცად გაიმეტოს. როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი იწყებს სამხედრო ქმედებებს,
პირველ რიგში ის იღებს პასუხისმგებლობას დაღუპული და გაუბედურებული
ადამიანების წინაშე. და პასუხისმგებლობა იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ეს
საერთაშორისო დახმარება ადამიანებს მოხმარდეს. იმ 2 მილიარდზე მეტი
დახმარებით ბევრი სახლის აშენება შეიძლება და ბევრი სამუშაო ადგილის
გაჩენა. თუ ეს ფული კვლავინდებურად გაფუჭებული ტანკებისა და
ქვემეხების შესყიდვას და შეიარაღებას არ მოხმარდა და გორის, შიდა ქართლის
და დაზარალებული რაიონების გვარიანად აღდგენას - ეს ნამდვილად ძალიან
კარგი გამოსავალი იქნება.
საქართველოში მშენებლებიც ბევრნი არიან და არქიტექტორებიც - სწორედ
მათ შეუძლიათ რომ დაგვიბრუნონ სამაჩაბლო და აფხაზეთი. მაგრამ, ეს საკითხი
სამწუხაროდ პუტინისა და სააკაშვილის წყალობით ცოტა ხნით გადაიდო.
სახელმწიფო სახსრების ინვესტირება სასწრაფოდ ადამიანების ჯანმრთელობაში,
მათს კეთილდღეობაში და ადამიანური გარემოს აღდგენაში არის ყველაზე
მნიშვნელოვანი. ომს და ძალადობას ყოველთვის ნგრევა და უბედურება მოაქვს. საუბედუროდ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
არ არსებობს ტერიტორია, თუნდაც დედამიწაზე ყველაზე დიდი,
რომელიც ერთი ადამიანის დაღუპვას მაინც გაამართლებს. ვინც ტერიტორიბს
დასდევს, ის ადამიანობას კარგავს ნელი-ნელ.
ამიტომაც კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი რომ მშვიდობიანად განვვითარდეთ
და მშვიდობიანად მოვაგვაროთ სადავო საკითხები. ამის უნარი უნდა ჰქონდეს
სახელმწიფო მოღვაწეს. მე პირადად მიშა სააკაშვილის არც გადაყენების და არც
გადმოყენების საკითხს არ ვაყენებ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და მაგ სფეროში
ყოფნაზე უარი ვთქვი აგრე უკვე 20 წელია. მე ვლაპარაკობ როგორც ჩვეულებრივი
ქართველი ადამიანი, რომელსაც ამ კონფლიქტებში ორივეჯერ დიდი პირადი
უბედურება დაემართა. 1992 წელს დავკარგე ჩემი უფროსი ბიძაშვილი, რომელიც ჩემი უფორის
ძმა იყო პრაქტიკულად - ირაკლი ამირეჯიბი, და ახლა კი სოფელ კარბის
დაბომბვის შემდეგ სერიოზულად დაიჭრა ჩემი მეორე ძმობილი, ავთო ციმაკურიძე,
რომელიც აგრეთვე ჩემი უფროსი ძმაა. ის საკუთარ სახლს იცავდა, როდესაც რუსებმა კასეტური ყუმბარები
ჩამოაგდეს კარბში. მე პრაქტიკულად ნახევარი ჩემი ბავშვობა კარბში მაქვს
გატარებული, რადგანაც ჩემი ძუძუმტეები იქ სახლობდნენ და უამრავ საოცარ
ხალხს ვიცნობ იქ. დღეს ეს სოფელი პრაქტიკულად აღარ არის. ახლა ნამდვილად ყველა ჩვენთაგანი უნდა გაერთიანდეს, რომ დავიწყოთ
ამ მწარე იარების მოშუშება. ანდა გავერთიანდეთ არა რომელიმე ისტერიული
პოლიტიკოსის ირგვლივ, არამედ არაძალადბისა და სიყვარულის ირგვლივ. უნდა
ვიყოთ ერთად იმისათვის რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს მშვიდობიანად ის
სოფლები და ქალაქები, რომლებიც განადგურდა. უნდა გავერთიანდეთ იმისათვის
რომ ჭრილობები მოვიშუშოთ. მტრების და მოღალატეების ძებნის მაგივრად
სიყვარული უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში და სხვებშიაც. იმისათვის რომ რუსის საოკუპაციო ჯარმა დატოვოს საქართველო
აუციელებელია რომ მართლაც ყველანი ერთ მუშტად დავდგეთ, მშვიდობიანად და
მოვითხოვოთ მათი გასვლა. ევროკავშირის ძალები მშვენივრად ჩაანაცვლებენ
მათ. და მთლიანად ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვაცხადოთ ძალადობისგან თავისუფალ
ზონად, სადაც იარაღით ვაჭრების ადგილს დაკავებენ ფერმერები, მშენებლები,
ექიმები, მასწავლებლები. 21-ე საუკუნეში ყველაზე კარგი იარაღი არის განათლება და
ჯანმრთელობა. ჩვენ ამ იარაღით უეჭველად დავამარცხებთ რუსეთის იმპერიას და
გაუთავებელი აღლუმების ტელევიზიით ჩვენების მაგივრად სჯობია ის
ახალგაზრდები ვაჩვენოთ ვინც განათლებას იღებს და ვინც სხვა ადამიანებს
ეხმარება. ყველა ადამიანი ჩადის შეცდომას თუ ცოდვას. არც მე ვარ უცოდველი
და უშეცდომო და ამის შესახებ კარგად იციან მითუმეტეს მანდილოსნებმა. და
გულწრფელად ვინანიებ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ნებისმიერი
ადამიანისთვის ნატკენ გულს. მე ვფიქრობ რომ შეცდომის აღიარება და სინანული არ უნდა იყოს უცხო
არც ერთი ჩვენთაგანისთვის, მითუმეტეს სახელმწიფო მოღვაწეებისათვის. შწორედ
სახელმწიფო მოღვაწე იყო ის, ვინც “გალობანი სინანულისანი” დაწერა.
გაუთავებლად “წარმატებებზე” ლაპარაკს ცოტა სინანულზე ლაპარაკიც რომ
შეგვერია მაშინ არც ისე ძალიან დაემსგავსებოდა ჩვენი ხელისუფლების
პროპაგანდისტული მანქანა ბოლშევიკურ ხუთწლედის მოხსენებებს. მე ვფიქრობ
რომ ეს შესაძელებელია. მე აგრეთვე ვფიქრობ რომ ნამდვილი მოქალაქეობრივი და
ზოგადადამიანური ჰუმანიზმის მაგალითს გვიჩვენებს კიდევ ერთი ჩემი
მეგობარი, საოცარი მანდილოსანი, რომელმაც კარგად იცის ომის საშინელება,
ნინო ქათამაძე. ის სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებთან ერთად გამოდის
კონცერტზე: “არ ისროლო”. ამ ძალადობის მიმართ საპროტესტო კონეცრტში
მონაწილეობენ რუსი, უკრაინელი, ოსი და სხვა ეროვნების მომღერლები. მეც მინდა რომ აქედან შევუერთდე ნინო ქათამაძეს და შევჩუკს, საოცარ რუს ხელოვანს და ვუთხრა: არ ვისროლოთ.
და აგრეთვე მინდა უმორჩილესად ვთხოვო ყველა იმ არაჩვეულებრივ მანდილოსანს,
რომელიც პოლიტიკურ ციებ-ცხელებას არის აყოლილი - არა აქვს მნიშვნელობა
მიშას მომხრეა თუ გრიშასი - არ ვისროლოთ, ვიყოთ ერთად სიყვარულისთვის. ეს ჩვენ ბევრად უფრო კარგად შეგვიძლია, ვიდრე სროლა.
და ბობ დილანისა არ იყოს, საერთოდ ავკრძალოთ ქვეყანაში ქვემეხები
და თოფები - ერთი ნინო ქათამაძე გადასწონის მთელი მსოფლიოს შეიარაღებას. და თითოეული თქვენთაგანიც ბევრად უფრო დიდი განძია, ვიდრე ნებისმიერი გრადი თუ სტინგერი, ჩემო ძვირფასო მანდილოსნებო.
|