პარასკევი, 2024-11-22, 2:27 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ახალი მსოფლიოს ძველი თამაშები (მეორე ნაწილი)

როზი ჯღამაია]
რუსეთს მონოპოლისტობაზე პრეტენზიების მიუხედავად, ნავთობბიზნესში არც ისე დიდი შანსები აქვს, მაგრამ რაც შეეხება გაზს, შანსები ნამდვილად აქვს მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს.

გაზის სფეროში, აზიას თუ არ ჩავთვლით, რეგიონში ორი დიდი მოთამაშეა - ირანი და რუსეთი. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ირანს უამრავი პრობლემა აქვს და მიწისქვეშა უზარმაზარი მარაგების მიუხედავად, გაზის ნაკლები მოპოვება ხდება. სანამ ამერიკა ირანს ემბარგოს არ მოუხსნის და რაც მთავარია, ირანში დასავლური ინვესტიციები არ შევა, ირანი გაზის მოპოვებას ვერ გაზრდის.

რაც შეეხება შუა აზიას, მარაგები აქ საკმარისადაა, თუმცა, მათი ევროპამდე მიტანა, ჯერჯერობით, რუსეთის გვერდის ავლით ვერ ხერხდება. ევროპის ერთადერთი შანსი შუა აზიდან ”ნაბუქოს” მილსადენის გაყვანაა, საიდანაც გაზი აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით შევა კონტინენტზე. ეს იქნება რუსული მხარის ევროპისთვის გაზის მიწოდების მეოთხე ალტერნატივა.

თსუ-ს პროფესორი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთი ვერ შეძლებდა მონოპოლისტის როლის თამაშს და დიდი ოჯახის პატარა ფინია გახდებოდა, რადგან გაზიდან შემოსავალი ჰაერივით სჭირდება რუსეთის ეკონომიკას.

დღეს, ამ პროექტის განხორციელბა დამასრულებელ ფაზაშია. გარდა ამისა, ევროსაბჭომ მაისში, ენერგეტიკული საკითხებზე ვენაში გამართულ მინისტერიალზე, მხარი დაუჭირა პოლონეთის და უკრაინის ახალ, ბროდი-გდანსკის პროექტს.

გაზი საქართველოს გავლით, შავი ზღვით გაივლის უკრაინასა და პოლონეთზე და მთელს ევროპას მიეწოდება. ეს პროექტიც დამსრულებელ ფაზაში იყო, რამაც საგონებელში ჩააგდო რუსეთი. ამიტომ, მან მშვენივრად გამოიყენა შანსი ეომა საქართველოსთან და ყველა ღონე იხმარა, რათა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ საქართველო რისკიანი ქვეყანაა.

ემზარ ჯგერენაია: ”მან ტანკები სპეციალურად დააყენა ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს და ყულევის ტერმინალზე, რადგან აზერბაიჯანის ოცნება, რომ შავ ზღვაზე ჰქონოდა გასასვლელი, ასრულდა. რუსეთმა კი თავის ჭკუით, გზა გადაუკეტა და გააფრთხილა, რომ თუ გაზს ბაქოდან ნოვოროსისკზე არ გაუშვებდა, სხვა შანსს არ დაუტოვებდა. რუსეთი შეეცადა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი დაერწმუნებინა, რომ ამ რეგიონში ბატონ-პატრონი თავადაა და დაუსჯელად შეუძლია საქართველოს დასჯა”.

როდესაც რუსეთის ენერგორესურსებზე ვსაუბრობთ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს, ენერგია ყველაზე სტაბილური გზებით მიეწოდება ევროპას, რომელსაც არც ისე ბევრი ალტერნატივა აქვს.

გარდა ამისა, ალტერნატიული გზების მოსაპოვებლად ევროპას უზარმაზარი სახსრებიც სჭირდება, მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ ეს ალტერნატივა მაინც ისეთი ვერ იქნება, რომ სრულად ჩაანაცვლოს რუსეთის ენერგორესურსები.

ამიტომაც, თავის დროზე, რუსეთს ბევრ რამეზე თვალი დაუხუჭა ევროპამ და ამერიკამ. თანაც, ორივენი ფიქრობდნენ, რომ რუსეთი მათი ერთგული ქვეშევრდომი იქნებოდა. თუმცა, რუსეთს ეს არ აკმაყოფილებდა. მან მოინდომა, რომ მთელი გაზის ბიზნესი ხელში აეღო.

დღეს შუა აზიის გასზადენები მსოფლიოში მხოლოდ რუსეთისგან გადის. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენის, რომელიც ”ცისფერი ნაკადის” სახელითაა ცნობილი, მთელი ნაკადები და მათი ტრანსპორტირებაც რუსეთს ეკუთვნის. ეს უნიკალური პროექტი იტალიელებმა გააკეთეს, მაგრამ შემდეგ რუსეთს მიყიდეს.

ახალი მათრახი ევროპისთვის
ახლა რუსეთი თავად აშენებს ახალ ”ჩრდილოეთის ნაკადს”, მოკლედ, მათ ტრანსპორტირებისთვის სრული პაკეტი სჭირდებათ, რაც მეორე ”მათრახი” იქნება მსოფლიოსთვის.

ემზარ ჯგერენაია: ”რუსეთს პრეტენზია მხოლოდ გაზის ტრანსპორტირებაზე როდი აქვს. ისინი მიადგნენ ევროპის გამანაწილებელ კომპანიებს და წილს ითხოვენ, რაშიც ნებისმიერი თანხის გადახდაზე არიან თანახმა. ისინი წილს ითხოვენ ინგლისში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, უნგრეთში, ჩეხეთში და სადაც კი ხელი მიუწვდებათ”.

ეს იმისთვის რომ, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, ამ ქვეყნის მთავრობებს გაზის მარწუხები მოუჭირონ და იმპერიისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება აიძულონ.

თუმცა, რუსეთის მთავარი პრობლემად დღემდე ის რჩება, რომ ნავთობ-დოლარები ვერ გარდაქმნა საინვესტიციო ეკონომიკურ ნაწილში. კორუფციაში ჩაეფლო, სტაფ-ფონდის შეჭმა დიწყო და ერთმანეთს დაერივნენ.

ემზარ ჯგერენაია: ”დაიწყეს შეტევა ”ჰარვარდის ჯგუფზე” და მთელი ქონება წაართვეს. დასავლეთმა კი მეორე ისტორიული შეცდომა დაუშვა, როდესაც თვალი დახუჭა კერძო საკუთრების ხელყოფაზე”.

- ”რუსეთის მთავარი მიზანია, ხელში ჩაიგდოს ევროპა, ამერიკას ჩამოაშოროს მოკავშირეები და გახდეს მსოფლიო იმპერია. იგი სასწრაფო ტემპით აშენებს ”ტოტალთან” ერთად ”სახალინ-2”-ს, სადაც უკვე გაყიდულია გაზი ჩინეთზე და იაპონიაზე. ანუ, რუსეთი ბატონ-პატრონი ხდება სიტუაციის”.

ასე რომ, ევროპას და მსოფლიოს ”ნაბუქოს” გარდა სხვა შანსი არ აქვს და თავისდა სასიკეთოთ, ვალდებულია მხარი დაუჭიროს საქართველოს და აზერბაიჯანს. სხვა მხრივ, არ ღირს თავის მოტყუება, რომ ევროპა თავს გადადებს საქართველოში დემოკრატიის დასაცავად და კრომველის იდეების გასატარებლად. სხვა თუ არაფერი, ბევრჯერ გვახსოვს ევროპისგან მიტოვებული და ნაღალატევი საქართველო.

- ”ევროპას უკვე აღარ აქვს კიდევ ერთი შეცდომის უფლება, რადგან თუ უკან დაიხევს, თავადაც ვერ გადარჩება. რუსეთი ეკონომიკურად უნდა დაანგრიო, შიმშილში დაახრჩო და შემდეგ უნდა აიძულო, რომ დაათმობინო. რუსეთი სხვაგვარად არ დათმობს.”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ძლევამოსილი ამერიკა
ევროპისგან განსხვავებით ამერიკა რუსეთისგან თავისუფალი ქვეყანაა და სხვა თუ არაფერი, რუსეთის სარეზერვო ფონდიდან, ასობით მილიარდობით დოლარი ამერიკის ობლიგაციებში დევს.

სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკამ ამ ომისგანაც ბევრი რამ მიიღო - პოლონეთში და ჩეხეთში ლოკატორები დააყენა, ირანის საკითხიც თითქმის მიყუჩებულია, ტერორისტ კადაფსაც კი ხელი ჩამოართვა და, ყველაფერი ეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მსოფლიო გადალაგდა. ყველაფერ ამაში კი ამერიკას უდევს ლომის წილი, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზესახელმწიფო და მსოფლიო ლიდერია.

მორიელის ბალღამი
პუტინი მსოფლიო ლიდერობისთვის ემზადებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ვერ გათვალა. ამ ომის შემდგომ ბევრი რამ მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, პუტინს თავისი ნამოქმედარი უკლებლივ უკან დაუბრუნდება და მასვე გაანადგურებს.

დღეს იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობის მიუხედავად, მას მსოფლიოში უფრო მეტი მხარდამჭერი ყავდა, ვიდრე თანამედროვე რუსეთს. პუტინმა თავი არ დაზოგა, რომ ქვეყანა იზოლაციაში მოექცია. რუსეთის ეკონომიკამ ნგრევა უკვე დაიწყო და ალბათ, ეს პროცესი სწრაფად არ შეჩერდება.

ემზარ ჯგერენაია: ”ქვეყნიდან 80 მლრდ დოლარი გავიდა და არცერთი სერიოზული პროექტი არ ხორციელდება. რუსეთმა უკან დაიხია ”ბიპისთან”, წართმეული წილი უკან დაუთმო ”ტოტალს” და ევროპას დაუწყო ლაქუცი. მაგრამ, რუსეთს ეს არ უშველის”.

- ”რა თქმა უნდა რუსეთი უკან დაიხევს. რუსების წინააღმდეგ ებრაელების სერიოზული ბიზნეს-ლობი იბრძვის, რომელსაც რუსეთმა უსამართლოდ წაართვა ბიზნესები და ქონება. ისინი დღეს სერიოზულად იბრძვიან თავიანთი პოზიციების დასაბრუნებლად და ამის შედეგი იქნება პუტინის და მისი ჯგუფის გაჩანაგება, მის იმპერიასთან ერთად”.

რუსეთი დღეს მსოფლიო ბაზარში მეტადაა ინტეგრირებული. მას საკმაოდ ჩამოყალიბებული საფინანსო ბაზარი აქვს და პრობლემა სწორედ აქ შეექმნა. დაეცა მათი ბირჟები და კაპატალიზაცია. მათ უნდოდათ ამ კაპიტალიზაციით, საფინანსო ბაზრებით და საბაზრო ინსტრუმენტებით ეცხოვრათ და ფული ეშოვათ, თანაც ისე, რომ ჩექმებიანი კგბ-ს გენერლებად დარჩენილიყვნენ, რაც არ გამოვიდა.

ემზარ ჯგერენაია: ”ისინი დღეს მილიარდებს კარგავენ და საშინლად უკმაყოფილონი არიან პუტინის. ეს ტალღა უკვე გორდება. როცა ”გაზპრომის” კაპიტალიზაცია 284 მლრდ დოლარია და მათ ხელში უჭირავთ ”გაზპრომის” აქციები, ხოლო საქართველოსთან ომის გამო, შემოსავლების 27%-ს კარგავენ, ამას არავის აპატიებენ”.

- ”ფულის საზოგადოების გადაწყვეტილება უმკაცრესია, მათ გულჩვილობა არ სჩვევიათ. დასავლეთმა აქილევსის ქუსლი მოუნახა რუსეთს და ზუსტად იქ დაარტყა და, ეს გაგრძელდება წლების განმავლობაში”.

შიში და სტრატეგია
არა მხოლოდ რუსეთში, საქათველოშიც ბევრია დარწმუნებული, რომ დასავლეთი და რუსეთი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არიან განწირულნი. რუსეთი უზარმაზარი მარაგების ქვეყანაა და ეს ნორმალურიცაა, რომ დასავლეთს მასთან მტრობაზე მეტად მეგობრობა სურს. მაგრამ, რუსეთი ჯერაც განაგრძობს ურჩობას და თუ ”წითელი ხაზი” გადაკვეთა, დასავლეთი იძულებული იქნება მის ზღვარგადასულ ამბიციებს წერტილი დაუსვას.

თუმცა, ეს ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება, რადგან არსებობს ისეთი რამეებიც, რაც დასავლეთს აიძულებს ფრთხილად, დროში გაწელილად იმოქმედოს.

ემზარ ჯგერენაია: ”მსოფლიოსთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა რუსეთის ატომური, ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღები. ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა რაკეტები დაუშინოს ვინმეს, თუმცა რუსეთისგან მოულოდნელი არაფერია.

უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ არ გაიპაროს ტექნოლოგია, ელემენტარულიც კი. არ გაიპაროს ის სამხედრო ტვინები, რომელიც იარაღს ამზადებენ, მათ შორის ქიმიურს და ბიოლოგიურს.

რუსეთს უამრავი საშინელი იარაღი აქვს. მათ შეუძლიათ, ერთ თვეში ჯანმრთელი ადამიანი კუჭის, ან ტვინის კიბოთი დაავადონ. ქაღალდზე ნივთიერების წასმით, წერილის ადრესატს ინფარქტი დამართონ და ა.შ. რა თქმა უნდა, მსოფლიოს აფრთხობს ამ ტექნოლოგიების გაპარვა”.

ამიტომ, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობას სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რაც უკვე დაიწყო – ”სწორედ ამიტომ გადიან ტანკები საქართველოდან და დარწმუნებული იყავით, რომ აფხაზეთიდანაც გაიყვანენ”.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 854 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz