პარასკევი, 2024-11-22, 2:33 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც ცხინვალის დაკავების ბრძანება გასცა?

ნინო ლოლაძე]
ოპოზიცია აგვისტოს მოვლენების ობიექტურ გამოძიებას და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს. თავის მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეისწავლონ საქართველოში განვითარებული მოვლენები. ირწმუნება, რომ მისი ხელისუფლება ამ საკითხების გამოძიების დროს ყველასთან ითანამშრომლებს.

“პრესა.გე” ამ საკითხებზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს დავით უსუფაშვილს ესაუბრა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. “რესუბლიკელებს” რა კითხვები გაქვთ?
- ჩვენი მთავარი კითხვა ასეთია: რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც ცხინვალისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის სოფლების დაკავების თაობაზე ბრძანება გასცა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, რომ რუსეთს მობილიზებული ჰყავდა არმია, ხოლო პუტინს არა ერთხელ ჰქონდა გაცხადებული კრემლის ზრახვების შესახებ. თუ სააკაშვილი გვეტყვის, რომ იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაცვას ცდილობდა, ეს ვერ ჯდება განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვში. ქართული სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. აღარაფერს ვამბობ შედეგებზე, რადგან ეს ხალხი დაცვის ნაცვლად დევნილებად ვაქციეთ.

ელოდებით, რომ ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული?
- პასუხგაუცემელი კითხვები ისტორიაში არ რჩება. ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხების დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა არა მარტო ქართულმა ოპოზიციამ, არამედ ევროკავშირმა, ნატომ, შეერთებული შტატების კონგრესმა. საპარლამენტო წრეებში შექმნილ ჯგუფს, რომელსაც სიმართლის დადგენა დაევალა, უნდობლობას უცხადებს მთელი დემოკრატიული საზოგადოება. ამიტომ მათ მიერ მოძიებული ფაქტები და დასკვნები ნაკლებ საინტერესოა.

ჩვენ ველოდებით სოსო ცისკარიშვილისა და გია ხუხაშვილის ხელმძღვანელობით მომუშავე ქართველ ექსპერტთან ჯგუფის დასკვნებს. როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც შეიქმნება მსგავსი ჯგუფები და ხელისუფლებას სურს თუ არა კითხვებზე პასუხების გაცემა, ძალიან მალე პასუხები მაინც ნათელი გახდება.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. როგორია “რესპუბლიკელების” პოზიცია?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ 7-8 აგვისტოს და შემდგომი მოვლენების გამო, არამედ ქვეყანაში განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მას რამდენიმე “საეტაპო მიღწევა” ჰქონდა, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებით დაგვირგვინდა. ამას მოჰყვა გაყალბებული არჩევნები. ამ ყველაფერმა ქვეყანა ძალიან მძიმე კრიზისამდე მიიყვანა. წინ ჯერ კიდევ უამრავი საფრთხე გვაქვს და ყველაფერზე პასუხისმგებელი მმართველი ძალაა. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ხელისუფლების ბედი ხალხმა თავისუფალი სამართლიანი არჩევნების გზით უნდა გადაწყვიტოს.

თუმცა, ვიდრე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, მანამდე ბევრი კონკრეტული საკითხია მოსაგვარებელი, ესაა მედიის თავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობა, ამომრჩეველთა სიები, საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა პარლამენტს ქვეყნის სახელისუფლო სისტემაში სერიოზული დატვირთვა მიენიჭოს.

საარჩევნო ადმინისტრირება დიდწილად უცხოური ორგანიზაციების მეშვეობით უნდა ჩატარდეს და ამ გზით მოხერხდეს იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობს ხალხი და ვის ანდობს თავის მომავალს.

სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგშია. თუმცა, არასწორი იქნებოდა, თუ ჩვენ მხოლოდ ერთი პიროვნების პრობლემად წარმოვაჩენდით იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება. ეს პირველ რიგში, სისტემის პრობლემაა და სისტემის შესაცვლელად საპარლამენტო არჩევნები უფრო უპრიანია. ახალმა პარლამენტმა კი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

თუ არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება, რა იმედი გაქვთ, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს?
- ეს არის სწორი გზა და რაც სწორია, იმის იმედი ყოველთვის მაქვს. წინა არჩევნები რეალური არჩევნები არ იყო. მაშინ დასავლეთი ნახევრად თვალდახუჭულ მდგომარეობაში იყო, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, მხოლოდ შიდაპრობლემებად მიაჩნდათ.

დღეს სხვა ვითარებაა, მთელ მსოფლიოს აქვს განსაცდელი, საქართველოს შიდაპრობლემები მათ პრობლემად იქცვა და საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს სულ ერთი არ არის დემოკრატიული მსოფლიოსთვის. ამიტომ დღეს არავინ აპირებს თვალის დახუჭვას არც დღევანდელ ვითარებაზე და არც მით უმეტეს საარჩევნო საკითხებზე.

პოლიტიკური კულუარებში საუბრობენ, რომ მემარჯვენე იდეოლოგიის ძალთა ოპოზიციური ფრონტი იქმნება, სადაც “რესპუბლიკელები” “ახლებთან” და ბურჯანაძესთან ერთად იქნებიან.
- ეს იმ ხალხის მოსაზრებებია, რომლებიც პოლიტიკური ჭორებით ცხოვრობენ. სერიოზული ადამიანები კი დღეს ფიქრობენ იმაზე, როგორ ვუშველოთ ქვეყანას და ამ ფიქრში ჩვენ, “რესპუბლიკელები”, ვალდებულნი ვართ, კონსულტაცია გვქონდეს ოპოზიციურ ძალებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა. რაც შეეხება რაიმე ტიპის საარჩევნო შეთანხმებებსა და კოალიციებს, ეს დღის წესრიგში არ დგას. “რესპუბლიკელებს” მიგვაჩნია, რომ მომავალი პოლიტიკური ცხოვრება ორეტაპიანი პროცესით უნდა განვითარდეს.

პირველი ეტაპი ეს არის მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებისა, რათა შევეხმიანოთ დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ ძალიან მძიმე პრობლემებს, ჟენევის მოლაპარაკების საკითხებს, დევნილების თემას. საჭიროა რუსეთის აგრესიის შეჩერება და ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჯერ არაფერი დასრულებულა, რუსეთს მხოლოდ ტაიმ-აუტი აქვს აღებული. როცა ეს პრობლემები მოგვარდება, მაშინ უკვე აუცილებელი იქნება საარჩევნო კოალიციებზე ფიქრი.

თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში ამ თემაზე საუბარი უყვართ და უკვე ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ნინო ბურჯანაძე შესაძლოა “რესპუბლიკელების” ლიდერადაც კი მოგვევლინოს. ესეც მორიგი ჭორია, თუ კონსულტაციები ამ საკითხზე მართლაც მიმდინარეობს?
- არა მგონია, რომ ის ხალხი, ვისაც პოლიტიკაში რაღაც გაეგება, ფიქრობდეს, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” ვინმე ახალი ლიდერის გარედან მოყვანა სჭირდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, შესაძლოა, ბევრი სხვა მიმართულებით გვქონდეს პრობლემები. რიგი სიტუაცია გამოსასწორებელია და პარტია გასაძლიერებელი, მაგრამ არსებული და მომავალი შესაძლო ლიდერებით პარტია დღესვე მდიდარია.

ეს ეჭვები გააჩინა, თქვენმა ნინო ბურჯანაძის ფონდში გამოჩენამ, ამასთან ერთად ვიზიტით ამერიკაშიც იყავით.
- ამერიკაში “დემოკრატიული პარტიის” ყრილობას დავესწარი. ამავე ღონისძიებაზე იყო მიწვეული ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ამ შეხვედრას ესწრებოდა დავით ბაქრაძე, გია ბარამიძე და მიხეილ მაჭავარიანიც. ამ ფაქტის გამო იმედია, პოლიტიკური ჭორების მოყვარულებს ის აზრი არ გასჩენიათ, რომ “რესპუბლიკური პარტია” დავით ბაქრაძესთან ერთად რამეს აპირებს.

რა თქმა უნდა, იქ ერთად ვიყავით და ვცდილობდით, რომ ქვეყანა წარმოგვეჩინა ერთად ოპოზიციას და ხელისუფლებას, ეს აუცილებელია. თუმცა, სადმე პოლიტიკოსების ერთად ყოფნის გამო რაიმე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არ ვურჩევ არავის.

ამბობენ, რომ დასავლეთი სერიოზულად ეძებს ფიგურას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჩაანაცვლებს.
- მსოფლიო ასე არ ცხოვრობს და პოლიტიკა ასე არ კეთდება, რომ ვიღაცამ სადაც ჩაიყვანოს ვინმე და რაღაც უჩურჩულოს ყურში. თუმცა, სამწუხარო ფაქტის წინაშე ვართ, დასავლეთმა დაინახა ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე, პირველ რიგში, ის, რომ შეუძლებელია მისი ნდობა.

ამას მოჰყვება მეორე საფრთხე, რომ დასავლეთმა ეს პრობლემები არ გააიგივოს ქართველ ხალხთან და საქართველოსთან. ამიტომ დემოკრატიულ ძალებს მართებს სერიოზული მუშაობა დასავლეთშიც, რომ ამ ხელისუფლების პრობლემები ქვეყანასთან არ გაიგივდეს.

რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების შიგნით დაიწყოს გარკვეული რღვევა. მით უფრო, რომ სააკაშვილის შესაძლო შემცვლელებზე საუბრების დროს აქცენტები ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლებზეც კეთდება. მაგალითად, ამ კონტექტსში გაიჟღერა გიგი უგულავას და ირაკლი ალასანიას სახელებმა.
- დღეს ხელისუფლება საფრთხის მატარებელია, რადგან არ არის გამორიცხული, შიდასახელისუფლო გარჩევები დაიწყოს, რომელსაც შეიძლება გადატრიალების მცდელობა მოჰყვეს. ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ხედავს, რომ მათი საქმე ცუდად მიდის.

ხვდებიან, რომ სააკაშვილის მატარებლის გაყოლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ამიტომ არ არის გამორიცხული, სხვა ლოკომოტივთან ჩაბმა არჩიონ და თავისი ლიდერი გაწირონ. ეს საფრთხე არსებობს და ამ პროცესებს დიდი ყურადღება სჭირდება. არ მჯერა, რომ ეს ხალხი რაიმე გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს, ისინი მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე იზრუნებენ.

ქვეყანა უნდა მართოს თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულმა ხალხმა და არა ოპოზიციამ, რომელიც სადმე შეიჭრება, ან სახელისუფლო ჯგუფებმა, რომლებიც ერთმანეთს ძირს გამოუთხრიან და თავად მოექცევიან ოლიმპზე.

თქვენ დღეს ხელისუფლებაში მყოფ პირებთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?

- ვინმე რომც არსებობდეს ასეთი, ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მას ხვალვე თავს წააცლიდნენ. მეორე მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ უნდა გულისხმობდეს ადამიანების ერთი ხელის მოსმით გაყრას და სხვების მოსვლას. სახელმწიფო სამსახურში ბევრი ღირსეულია და ნებისმიერ შემთხვევაში მათ თავიანთი საქმიანობა უნდა გააგრძელონ. რაც შეეხება სახელისუფლო ელიტას, ვერ ვხედავ იქ ვინმეს, ვისთან ერთადაც შეიძლება ქვეყნის მომავალზე ფიქრი.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 845 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz