[ნიკა ასლანიძე] “ნუ მოვიტყუებთ თავს, აუცილებელია დიალოგის
წარმართვა რუსეთთან და არა სიარული სოხუმსა და ცხინვალში”. - ეს გახლავთ
კახა ლომაიას სიტყვები, რომელიც 2004 წლის 4 აგვისტოთი თარიღდება.
უშიშროების საბჭოს მდივნის ამ სიტყვების ციტირებით ამთავრებს თავის
ანგარიშს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. რის შემდგომ, ოთხ დღეში ომი
დაიწყო, რომელსაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მოჰყვა. ზემოთხსენებულ ანგარიშს რესპუბლიკური პარტიის წევრი და
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი 2005 წლიდან დღემდე ადგენს, რომელიშიც
ქრონოლოგიურადაა ასახული, თუ როგორ ვითარდებოდა ქართულ-აფხაზურ და
ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები. როგორ ცდილობდა ხელისუფლება და მმართველი პარტიის
წარმომადგენლები მიზანმიმართულად არ დასწრებოდნენ ასეთ შეხვედრებს და უფრო
მეტიც ჩაეშალათ დიალოგისკენ მიმავალი პროცესები. ანგარიშში ჩამოთვლილია ყველა ის შეხვედრა და შეხვედრათა ჩაშლის
მცდელობა რომელთა მონაწილეც თავად ზაქარეიშვილი გახლავთ. პოლიტოლოგს
გაუჩნდა ვერსიები იმის შესახებ თუ რატომ არიდებდა ხელისუფლება თავს
დიალოგს და რატომ ცდილობდა პროცესის ჩაშლას, მაგრამ აშკარა
მტკიცებულებების არქონის გამო, პოლიტოლოგი სახელისუფლებო სტრატეგიაზე
მხოლოდ ვერსიების დონეზე საუბრობს. პაატა ზაქარეიშვილი: ალბათ, არსებობს კონკრეტული მიზეზი,
რის გამოც თანმიმდევრულად იბლოკება წლების მიერ გამოცდილი სამშვიდობო
პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებები, მაგრამ უტყუარი ფაქტების არარსებობის
გამო, იძულებული ვარ, მოსაზრებების, ეჭვებისა და ვერსიების დონეზე
ვიმსჯელო: ვერსია პირველი: სააკაშვილის მიერ არაერთგზის საჯაროდ
განცხადებული პოზიცია, რომ სეპარატისტებთან შეხვედრები უნდა ტარდებოდეს
მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მისთვის მიუღებელია საქართველოს
საზღვრების გარეთ მათთან შეხვედრა (მაგალითად, 2005 წლის 30 სექტემბერს
შემთხვევით შევხვდი ნიკა რურუას. მან გაიკვირვა, როცა გაიგო, რომ ვენის
შეხვედრა მაინც შედგა. იგი დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრა ჩაიშალა.
უცნაურია, პარლამენტის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა, ამ ხნის განმავლობაში
არც კი იცოდა და არც კი დაინტერესებულა, გაეგო, თუ რა ბედი ეწია მის მიერ
უარყოფილ შეხვედრას. გარდა ამისა, ჩემს კითხვაზე – მისი აზრით, ღირს თუ
არა მომავალში ამ ტიპის შეხვედრების დაგეგმვა, პასუხად მან რამოდენიმეჯერ
გაიმეორა, რომ კარგი იქნება, თუ აფხაზები როგორმე თბილისში მოახერხებენ
ჩამოსვლას(!!!) ასეთი პასუხით ბატონმა რურუამ ირიბად დაადასტურა, რომ, სულ
ცოტა, მის შემთხვევაში მაინც, ვენის შეხვედრაში არმონაწილეობის მიზეზი
სწორედ იმ მოთხოვნის შესრულება იყო, რომელიც აფხაზებთან ორმხრივ დიალოგს
მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გულისხმობს!). ვერსია მეორე: ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს
შეიარაღებული გზით არსებული კონფლიქტების მოგვარებას. ამ პოზიციას, თუმცა
შეფარვით, მაგრამ რეგულარულად და რიგრიგობით აჟღერებენ თავდაცვის მინისტრი
და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მისი
მოადგილე და არც თუ იშვიათად, თვით საქართველოს პრეზიდენტიც. თუ ამ
ვერსიას დავუშვებთ, მაშინ ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს
ნდობის აღდგენითი ურთიერთობების გაღრმავება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან.
იმ შემთხვევაში, თუ, მუდმივმომქმედი არაფორმალური შეხვედრების შედეგად,
მხარეებმა სერიოზულ სამშვიდობო პროცესს ჩაუყარეს საფუძველი, შემდგომ,
ქართული მხარის მიერ ამ პროცესიდან გამოსვლა მოკავშირეებისა და საკუთარი
მოსახლეობის მხარდაჭერას ეჭვქვეშ დააყენებს. ვერსია მესამე: რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა
მოგვეჩვენოს, ეს შეიძლება იყოს რუსეთის ფაქტორი. საყოველთაოდ ცნობილია,
რუსეთის აღვირახსნილი და გამომწვევი როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და
მისი ინტერესების რეალიზაციის, ყოველგვარ პოლიტიკურ კორექტულობას
მოკლებული საშუალებები. თუ არსებობს მხარე, ვის ინტერესებშიც არ უნდა
შედიოდეს ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის წარმატებული
რეგულარული ორმხრივი შეხვედრები, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი.
ძნელია, დანამდვილებით მიუთითო რომელიმე პოლიტიკოსზე, ვინც შეიძლება იყოს
რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ლობისტი საქართველოს ხელისუფლებაში,
მაგრამ ერთ-ერთზე, ვისზეც შეიძლება დაფიქრება, ალბათ, პრეზიდენტის ბიძა -
თეიმურაზ ალასანიაა. ამ მიმართულებებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ლოგიკური
ჯაჭვის აგება, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, მხოლოდ შიშველ
მოსაზრებებზე დაყრდნობამ შეიძლება, ცრუ შედეგებზე გაგვიყვანოს. ვერსია მეოთხე: ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში საქართველოს
პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის - ირაკლი ალასანიას ფაქტორი.
საექსპერტო საზოგადოებაში არსებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანია
მოიაზრება იმ პერსპექტიულ პოლიტიკოსთა ჯგუფში, ვის მიმართაც აშშ
ადმინიატრაციას თავისი ინტერესები გააჩნია. ქართულ პრესაშიც არაერთხელ
გაუჟონავს ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ალასანიას მოიაზრებენ ამა თუ იმ
ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელად. არა არის გამორიცხული, ისინი, ვინც
ალასანიას მოიაზრებენ თავის შესაძლო ალტერნატივად, ეჭვიანობის ნიადაგზე,
ცდილობენ, ხელი შეუშალონ მას წარმატებული პოლიტიკური კარიერის გამართვაში.
ვერსია მეხუთე: პაატა ზაქარეიშვილის ფაქტორი. მე, 1996
წლიდან, ვმონაწილეობ სხვადასხვა ფორმატის ქართულ-აფხაზურ პროექტებში,
რომლებიც, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების მიერაა ინიცირებული. მათი
უმრავლესობა ხორციელდება ორმხრივი, არაფორმალური შეხვედრების სახით.
ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ჩემი მონაწილეობა ამ შეხვედრებში
ყოველთვის იყო, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი
წევრის მონაწილეობა. ვერსია მეექვსე: სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის
შესუსტება კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში, მისი
დისკრედიტაციის მიზნით. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ხელუფლების
წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობაზე უარის თქმა, როგორც
წესი, ხდება, შეხვედრამდე რამოდენიმე დღით ადრე, როცა სიტუაციის
გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერსია მეშვიდე: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის სრულიად ბანალური ეჭვიანობა თავისი თანაგუნდელების მიმართ. არ
არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს არ სურს, თავისი პერსონალური კონტროლის
გარეშე, განვითარდეს ისეთი პროცესები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ
თვითკმარი პოლიტიკოსების ჩამოყალიბებას მის გუნდში. და ბოლოს, ვერსია მერვე: არ არის გამორიცხული, რომ
ხელისუფლებას ჰქონდეს თავისი საკუთარი ორმხრივი კონტაქტები აფხაზურ ან
ოსურ მხარეებთან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მე ან სხვა ექსპერტებს
გვექნებოდა ამ პარალელური პროცესის შესახებ მეტ-ნაკლებად სანდო
ინფორმაცია. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კონფიდენციალურობის დონე
იმდენად მაღალია, რომ ინფორმაცია არსებული კონტაქტების შესახებ საიმედოდაა
დაცული.
|