Pioter Smoliar. Le Monde] 21
სექტემბერს, ფრანგულ ”ლე მონდში” გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის
ინტერვიუ ოპოზიციის მიერ აგორებული სკანდალის მიზეზი გახდა. ”ვერსიამ”
მოიძია ინტერვიუს ფრანგული და რუსული ვარიანტი, რომლებიც აბსოლუტურად
იდენტური აღმოჩნდა. ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით პრეზიდენტის
ადმინისტრაციას და რაიმე სახის განმარტება მაინც მიგვეღო, რაც ობიექტური
მიზეზების გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხს
აშშ-დან პრეზიდენტის დაბრუნებისთანავე გაარკვევენ. ”ვერსიამ” ინტერვიუს
სრულ ვარიანტი გამოაქვეყნა. ”პრესა.გე” ” ვერსიის” ნებართვით, შემოკლებულ
ვარიანტს გთავაზობთ:
კონფლიქტის პირველ დღეებში აშშ-ს დუმილმა იმედები გაგიცრუათ? -
რუსებმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს. მათ იცოდნენ, რომ ბუში პეკინში
იქნებოდა, ასევე ესმოდათ, რომ უპრიანი იყო, შეტევა დაეწყოთ სამხეთ ოსეთზე
და არა, აფხაზეთზე, სადაც ამას ველოდით და სადაც რუსეთი ვერ შეძლებდა,
შეენიღბა საკუთარი ღია აგრესია. სამაგიეროდ, ეს საკითხი სამხეთ ოსეთში
დღემდე სადავოა და მათ იცოდნენ, რომ ასეც იქნებოდა.
პუტინი ამაზე დიდხანს ფიქრობდა. პირველად იგი დაგვპირდა, რომ
ჩრდილოეთ კვიპროსის 2006 წლის სცენარს მოგვიწყობდა და ამის შესახებ
დასავლეთის ლიდერებთანაც განაცხადა. ეს სცენარი არა მხოლოდ იურიდიულ,
სამხედრო მოწყობასაც გულისხმობდა. შემდეგ ამას დაემატა კოსოვოც.
შემოდგომის შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსები საკუთარ სამხედრო
პოზიციებს იმაგრებენ. მათ ააშენეს სამხედრო ბაზები ჯავასა და აფხაზეთში,
თუმცა იქ იარაღი არ შეუტანიათ. რუსეთმა გაგზავნა დესანტი აფხაზეთში,
ვითომ, რკინიგზის ასაშენებლად. ეს იყო შემოწმება იმისა, რა რეაქცია ექნება
ამაზე დასავლეთს.
რეაქცია იყო ნული. დასავლეთმა სტრატეგიულად გათვალა და დაასკვნა,
რომ სერიოზული არაფერი მოხდება, ამასობაში კი, რუსებმა მთელი ძალით
მზადება დაიწყეს, პუტინმა შეძლო, ყველა დეტალი გაეანალიზებინა.
თუ როდის დაერტყა, როგორი იქნებოდა პირველი რეაქცია, რომელი
ისტორიის მოგონებაა უკეთესი. მე კი ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდი, რათა
გამეფრთხილებინა ჩემი დასავლელი მეკავშირეები, რომლებიც მპასუხობდნენ, რომ
იმპულსური ვარ და ყველაფერს ვაზვიადებ. ეს კლიშე ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა
და საკუთარი თავის რწმენას მაკარგვინებდა, რადგან თუკი 200-ჯერ გიმეორებენ
რაღაცას, საკუთარ სიმართლეში თავადაც ეჭვი გეპარება.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის კრემლი პიროვნულად თქვენზე ასე ფოკუსირებული? -
ამაში ახალი არაფერია. პირველივე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როცა
საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზია გამოვთქვი, პუტინმა ჩათვალა, რომ
სრულ ჭკუაზე არა ვარ. (საბჭოთა პერიოდში) ისინი დისიდენტებს ფსიქიატრიულში
გზავნიდნენ. მართლაც მხოლოდ გიჟს შეეძლო, ბრძოლაში გამოეწვია ”კაგებე” და
რუსეთის წინააღმდეგ წასულიყო. სამწუხაროა, რომ დასავლეთში ზოგიერთებიც
იზიარებენ მათ პოზიციებს.
მე მხოლოდ ფიცხი ადამიანი ვარ! ჩვენ - სამხრეთევროპელებს,
შესაბამისი ტემპერამენტი გვაქვს, ჩვენი წეს-ჩვეულებები, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ ირაციონალურები ვართ. რუსები ცდილობენ, დანაშაული ერთ
ადამიანს გადააბრალონ. თუკი აშშ-მ მოიცილა ლიდერი (ერაყში), რომელიც მას
არ აწყობდა. რატომ არ შეიძლება, ჩვენც ასე მოვიქცეთ? თუკი დასავლეთმა
აღიარა კოსოვო, ჩვენ რატომ არ უნდა გავიმეოროთ იგივე? თუმცა, ყველა
შემთხვევაში, რუსები საწინააღმდეგო მოტივებით ხელმძღვანელობენ. მათ უნდათ,
მოიცილონ ჩემი ხელისუფლება იმიტომ, რომ ჩვენ დემოკრატები ვართ.
რატომ, თქვენ რა, შეუცვლელი ხართ? - დარწმუნებული ვარ,
ქართული დემოკრატია უჩემოდაც შესანიშნავად იარსებებს. დიახ, ზოგიერი
ოპოზიციური პარტია ქვის ხანიდან გამოვიდა. მე ვხედავ უამრავ კომპეტენტურ
ლიდერს და აღფრთოვანებული ვარ მათით. ამაშია ქართული გამოცდილების
განსაკუთრებულობა, რასაც პუტინი ვერაფრით ურიგდება.
მე პოსტსაბჭოთა ეპოქის ადამიანი ვარ. მახსოვს სსრკ, ვსწავლობდი იმ
წლებში, თუმცა არ მიმუშავია. დღეს ჩვენ გვყავს დეპუტატები, მინისტრები,
რომელთა ასაკი 24-26 წელია. მათ ბუნდოვნად იციან ლენინი და სტალინი!
აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. არა აქვთ გამოცდილება,
მაგრამ რაც აქვთ, ეს დიდი უპირატესობაა. მათ არა აქვთ კომპლექსები. უფრო ლაღად მოქმედებენ და ამით დიდად
განსხვავდება საქართველოში შექმნილი ვითარება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში,
ბალტიის ქვეყნებშიც კი, არსებული სიტუაციისგან. სწორედ ამიტომაც, ქართული
დემოკრატია დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს. ამ ხალხს მამა არ სჭირდება,
აბსოლუტურად მომწიფებულია იმისთვის, რომ საღი გადაწყვეტილებები მიიღოს,
რაც ამ კრიზისმაც დაამტკიცა.
პიროვნულად არ გეშინიათ? - ამაზე ფიქრი შეუძლებელია.
შეიძლება, ქუჩაში გამოხვიდე და თავში აგური დაგეცეს. ამის მაგალითად
იუშჩენკოს ფაქტიც გამოდგება. მათ უნდათ, ყველა დააშინონ. როცა ჩვენ ბოლოს
მოგვიღებენ, ისინი გაიმარჯვებენ. სწორედ ამიტომ გავემგზავრე ლონდონში მას
შემდეგ, რაც ლიტვინენკო მოწამლეს და ვაიძულე დაცვა, არ გაესინჯა საკვები,
რომლის ჭამასაც ვაპირებდი.
ამ კვირაში თქვენ გამოაქვეყნეთ აუდიოჩანაწერები, რომელიც
ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები მანამდე შევიდა სამხრეთ ოსეთში,
სანამ თქვენ 7 აგვისტოს ცხინვალზე შეტევას დაიწყებდით. რატომ აქამდე არ
გამოაქვეყნეთ ეს ფაქტები? - ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრის 6 000
ფრაგმენტი. საჭირო იყო ყველა მათგანის მოსმენა და საჭირო საუბრის პოვნა.
ეს, უბრალოდ, იმას ამტკიცებს, რაც ისედაც ცნობილი იყო - რუსებმა არასოდეს
იციან, სად არის მათი საზღვარი. ამჯერად, მათ მასიური შეტევა
განახორციელეს, რაც აღიარა კიდეც კოკოითმა - ჩაატარეს ერთნიკური წმენდა
არა მარტო ქართულ სოფლებში, არამედ იმ ოსურ სოფლებშიც, სადაც ეთნიკური
ოსები ქართველების მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი.
ჩემთან უამრავი ოსი მუშაობს.... ყველაზე ცნობილი მმართველი
საქართველოსი - მეფე თამარი ოსი იყო. ყველაზე ცნობილი მხედართმთავარი
მე-12 საუკუნეში იყო ოსი. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან. და რას
აკეთებენ რუსები? შედიან მათ ტერიტორიაზე, ცხინვალს პატარა სამხედრო
ბანაკად აქცევენ და აცხადებენ - ეს სხვა ქვეყანაა. ახლა შეხედეთ, რა მდგომარეობაში არიან რუსები - ჩრდილოეთ ოსები
არაფრით უკავშირდებიან სამხრეთელ ოსებს, გარდა ენისა და აქაც სხვადასხვა
დიალექტზე მეტყველებენ. კოკოითი, ეს კრიმინალი - იმ დამოუკიდებელი ქვეყნის
პრეზიდენტია, რომელიც მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ჰამასმა და ჰეზბოლამ
აღიარა... ეს ყველაფერი აბსურდია...
როგორ აპირებთ ამ ტერიტორიების დაბრუნებას? - ეს
ევროპული პრობლემაა, სხვაგვარად არც შეიძლება. 21-ე საუკუნეში უზარმაზარმა
იმპერიამ სცადა ევროპის საზღვრების გადაკეტვა, თანაც ეს გააკეთა ძალის
გამოყენებით. თუ აქედან რუსები მშრალზე გამოვლენ, ისინი უკვე აღარ
გაჩერდებიან. რადგან ჩათვლიან, რომ უნდა დაიბრუნონ ყირიმი და ბალტიის
ქვეყნები. რუსეთს თავისი კოსოვო უნდოდა. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ
მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობა არ ეყო. ამ კუთხით თუ შევხედავთ
საკითხს, ოსეთი არის ფიქცია. აფხაზეთის მოსახლეობის 90% იძულებული გახდა,
მიეტოვებინა მშობლიური მიწა და ამდენად, არც ესაა კოსოვო.
ქართველები ყოველთვის შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას.
სტალინმა შექმნა სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები საქართველოს
შიგნით და ახლა, უკვე დამტკიცებულია, რომ ეს არ იყო გაკეთებული
საქართველოს კეთილდღეობისთვის. პირიქით, იგი ჩვენ არ გვენდობოდა, რადგან
იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ სჭირდებოდა აუცილებელი ბერკეტები და მან ეს
მიიღო, რადგან აფხაზური და სამხრეთოსური ნომენკლატურა, ძირითადად,
უმცირესობას წარმოადგენდა და პირდაპირ მოსკოვთან იყო ანგარიშვალდებული.
მათ არ უნდოდათ, დამოუკიდებელ საქართველოს დამორჩილებოდნენ.
თუმცა აფხაზები სულ მალე მიხვდებიან, რა გაუგებრობაში მოხვდნენ.
მათ არა აქვთ დამოუკიდებლობა და 100%-ით დამოკიდებულები არიან. აქ საუბარი
არ არის მხოლოდ საქართველოზე. რუსები ცეცხლის გაღვივებას ცდილობენ ორი
საშუალებით: ფული და სისასტიკე. სისასტიკე შობს ოპოზიციას, რომელიც
შეიძლება, რადიკალური გახდეს. ფული კი, შესაძლებელია, არც კი ეყოთ. აბა,
როგორ უნდა გადარჩნენ ეს ხალხები?
ნიკოლოზ პირველი სასტიკი იყო, მან კავკასია ცეცხლითა და მახვილით
დაიპყრო. ალექსანდრე მეორე ლიბერალურ რეფორმებს ატარებდა და კავკასია მას
მხარს უჭერდა. ეს მე არაერთხელ ავუხსენი პუტინს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას
უნდა, იყოს ნიკოლოზ პირველი. ყველაფერი ამით არ დამთავრდება. მას შემდეგ,
რაც რუსეთმა დაუშვა პრეცედენტი, იგივე შეიძლება განმეორდეს ყირიმში,
თათარსტანში, ტივის რესპუბლიკაში. პუტინს უნდა, რომ მუდმივად შექმნას
კრიზისი, რაც საშუალებას აძლევს, თავი იგრძნოს უფრო მეტად საჭიროდ და
დაცულად.
არ გეშინიათ, რომ თქვენს წინააღმდეგ, უახლოეს თვეებში, საპროტესტო აქციები რომ აგორდება? -
თუ ეს მოხდა, იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ დემოკრატიულ
ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუმცა მოსახლეობის 76% მე მხარს მიჭერს, ეს თითქმის
იმდენია, რამდენიც ”ვარდების რევოლუციის” დროს, როცა მეგონა, რომ შემეძლო,
მიწასა და წყალზე ერთნაირად გამევლო. ოპოზიცია უკვე 5 წელია, გაუჩერებლად მოითხოვს ახალი არჩევნების
ჩატარებას. ამასთან, მათი პროტესტი ყველაზე ხმამაღლა არჩევნების შემდეგ
ისმის. თუმცა ახლა უკვე გვყავს ოპოზიციის პასუხისმგებლობით განმსჭვალული
ნაწილი. ეს აგრეთვე უჩვენებს საზოგადოების განვითარების ხარისხს. ამჟამად,
პოპულარულია ზომიერება. ერთი თვის შემდეგ ჩატარდება არჩევნები აჭარასა და
თბილისში, რომელიც ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. თუმცა რუსეთი ვერ
შეძლებს ჩვენი პოლიტიკური კალენდარი არიოს. ისინი სწორედ ამის მიღწევას
ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
|