პარასკევი, 2024-11-22, 3:47 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

დამარცხების ანატომია. წერილი მესამე. ჰაერში ბატონობის ფაქტორი

[კახა კაციტაძე]
წინა წერილში აღვნიშნეთ, რომ მოწინააღმდეგის ჰაერში ბატონობამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ცხინვალის ავანტურისას. ამავე წერილში მოყვანილი რუსეთის ავიაციის ოდენობიდან გამომდინარე, ეჭვი არ იყო, რომ ომის რამოდენიმე კვირით გაწელვისას რუსები ადრე თუ გვიან ჰაერში მაინც გაბატონდებოდნენ. მთავარი კითხვა ეხება იმას, რამდენად გარდაუვალი იყო რუსის გაბატონება ჰაერში ორ-სამ დღეში და რითი შეგვეძლო ამაში მაქსიმალურად შეგვეშალა ხელი, მაქსიმალური ზარალი მიგვეყენებინა მათთვის და მოგვეგო დრო და რაც მთავარია ჩვენი ბიჭების სიცოცხლე.

მოწინააღმდეგესთან საჰაერო ბრძოლისას გამოყენებული ტექნიკიდან მინიმუმ სამი სახის საშუალებები შეიძლება გამოიყოს: ავიაცია (ძირითათადად გამანადგურებელი), ჰაერსაწინაღო დაცვის საშუალებები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც უშვებენ სიგნალებს, რომლებიც მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებს და მართულ იარაღს ხელს უშლიან ამოცანების შესრულებაში რა ვითარება იყო ამ მხრივ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში?

პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად გარკვეული ოდენობის იარაღის (თუგინდ ჰაერსაწინაღო საშუალებების) ფლობა თავისთავად არ იძლევა წარმატების გარანტიას. წარმატებისათვის აუცილებელია, გქონდეს მათი გამოყენების კონცეფცია. საზღვარგარეთის ქვეყნებში ჯარის ამა თუ იმ სახეობის გამოყენების კონცეფციას ”სახეობის დოქტრინას”, უწოდებენ. ასეთი კონცეფციის არარსებობა საბედისწირო როლს ახდენს ომის წარმოების უნარზე.

მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანიის იმპერიამ ააშენა მსოფლიოში ძალით მეორე ფლოტი, მაგრამ არ გააჩნდა მისი გამოყენების არც კონცეფცია, არც სტრატეგია. შედეგი: ოთხი წლის მანძილზე გერმანიის ფლოტმა მხოლოდ ერთი საზღვაო ბრძოლა ჩაატარა, დანარჩენი ოთხი წელი უსაქმოდ იდგა ბაზებში, რაც, ბოლოს და ბოლოს, მეზღვაურების თაოსნობით მომხდარი აჯანყების მიზეზი გახდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს პირველ რიგში უნდა შეემუშავებინა სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენების კონცეფცია, სადაც განსაზღვრული იქნებოდა მისი მიზნებიც და ისიც, როგორ ვაპირებდით საჰაერო სივრცის დაცვას. უნდა გარკვეულიყო, რა ტიპის საფრენი აპარატები და იარაღი სჭირდებოდა საქართველოს. უნდა გარკვეულიყო პრიორიტეტული მოთხოვნები ჩვენი გამანადგურებლებისათვის - მანევრულობა, მოწინააღმდეგის რადარებისათვის შეუმჩნევადობა, ჩვენი ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე აფრენის სისწრაფე, ფრენის სისწრაფე, მანძილი და ა.შ.

ასევე, უნდა გარკვეულიყო, რა ტიპის იარაღი გვჭირდებოდა პრიორიტეტულად საჰაერო ბრძოლებისათვის: მცირე, ახლო, საშუალო თუ დიდი რადიუსის. უნდა განსაზღვრულიყო, რა ტიპის დამიზნების სისტემები უნდა ყოფილიყო ამ იარაღზე, ვთქვათ - ინფრაწითელი, ნახევრადაქტიური თუ აქტიური რადიოლოკაციური და ა.შ. ამის შემდეგ, უნდა განსაზღვრულიყო სამხედრო-საჰაერო ძალების ორგანიზაციული სისტემა, სხვადასხვა ნორმატივები (ვთქვათ რამდენი ხანი უნდა ეფრინა წელიწადში პილოტს, ნატოს სტანდარტებისათვის რომ მიეღწია), სამხედრო საჰაერო ძალების ორგანიზაციულ-საშტატო სისტემა, მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, და, ბოლოს, ყოველივე აქედან, აგრეთვე საქართველოს რელიეფის, კლიმატური თავისებრებების, სამრეწველო პოტენციალის გათვალისწინებით, გადაწყვეტილიყო, რა ტიპის გამანადგურებლები გვჭირდება და დაგვეწყო მათი პილოტების მომზადება.

ამისთვის არცთუ მცირე დრო გვქონდა. ზუსტად იგივე ითქმის ჰაერსაწინაღო საშუალებებზე. უნდა შექმნილიყო მათი გამოყენების კონცეფცია, გარკვეულიყო მათი ტიპები (გადასატანი, მცირე, ახლო, საშუალო, და დიდი რადიუსების) და დამიზნების რა სისტემები (რადიოლოკაციური, სატელევიზიო, ლაზერული, ინფრაწითელი და ა.შ) უნდა გამოყენებულიყო მათში. ამის შემდეგ მსოფლიო იარაღის ბაზრის კონიუქტურის შესწავლით უნდა მომხდარიყო საზენიტო კომპლექსების შერჩევა კრიტერიუმით ეფექტიანობა/ფასი. უნდა შერჩეულიყო სათანადო კომპლექსები და დაწყებულიყო მათი მომსახურე პერსონალის მომზადება, რაც, პრინციპში, შეიძლება ნაკლებ დროს და თანხებს მოითხოვდეს, ვიდრე გამანადგურებლების პილოტებისა. იგივე უნდა მომხდარიყო რადიოელექტრონული ბრძოლის სფეროში.

არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. თავდაცვის სამინისტროს მომზადებულ ”თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში” (2007წ.) მხოლოდ ვკითხულობთ: ”აღნიშნულია თვალთვალისა და რეაგირების შესაძლებლობებში არსებული ნაკლოვანება - გამანადგურებელი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არარსებობა”. (გვ.32).

შემდეგ ვკითხულობთ: ”დაგეგმილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებითი სისტემების შესყიდვა. შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, აუცილებლობას წარმოადგენს დამატებითი ანალიზის გაკეთება” (გვ.33). ანუ, მართალია ჰაერიდან დაცვის სისტემა არა გვაქვს, მაგრამ მომავალი ”დამატებით ანგარიშს” გავაკეთებთო.

და ახლა ჩვენმა მოსახლეობამ თავად დაასკვნას, რა დამატებითი ანგარიში გაკეთდა. ამავე პერიოდში მიღებული იმავე თავდაცვის სამინისტროს სხვა, ვითომცდა სტრატეგიული დოკუმენტის საქართველოს ”ეროვნული სამხედრო სტრატეგიის” თანახმად: «სახმელეთო ძალები მაქსიმალურად უნდა იქნან დაცული საჰაერო დაცვის საშუალებებით». უფალმა უწყის, როგორ უნდა მოხდეს ეს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს აღიარებით ”გამანადგურებელი და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების არარსებობას” აქვს ადგილი.

ამრიგად, თავდაცვის სამინისტროს ერთმა რგოლმა განაცხადა: ვბრძანებ ომის დროს ქვეყანა და ჯარი ჰაერიდან იქნას დაცულიო, მეორემ - ასეთი დაცვის საშუალებები არ გვყავსო და კრება, ანუ უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისე დაიშალა, არც ჰაერიდან დაცვის კონცეფციის შემუშავება დაუვალებია ვინმესთვის, არც იმის განსაზღვრა, ამ მიზნის შესასრულებლად რა სისტემებია საჭირო და არც არავისთვის დაუვალებია იმის კვლევა, რა ღირს ეს სისტემები მსოფლიო ბაზარზე. შედეგმაც არ დაახანა და ამაზე პასუხს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ან გენშტაბი კი არა, მთელი ხელისუფლება აგებს.

ამის შემდეგ, თავდაცვითი სამინისტროს მესამე რგოლმა დაიწყო საზენიტო საშუალებების შესყიდვა ისე, რომ არც სტრატეგიული ხედვა იყო განსაზღვრული და არც ის, თუ რა საშუალებები იყო საჭირო. აქცენტი, მსგავსად ტანკებისა, საბჭოური წარმოების ჯართზე გაკეთდა.

უკრაინიდან შეძენილი იქნა შეიარაღებაზე 1967 წელს მიღებული C-200-ები, რომლებმაც თავიანთი სრული სამხედრო უუნარობა ჯერ კიდევ 26 წლის (!!!) წინ, ისრაელ-სირიის 1982 წლის ომში, ლიბანში, ბექაას ველზე აჩვენეს. ეს სისტემები ვიმეორებ ჩვენ წარმოების დაწყებიდან 40 წლის შემდეგ ზარზეიმით შევიძინეთ.

დანაშაულების ტოლფასი იყო საბჭოური წარმოების რადარების შეძენა. რუსებისათვის ცხადია არავითარი პრობლემა არ იყო ამ რადარების ჩახშობა, რამეთუ ყველაფერი იცოდნენ ამ რადარის შესახებ. ხოლო თუ საზენიტო რაკეტულ კომპლექსს მწყობრიდან რადარს გამოუყვან რაკეტა გინდა ჰქონია, გინდა - არა.

ამ დროს მსოფლიო ბაზარი გადატენილი იყო იაფი, შედარებით თანამედროვე და რუსებთან ჰაერში ბრძოლისთვის სრულიად ვარგისი საზენიტო რაკეტული კომპლექსებით - ამჟამად ნატოს ქვეყნებში მიმდინარებს ინტენსიური გადაიარაღება უახლესი საზენიტო რაკეტული კომპლექსებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩამოწერილი კომპლექსები იქმნებოდნენ 80-იანი წლების იმ თვითმფრინავების გასანადგურებლად, რომლებიც დღეს რუსეთის ავიაციის შეიარაღებაზეა.

ამ ”სექენდ ჰენდის” საზენიტო საშუალებების საქმის ცოდნით გამოყენებით მნიშვნელოვნად შეგვეძლო რუსეთის ჰაერში ბატონობისათვის ხელის შეშლა. მაგალითად, საფრანგეთის და იტალიის შეიარაღებიდან მოიხსნა საშუალო მოქმედების რადიუსის 129 საზენიტო კომპლექსი ”ჰოუკი” (მოქმედების მაქსიმალური სიშორე 40 კმ, სიმაღლე 30 კმ). 129 კომპლექსიდან თითოეული სტანდარტულად შედგება რამოდენიმე რაკეტისაგან (სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სტანდარტია). მაგრამ ერთი ზალპით რომ მათ მინიმუმ 200-250 თვითმფრინავის ჩამოგდება შეეძლოთ ეს ეჭვსგარეშეა.

ამ ტიპის რაკეტები მსოფლიო იარაღის ბაზარზე კიდევ მოიპოვება. კიდევ უფრო დიდი ბაზარია ახლო რადიუსის საზენიტო რაკეტულ კომპლექსებში (სროლის სიშორე 20 კმ-მდე). ნატოს პოსტინდუსტრიალ ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, თურქეთმა დაიწყო ბრიტანული კომპლექსის ”რეიპირის” მოდერნიზებული ვარიანტის ლიცენზიით დამზადება, და მისგან ამ უაღრესად ეფექტიანი (სამიზნის განადგურების ალბათობა - 0,8) შეძენა არ უნდა გაგვჭირვებოდა.

ამერიკელებს საერთოდ უფასოდ შეიძლებოდა მოეცათ მათი შეიარაღებიდან მოხსნილი მცირე რადიუსის საზენიტო კომპლექსები ”ჩაპარელი”. მათ ასეთი 595 კომპლექსი ჰყავდათ. მართალია დადის ჭორები, რომ 500 კომპლექსი ისრაელს აჩუქეს, მაგრამ მაშინაც კი რჩება 95 კომპლექსი (თითოეულზე 4 რაკეტა), რომელთაც ერთი ზალპით შეეძლოთ რუსული ავიაციის წინააღმდეგ 380 რაკეტა გაეშვათ.

მაგრამ იარაღის ბაზარზე მხოლოდ ”სექენდ ჰენდის” პროდუქტს როდი იშოვი. ისრაელსა და ინდოეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ყსრაელი ინდოეთს მიყიდის 18 უახლეს საზენიტო რაკეტულ კომპლექს ”სპაიდერს”- თითოეულ კომპლექსში ოთხი რაკეტაა. ისრაელი ჯერ 400 მლნ. დოლარდს ითხოვდა, შემდეგ 230 მლნ-ზე დაყაბულდა. კომპლექსის სროლის მაქსიმალური სიშორე 20 კმ-ია, სიმაღლე - 9 კმ). ერთი ცალის ფასი 12 მლნ დოლარი გამოდის.

ანუ, ჩვენ ოთხ წელიწადში შეგვეძლო წელიწადში 120 მლნ. დოლარად შეგვეძინა 80 კომპლექსი ”სპაიდერი”, რომელიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევებს ერთდროულად პრაქტიკულად აუცდენელი 320 რაკეტით გაუმასპინძლდებოდა. თანაც, ყველა ეს სისტემები (არა მხოლოდ ისრაელური) აღჭურვილია რუსული ჩამხშობი აპარატურისგან დამცველი კომპლექსით, რაც ცხინვალის კატასტროფისას აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.

ასეთივე აბსურდი იყო, რომ ისრაელიდან არ ვიყიდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე რადარი, რომელსაც არა მხოლო თვითმფრინავების, არამედ რაკეტების დაფიქსირება ასეულობით კილომეტრზე შეუძლია, რადარი, რომელსაც რუსული საშუალებები ვერ ახშობენ და რომელიც მსოფლიო ბაზარზე 250 მილიონ დოლარად იყიდებოდა.

შეიძლება თქვან, ისრაელი ამ საშუალებების მოყიდვას მოერიდებოდაო. მაგრამ ყველა ესენი ცალსახად თავდაცვითი საშუალებებია და თუ ისრაელმა უპილოტო თვითმფრინავები მოგვყიდა, რატომ არ მოგვყიდიდა ამ საშუალებებს? უბრალოდ, ჩვენმა უწიგნურმა და არაკომპეტენტურმა ხელმძღვანელობამ (ჯერ მაინც ვერ დამიჯერებია, რომ ყველანი უბრალოდ რუსეთის ჯაშუშები არიან და მგონია, რომ საქმე რბილად რომ ვთქვათ უმეცრებასთანაც გვაქვს) არაფერი იცოდა ამ საშუალებათა არსებობაზე და ისიც ვერ მოახერხა, რომ მსოფლიო იარაღის ბაზარზე თყალყურის მდევნელთა ჯგუფი შეექმნა. ხელისუფლებამ ისიც კი ვერ შეძლო, რომ ამგვარი მოქმედებებით (სტრატეგიის შექმნა, საჭირო იარაღის შესყიდვა და ა.შ) თბილისი დაბომბვისაგან გარანტირებულად გადაერჩინა.

აქედან გამომდინარეობს დასკვნა: სწორი მოქმედებების პირობებში შეიძლებოდა საფრენ აპარატებში რუსების აბსოლუტური უპირატესობის ეფექტი მინიმუმამდე დაგვეყვანა. შესაძლო იყო რუსებს ეს ომი საჰაერო გასეირნების სახით არ განეხორციელებინათ. მით უფრო, სამხედრო ფსიქოლოგიიდან ცნობილია, რომ პილოტის ქმედების ეფექტიანობა მკვეთრად ეცემა ჩამოგდების საფრთხის ზრდასთან ერთად. შეგვეძლო სახმელეთო ჯარისათვის მიგვეცა საშუალება ომი ორიოდ დღეზე მეტხანს ეწარმოებინა და დიდი ქალაქები მაინც გადაგვერჩინა დაბომბვების საფრთხისგან. მსხვერპლიც და ნგრევაც მინიმალური შეიძლებოდა ყოფილიყო, ერთი პირობით: ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რა არის და როგორ ხორციელდება თავდაცვითი პოლიტიკა, მათ შორის სამხედრო-საჰაერო სფეროში. მაგრამ რომ არ იცოდა! ამიტომ, რუსების ავიაციის უპირატესობაზე მითითება თავის გამართლების საბუთი არაა.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 790 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz