პარასკევი, 2024-11-22, 2:58 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

საქართველოს კონფლიქტი და ახალი მსოფლიო წყობა

[უცხოური პრესის მიმხოლვა]
ოთხშაბათს, საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა პირველი პატრული სამხრეთ ოსეთის საზღვართან ”ბუფერული ზონებისკენ” გაგზავნეს. მიუხედავავდ არაერთხელ გაჟღერებული მუქარისა, მოსკოვმა სადავო რაიონში მისიის მუშაობა, ვერ თუ არ დააბრკოლა, ამიტომ უცხოური პრესა უფრო პრინციპულ საკითხებზე გადაერთო. ვინ მოახდინა ომის პროვოცირება: საქართველომ თუ რუსეთმა? როგორ უპასუხებს დასავლეთი აფხაზეთისა და ოსეთის ანექსიას? და რით დასრულდება ”კრემლის საგარეო პოლიტიკის ახალი კურსი”?

ევროპულმა მისიამ, რომელმაც საქართველოში რუსი სამხედროები უნდა შეცვალოს, მუშაობა საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო, ყვება The Guardian. გუშინ შეუარაღებელი ფრანგი და პოლონელი დამკვირვებლებით სავსე ევროკავშირის ორმა ჯავშანმანქანამ ბუფერულ ზონებში პირველი სიმბოლური გასვლა განახორციელეს. მანამდე კრემლი ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებით მიანიშნებდა, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა გადაადგილებები შესაძლოა შეზღუდულიყო.

თუმცა, გაურკვეველია, ევროპელების ჩამოსვლა, ნიშნავს თუ არა რუსი სამხედროების გასვლის დაწყებას. სარკოზის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, მოსკოვმა 10 ოქტომბრამდე ”ბუფერულ ზონები” უნდა დატოვოს. ”დადგენილ ვადებში სამშვიდობოები მთლიანად გავლენ საქართველოს ტერიტორიიდან,” - დაამოწმა გუშინ მდევედევმა. მიუხედავად ამისა, გადაადგილებები ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება, წერს გამოცემა.

ევროკავშირის დამკვირვებლების შემოსვლასთან ერთად, ჩნდება ახალი დეტალებიც, რომელიც კვლავ გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ ვინ დაიწყო ომი საქართველოში, წერს The Christian Science Monitor. მოსკოვ-თბილისის ურთიერთბრალდებების ფონზე, რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა პაველ ფელგენგაუერმა მოულოდნელი რამ გაახმოვანა. სამხედროების მონათხრობზე დაყრდნობით ის ამტკიცებს, რომ ”საქართველოსთან აგვისტოში ომის დაწყების გადაწყვეტილება რუსეთის გენშტაბთან ჯერ კიდევ აპრილში შეთანხმდა”, რის შემდეგად რუსეთი მზადებას შეუდგა.

პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გააჩაღა ომი, გადამწყვეტი იქნება რუსეთის თანამედროვე გლობალური იმიჯისთვის - ანუ რუსეთი რეგიონალური მნიშვნელობის გონივრულად მოაზროვნე სახელმწიფოა, რომელიც თავის ფლანგს იცავს თუ ქვეყანა, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ამბიციები და საბჭოეთის სამხედრო ექსპანსიონიზმი ააღორძინოს?

ასეა თუ ისე, აფხაზეთი და ოსეთი ფაქტიურად ანექსირებულია რუსეთის მიერ, აღნიშნავს რუპერტ პოლენცი - ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანულ Frankfurter Allgemeine-სთან ინტერვიუში. პრეზიდენტმა მედვედევმა თავის ”კოლეგა” ბაღაფშთან და კოკოითთან სამხედრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დადო და ამ რესპუბლიკებში სამხედრო კონტინგენტის განთავსების უფლება დაიკანონა. მოსკოვმა ასევე აიღო ცხინვალის და სოხუმის საერთაშორისო არენაზე წარდგენის ვალდებულება. ამას ძალიან ცოტა საერთო აქვს დამოუკიდებლობასთან, აღნიშნავს სტატიის ავტორი.

გერმანელი პარლამენტარი პირობას დებს, რომ რუსულ-გერმანული სამთავრობოთაშორისო კონსლუტაციებისას ”საგნებს თავიანთი სახელები დაერქმევათ”. ”რუსეთს ცხადად უნდა გავაგებინოთ, რომ მისი ქმედება, რომელიც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება, არ იქნება უსიტყვოდ მიღებული, აღნიშნავს ის. ევროკავშირი პარტნიორულ ურთიერთობებს ესწრაფვის მოსკოვთან, მაგრამ ამისათვის რუსეთი ისე უნდა მოიქცეს, როგორც პარტნიორი, და არა როგორც იმპერიული ზრახვებით სავსე ”სუპერდერჟავა,”- აღნიშნავს პოლენცი, ”ნამდვილ პარტნიორობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ახლა კი რუსეთი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, რომ ვიხილოთ”.

რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე უკანასკნელი და გადამწყვეტი არგუმენტი იყო არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლის აუცილებლობის სასარგებლოდ, წერს მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ირინა ფილატოვა The Guardian-ის ფურცლებზე. კრემლის თვალსაზრისით, საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა სწორედ რომ ამჟამად არსებულ ”ერთპოლარულ” სამყაროში შეეძლო, სადაც ამერიკა იმას სჩადის, რაც სურს. მაგრამ ძველი შეთანხმებები აღარ არსებობს, ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა დამყარდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ეს ახალი მსოფლიო წესრიგი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს. თუმცა აქ რუსეთი ორმაგ სტანდარტებს იყენებს, თვლის ავტორი. გროზნოში ბომბების ჩამოყრისას ის თავის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა, საქართველოს შემთხვევაში კი მის ამ უფლებას ეწინააღმდეგება; კოსოვოს აღიარებას უკანონობად მიიჩნევს, თავად კი აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი რუსული მსოფლიო წესრიგი უცნაურად გვაგონებს ცივი ომისდროინდელ ძველ წესრიგს, ამბობს ფილატოვა.

როგორც არ უნდა იყოს, ევროკავშირმა საიმედო და მტკიცე პარტნიორობა უნდა აღადგინოს რუსეთთან, ამტკიცებს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ბენტეჟა Le Temps-თან ინტერვიუში. ბენტეჟა არ ეთანხმება, რომ მსოფლიოში ორი დაპირისპირებული ბლოკი იქმნება - რუსეთის და დასავლეთის, თავიანთი გავლენის სფეროებით. ”იმპერიული გაგება - ეს XIX საუკუნის გაგებაა,” -ამბობს გენერალი, ”დღესდღეობით გლობალიზაცია შეუძლებელს ხდის ამგვარ ოცნებებს... ინტერნეტის ეპოქაში ერთადერთ საზრიან კანონად ეფექტური მულტილატერალიზმი რჩება, ანუ მსოფლიო წესრიგი - დაფუძნებული დადგენილ წესებზე”.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 1208 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz