ორშაბათი, 2024-05-20, 2:57 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » ხელოვნება

რობერტ სტურუა: თეატრს თუ სახელმწიფოს შევადარებთ, დღეს არც რეჟისორები მომწონს და არც მსახიობები

[ლევან გელაშვილი. საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს ახალ სეზონზე 130 წელი შეუსრულდება. რუსთაველის თეატრის მთავარ რეჟისორს და სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას კი 31 ივლისს 70 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით თეატრის ახალი სეზონი სწორედ სტურუას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულით გაიხსნება. ”პირველი” რეჟისორს თეატრის აწმყოზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ბატონო რობერტ, რა სიახლეებს უნდა ელოდოს მაყურებელი რუსთაველის თეატრისგან უახლოეს მომავალში?
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს ახალ სეზონზე 130 წელი შეუსრულდება. ახალი სეზონი ჩემი იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულით გაიხსნება. იუბილეები მთელი სულით და გულით მეზიზღება, მაგრამ ამჯერად მის გადახდას მაინც ვერ ავცდები, რადგან 70 წლის ვხდები. მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა საინტერესო ღონისძიებები მოიფიქრა, - ეს იქნება მხიარული ”კაპუსტნიკი”, საათნახევარიანი წარმოდგენა, რომელიც კვირეულს დაასრულებს, თავად კვირეულის განმავლობაში კი ჩემი სპექტაკლები იქნება ნაჩვენები.

გეგმაში გვაქვს ასევე ცოცხალი მუსიკით ”სტიქსის” დადგმა, იური ბაშმეტის მოწვევა დიდი სიმფონიური ორკესტრით. როგორც იცით, ის ძალიან დაკავებული მუსიკოსია და სტუმრობის თარიღის დადგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ვაპირებთ აგრეთვე გეორგიევის ვიზიტის ორაგანიზებას, ხოლო თუ იგი დაკავებული იქნება, საიუბილეო კვირეულში კომპოზიციებს ვატო კახიძე შეასრულებს. შემოდგომაზე რუსთაველის თეატრში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ასევე, გერმანელი რეჟისორის დადგმით კაფკას ”პროცესი” და დათო პაპავას რეჟისორობით დადგმული ლაშა ბუღაძის სპექტაკლი ნახოს.

იუბილეს შემდეგ მოსკოვში ვაპირებ გამგზავრებას, სადაც რამდენიმე სპექტაკლს დავდგამ.

არაერთ მოაზროვნეს რეჟისორი იმპერატორისთვის შეუდარებია, რეჟისორობა კი - სახელმწიფოს მართვისთვის. თუ სახელმწიფოს თეატრს შევადარებთ, როგორ შეაფასებდით დღევანდელი ცხოვრების სპექტაკლს, რომელშიც ყველანი ვმონაწილეობთ?
- ერთხელ ნაპოლეონმა ცნობილი მსახიობი იხმო, რათა მისგან გაკვეთილები აეღო. არტისტთან მეცადინეობის შემდეგ ნაპოლეონმა თქვა, რომ თეატრი უფრო რთული სამართავია, ვიდრე სახელმწიფო. შეიძლება, მან ეს ირონიით განაცხადა, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მართლა ძალიან რთულია, იყო თეატრის ხელმძღვანელი.

თუ მსახიობები მიხვდებიან, რომ შენ არ ვარგიხარ, როგორც რეჟისორი, ისინი მოახერხებენ იმდენს, რომ შენ თეატრიდან წახვიდე, თუმცა პოლიტიკაში სამწუხაროდ, ასე არ ხდება ხოლმე: ადამიანი არაფრად ვარგა და მაინც ხელმძღვანელობს. მე არ ვიცი, რამდენად ვაკმაყოფილებ ჩვენს მსახიობებს, მაგრამ თეატრიდან წასლას ნამდვილად ვაპირებ, რადგანაც არსებობს რაღაც ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც ადამიანი ცოტა ჩლუნგდება, აზროვნების მექანიზმი სუსტდება, რაღაცეები გავიწყდება.... თუ ამას ატყობ, უნდა წახვიდე.

თეატრს თუ სახელმწიფოს შევადარებთ, უნდა ვთქვა, რომ დღეს არც რეჟისორები მომწონს და არც მსახიობები. თუ ”მსახიობებში” ხალხს ვიგულისხმებთ, მე მომწონს მხოლოდ ის ფენა, რომელიც ჩუმადაა... ის უხილავი ძალა, რომელზეც მთელი საქრთველოა დაყრდნობილი. ესენი არიან მოაზროვნეები, მხატვრები და მწერლები. 70 წელზე მეტი ვიყავით ჩაკეტილ სივრცეში და მაინც ვახერხებდით სიმართლის თქმას.

დიქტატურის რეჟიმში ცხოვრება უფრო რთული იყო, მაგრამ ეხლა ხომ ეს აღარ არის! ვთვლი, რომ ჩვენი ვალია და მით უფრო - რუსთაველის თეატრის, ვიყოთ სუფთა. რუსთაველის თეატრის დამაარსებელი სანდრო ახმეტელი ხომ სიმართლეს ემსხვერპლა! მან მსოფლიოს თეატრზე ძალიან ორიგინალური შეხედულება შესთავაზა, ქართული სული ქართულ სპექტაკლებში გამოხატა. კედლები, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, არ გვაძლევს უფლებას, ვიცრუოთ და ვიღაცას ”წავუწვეთ”.

თქვენს სპექტაკლებში ყოველთვის ცდილობთ, გამოაფხიზლოთ და ამავე დროს იმედი დაუტოვოთ მაყურებელს. დღეს თუ სჭირდება ხალხს გამოფხიზლება?
- საქართველოში უკვე 20 წელია, რთული პროცესები მიმდინარეობს. ჩვენში საბჭოთა ადამიანი ჯერ კიდევ არ მომკვდარა, - იგი ძალიან ძნელი ამოსაძირკვია. ამიტომ ვფიქრობ, მშვიდად უნდა ვიყოთ და არ გაგვიკვირდეს, რომ უცებ ვერ გადავდივართ ახალი ცხოვრების ლიანგადზე. ესაა ნორმალური პროცესები როგორც პოლიტიკაში, ისე რიგითი ადამიანების ცხოვრებაში.

საერთოდ მგონია, რომ ცხოვრებას თვითორგანიზების უნარი აქვს და კარგი იქნება, ამ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ცხოვრება ბუნებრივად უნდა მოეწყოს და არა ვიღაც-ვიღაცეების ბრძანებით და იდეებით. ჩვენ უკვე ვიწვნიეთ და მთელმა მსოფლიომაც ნახა, რას ნიშნავს მარქსის, ლენინის და სტალინის იდეებით აშენებული ქვეყანა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანებთ, ”მე ხომ იდეალისტი არ ვარ, მწამდეს, რომ თეატრს სამყაროს შეცვლა ძალუძს . . . სამაგიეროდ მას შეუძლია, შეახსენოს მაყურებელს ის ღირებულებები, რომლებსაც ივიწყებენ” დღეს რას შეახსენებდით, რაზე მიუთითებდით მაყურებელს?
- ამას სპეციალურად არ ვაკეთებ, ეს არაა დიდაქტიკა. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში, საზომი ერთია: ბოროტება დარჩება ბოროტებად, ის ვერაფრით შეიმოსება, სიკეთე კი მუდამ დარჩება სიკეთედ. ჰუმანიზმის ძირითადი პრინციპები შესანიშნავად ჩამაყალიბდა რელიგიაში. მე დიდი მორწმუნე არ ვარ, ღმერთი ჩემებურად მწამს, მაგრამ ძირითადი ცნებები ყველასთვის საყურადღებო უნდა იყოს.

7 ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ ქვეყანაში შიშმა დაისადგურა... როგორ ფიქრობთ, ნამდვილად არის დღეს შიში ქართველ საზოგადოებაში?
- კი, შიშის ფაქტორი საზოგადოებაში დღესაც ძლიერია.

თქვენ ბევრი შემოქმედისთვის გისწავლებიათ რეჟისორობა, ”ხეზე ასვლა” თუ გისწავლებიათ?
- პედაგოგად ნამდვილად არ ვვარგივარ. რეჟისორობას ერთხელ ვასწავლიდი და მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ გამოვიდოდა. ხშირად ხდება ისე, რომ ცუდი რეჟისორი არაჩვეულებრივი პედაგოგია. მე იმანაც შემაშინა, რომ სწავლის დროს ისე უნდა იქცეოდე, თითქოს ყველაფერი იცი, - ბავშვმა ხომ უნდა დაგიჯეროს, რომ ისწვლოს, ამიტომაც მაშინაც კი, როცა არ იცი, ისე იქცევი, თითქოს ყველაფერი ძალინ კარგად იცი და რაღაცეებს იგონებ. მერე გადის ხანი და შენ იჯერებ, რომ მართლა მცოდნე ხარ, ამ გზით კი რეჟისორი იღუპება.

თუ მან დაიჯერა, რომ ყველაფერი იცის, კვდება, როგორც შემოქმედი. ამიტომაც ავიღე ხელი პედაგოგობაზე. თუმცა მასწვლებლობას ის კარგი მხარე აქვს, რომ ახალგაზრდებისგან შენც იღებ რაღაც ახალს, გრძნობ იმ უხილავ ატმოსფეროს, რომელსაც ბავშვი შეიძლება, ვერ გამოთქვამდეს, მაგრამ ურთიერთობისას გაგრძნობინებს. ამიტომაც ვმეგობრობ ახალგაზრდა მსახიობებთან.

მსახიობობა კათარზისია თუ ცოდვის მორევში შესვლა?
- მსახიობობა ერთდროულად ორივე პროცესს მოიცავს. უცნაური შეერთებაა. თეატრი არის რწმენის და ცოდვის სინთეზი. ბევრი რეჟისორი შეეცადა, XX საუკუნეში თეატრი ყოფილიყო ტაძარი... ბუნებრივია, თეატრი რელიგიას ვერ შეედრება, მაგრამ მაინც ქადაგებს სიკეთეს. როგორიც არ უნდა იყოს დადგმა, სპექტაკლი მაინც ემსახურება ისეთ იდეალებს, რომელსაც რელიგიაც ქადაგებს, მაგრამ თეატრი შეიცავს ასევე ცოდვის ელემენტებს, ამიტომ მსახიობობა ცოდვილის და წმინდანის უცნაური შეერთებაა.

ყოველი პროფესია ავლენს და ავითარებს პიროვნების შესაძლებლობებს და ამავე დროს დაღს ასვამს მას. რა მოგცათ და რა წაგართვათ თეატრმა?
- უფრო წესიერად ვიქცევი, ვიდრე უნდა ვიქცეოდე. თეატრში რომ არ ვყოფილიყავი, უფრო მეტ ცოდვას ჩავიდენდი. თეატრში გიყურებს ყველა. შენ თუ გარყვნილი ხარ და არ ხარ თეატრისთვის თავდადებული, თეატრალური სამყაროდან უნდა წახვიდე. მსახიობი გხედავს და ისევე არ დაგიჯერებს, როგორც მღვდელს, რომელიც დიდი მარხვის დროს ქეიფობს.

ახლოვდება 70 წლის იუბილე... როგორ შეაფასებდით განვლილ შემოქმედებით გზას?
- ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ შეიძლებოდა, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.

რამეს ხომ არ შეცვლიდით?
- არ შევცვლიდი არაფერს: რაზეც გული დამწყდა, ის უკვე გადავაგდე და არც მინდა იმაზე ფიქრი. ერთადერთი, რაც შეიძლება, მენანა, ისაა, რომ კინოს გადაღება ვერ მოვახერხე. დაწერილი მაქვს რამდენიმე სცენარი, რომელიც ჟურნალ ”ჭოროხში” და ჟურნალ ”თეატრში” დავბეჭდე მოსკოვში ყოფნის დროს. ეს არ იყო თეატრის ღალატი. სცენარი თეატრალურ გმირებზე მოგვითხრობს. მოხუც და ახალგაზრდა რეჟისორებს ორი დღის განმავლობაში ისეთი რამ გადახდებათ თავს, რომ თეატრიდან წასვლას გადაწყვეტენ. მოხუცი სამუდამოდ მიდის თეატრალური სამყაროდან, ახალგაზრდას კი საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიუღია.

მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში იწყება, სადაც არცერთი უწყება არ ფუნქციონირებს და წყნარი ოკეანეს კუნძულზე მთავრდება. ვფიქრობ საინტერესო სცენარია. წიგნად გამოცემასაც ვგეგმავ, ვფიქრობ, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. ეს დეტექტივის ჟანრი იქნება.

საერთოდ კინოხელოვნებაში თრილერს ვანიჭებ უპირატესობას: ძალიან სერიოზული კინოს ყურებას მირჩევნია, ის ორი საათი, რომელიც ამაზე უნდა დამეხარჯოს, ფილოსოფოსის ნაშრომის კითხვას დავუთმო.

სცენარის ფილმად გადაღებას არ გეგმავთ?
- სპონსორი მყვდა, მაგრამ რაღაც შიგნიდან მაჩერებდა. თეატრში თუ ხარ, თავი არ უნდა დაანებო თეატრს და რთულია, კინოზე გადაერთო. ასე რომ, სცენარის ფილმად გადაღებას არ ვაპირებ.

რას ეტყვის რეჟისორი რობერტ სტურუა მომავალ თაობას, რა რჩევას და შეტყობინებებს დაუტოვებს მათ?
- უდარდელად იცხოვრეთ, იყავით თავისუფალი, მოიშორეთ ყველაფერი, რასაც ვითომ ცივილიზაცია გაძლევთ და იყავით ადამიანები.... ისე, ეს მოულოდნელი კითხვა იყო და მეტი დაფიქრება სჭირდება.


კატეგორია: ხელოვნება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 735 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz