ორშაბათი, 2024-05-20, 2:15 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » საზოგადოება

ასურელ მამათა ნაკვალევზე

[ბელა ჩეკურიშვილი]
პილიგრიმობა - წმინდა ადგილების მოსალოცად სიარული დღეს რელიგიური ტურიზმით შეიცვალა. მოგზაურობის ეს ფორმა თანდათან საქართველოშიც პუპულარული ხდება. ამ მიმართულებით არა მარტო შიდა ტურიზმიც ვითარდება, არამედ ხშირია ქართველების რელიგიური ტურები იერუსალიმის წმინდა მიწაზე, ტაო-კლარჯეთსა თუ კაპადოკიაში. როგორც ტურისტული სააგენტოები ამბობენ, ასევე დაიწყო უცხოელი ტურისტების დაინტერესება ქართული წმინდა ადგილებით.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რელიგიური ტურია ასურელ მამათა საფლავების მონახულება, რასაც, მაგალითად, მოგზაურთა ინტერნეტფორუმი “კარავი” ყოველწლიურად ახორციელებს. როგორც “კარაველები” გვირჩევენ, ამ საქმისთვის საუკეთესო დრო შემოდგომაა.

საქართველოს გაქრისტიანებაში, წმიდა ნინოს შემდეგ, ყველაზე დიდი წვლილი 13 ასურელ მამას მიუძღვის, რომლებიც წმიდანებად არიან შერაცხულნი. მათი საფლავები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული.

ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც საქართველოში თვალსაჩინო კვალი დატოვა. გარდა ზემოთ დასახელებულებისა, ესენი არიან: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.

აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთ მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს.

როგორც პილიგრიმები გვირჩვენ, ასურელი მამების ნაკვალევზე სამოგზაუროდ ოთხი დღე მაინცაა საჭირო. შეგიძლიათ, ეს შაბათ-კვირის ტურად აქციოთ. როგორც წესი, უმრავლესობა ასეც აკეთებს ხოლმე.

ერთი დღე დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის სანახავადაა საჭირო. აქ დავით გარეჯელისა და დოდოს საფლავებია. დოდო ასურელი მამა არ არის. იგი კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ, გარეჯელ მამებს შეუერთდა. მან კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით, ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა. რასაკვირველია, გარეჯში ჩასულებს, მთელი კომპლექსის მონახულების სურვილი გაგიჩნდებათ. აქ მრავალი საყურადღებო ადგილია: გარეჯის ლავრა - პირველი მონასტერი, რომელიც წმინდა დავით გარეჯელმა დააარსა. ასევე - უდაბნოს კომპლექსი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა. თუ დრო გექნებათ, შეგიძლიათ, ნათლისმცემელი, თეთრი სენაკები და წამებულიც ნახოთ. რაც შეეხება ბერთუბანს, სადაც თამარის ფრესკაა შემორჩენილი, იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და გარდა იმისა, რომ ერთ დღეში მის ნახვას ვერ მოასწრებთ, იქით არც აზრბაიჯანელი მესაზღვრეები გადაგიშვებენ.

პილიგრიმების რჩევით, გარეჯის უდაბნოში სახეტიალოდ ქუდი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი უნდა წაიღოთ. სასურველი არაა შორტებსა და ღია ფეხსაცმლით სიარული. გვალვაში იქ ქვეწარმავლებია. წყალიც ბევრი დაგჭირდებათ. როგორც ბერებმა გვითხრეს, დოდოს რქაზე ასვლისას მგლებისა და ველური ძაღლების თავდასხმის საშიშროებაც არის. თუმცა კი, ჩვენ არაფერი შეგხვედრია.

ბრეთასა და ულუმბოს სანახავად ქართლში მოგიწევთ წასვლა. ერთ დღეში ორივე კომპლექსის ნახვას მოასწრებთ. ბრეთა სოფელ დირბთან ახლოს მდებარეობს - იქ, სადაც აგვისტოში ომის ქარცეცხლი ტრიალებდა. იქ მისვლას ახლა როგორ მოახერხებთ, ვერ გეტყვით. ულუმბოში კი გომიდან უნდა გადაუხვიოთ და, დაახლოებით, 5 კმ-ის გავლა ფეხით მოგიწევთ.

შიომღვიმეს, ზედაზნის, წილკნის, სამთავროსა და სამთავისის სანახავად ერთი დღე გეყოფათ. თუმცა კი, ცოტა დაიღლებით. სამაგიეროდ, ისეთი მადლით ივლით, დაღლას არაფრად მიიჩნევთ.

წილკანი მცხეთასთანაა ახლოს. იქვე ეპისკოპოსის რეზიდენციაცაა. ზედაზენზე ასასვლელად კი, სჯობს, ჯიპი აირჩიოთ. ერთხიდიან მანქანებს ამ გზაზე აშკარად უჭირთ. არც ფეხით ასვლაა ძნელი - საგურამოდან დაახლოებით, 8 კილომეტრია სავალი, რაც უბრალოდ, დროის ამბავია. ზედაზენზე მოქმედი მონასტერი დაგხვდებათ და კიდევ ცნობილი ხედი, საიდანაც მცხეთაც მოსჩანს და თბილისიც. თქვენ ხომ ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე ხართ! თავის დროზე, აქ ტყულიად კი არ იდგა ცნობილი ზადენის კერპი – ზედა ზადენი, რომელიც მთელ ქართლს გადმოჰყურებდა.

ზედაზენის მონასტერი რამდენჯერმეა გადაკეთებული და ასეა ბევრ ადგილას - ასურელი მამების აგებული ეკლესიების საძირკველზე ახალ-ახალი ტაძრები შენდებოდა. ამის მაგალითია ქაშუეთი თბილისში.

სამონასტრო ნაგებობათაგან, ზედაზენზე შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც კათალიკოსმა ააშენა VIII საუკუნის დასასრულს, ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო, “პატიოსანი ლუსკუმა”, რომელიც XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული, ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. აქ დაგხვდებათ წყაროც, რომელიც იოანე ზედაზნელის ლოცვით აღმოცენდა.

სამთავისი კი, სადაც ისიდორე სამთავნელის საფლავია, იმიტომაც უნდა ნახოთ, რომ ქართული ჩუქურთმის საიდუმლოს ეზიაროთ. დადგეთ და იტიროთ. აღმოსავლეთის კედელთან აქ უცხოელებიც ტირიან ხოლმე. ტაძრის აღმშენებელი ყოფილა ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ძეგლის აშენების თარიღია 1030 წელი.

შიომღვიმემდეც მანქანა მიგიყვანთ. აქ წმინდა შიოს საფლავსაც ნახავთ, მის მიერ აგებულ ნათლისმცემლის ეკლესიასაც და წყაროსაც, რომელიც უფლის ნებით აღმოცენდა. რა თქმა უნდა - ჭასაც, სადაც წმინდა შიომ 15 წელი გაატარა. წმინდანმა იგი საკუთარი ხელით ამოთხარა და ყოველგვარ სინათლეს მოკლებული იყო, საკვები კი მისთვის მტრედს მიჰქონდა.

ასეთივე მობილიზებით ერთ დღეში კახეთსაც მოინახულებთ. თბილისიდან ჯერ მარტყოფში ახვალთ - ყველაზე ახლოსაა და სამანქანე გზაც ადის. მერე კი იყალთოს, ალავერდს, ნეკრესსა და ხირსას ეწვევით.

როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა, მას თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზეც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი სახე იყო გამოხატული და ამ ხატის ძალით იგი მრავალ სასწაულს ახდენდა. თუ შიომღვიმეში წმინდანის ჭის ნახვა გელით, მარტყოფში ანტონ მარტომყოფელის სვეტი ანუ კოშკი განგაცვიფრებთ, რომელიც მან მთის წვერზე აიშენა და იქ დაეყუდა. გარდაცვალების შემდეგ იგი სვეტიდან ჩამოასვენეს და ტაძარში, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაკრძალეს.

მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებულა არაბებისგან, მონღოლებისგან, სპარსელებისგან, ოსმალებისგან, ლეკებისა და კომუნისტებისგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებულია. აქ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო. ხოლო VI საუკუნეში წმ. ანტონ მარტყოფელი დამკვიდრდა. მარტყოფში მოქმედია მთავარანგელოზის, სამების, აპარანის, მამათა და დედათა მონასტრები.

ალავერდის ტაძარს პოეტები გედს ადარებენ, რომელსაც გუმბათის ყელი გამორჩეულად მართლაც ყველაზე მაღალი აქვს და კახეთის დაცემულ ველზე თეთრად ქათქათებს. დამოუკიდებლად მოგხიბლავთ მისი გალავანი და დიდხანს, დიდხანს იდგებით იოსებ ალავერდელის საფლავის წინ.

ეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, სადაც სამონასტრო კომპლექსი და ალავერდის ეპარქიის ცენტრია. მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კი, კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად, ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე მდებარეობს. იგი ზენონმა დააარსა VI საუკუნეში. იყალთო აგრეთვე, ქართული კულტურისა და განათლების მძლავრ კერადაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს XI საუკუნეში აქ აკადემია დაუარსებია. იყალთოს კომპლექსში, მამა ზენონის საფლავთან ერთად, არსენ იყალთოელის საფლავის ნახვაც გელით. სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან, მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება”, რომელიც აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მამა ზენონი. სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.

იყალთოს აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვითაა ნაშენი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. აქაურები სიამაყით გეტყვიან, რომ იყალთოს აკადემიაში შოთა რუსთაველი სწავლობდა.

მართალია, აბიბოს ნეკრესელის საფლავი ნეკრესში არ არის, მაგრამ მომლოცველები აქ მისი ღვაწლის სანახავად მაინც მოდიან ხოლმე. ეს ისტორიული ქალაქი ახლანდელ ყვარლის რაიონში მდებარეობს, სოფ. შილდის მახლობლად. მთის ფერდობზე ნეკრესში ასავლელად ჯიპი დაგჭირდებათ, ან რომელიმე ორხიდიანი მანქანა. ეს დროის პრობლემა როცა გაქვთ, თორემ ფეხით იმ გზის ავლას ერთი საათი თავისუფლად ჰყოფნის. მერე, როცა ალაზნის ველი ხელისგულზე გადაგეშლებათ, მიხვდებით, რატომ დააარსა აქ ქალაქი მეფე ფარნაჯომმა ძვ. წ. II-I სს-ებში, ხოლო IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ეკლესია ააგო.

VI საუკუნეში ნეკრესში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან, IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან.

ასურელ მამათა ნაკვალევზე, კახეთში ჩასულები, ხირსასაც ეწვევით. ეს უკვე ქიზიყშია, წნორთან, სადაც მამა სტეფანე ხირსელის საფლავსაც ნახავთ. გუმბათოვანი ტაძარი VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზეა აგებული და მრავალჯერაა გადაკეთებული VIII-IX სს, XI ს, XVI ს-ებში. ეს ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. მერე გაიწმინდა და რესტავრაცია გაუკეთდა. ტაძარში შემორჩენილია სტეფანოზ ხირსელის ფრესკა, რომელიც ხატის სახითაც გავრცელდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, სად არის თადეოზ სტეფანწმინდელის საფლავი. გვითხრეს, რომ კასპში. მამა იოანემ (კალატოზიშვილმა), სავარაუდოდ, მიაგნო ამ საფლავს. თუმცა ჯერ, ოფიციალურად დადგენილი არ არის. ასევე, ზუსტად არ ვიცით აბიბოს ნეკრესელის ნეშტის ადგილსამყოფელი. როგორც ამბობენ, იგი მცხეთაში, სამთავროს მონასტერშია დაკრძალული. ასევე, არაა დადგენილი ზუსტად მიქაელ ულუმბოელის საფლავის მდებარეობაც, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ულუმბოს მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული.

იმ ადგილებში, სადაც ასურელი მამები მოღვაწეობდნენ, დღეს თითქმის ყველგან მონასტერია და წმინდანთა საფლავებსაც მზრუნველი ხელი ეტყობა.

თქვენს პილიგრიმულ მოგზაურობას რაც შეეხება, ნათქვამია, გარეჯში სამჯერ წასვლა იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასიაო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ 13 ასურელი მამის საფლავი მოილოცეთ და რისი ტოლფასი იქნება ეს მადლი, თავად განსაზღვრეთ.


კატეგორია: საზოგადოება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 2897 | რეიტინგი: 4.8/5 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz