ორშაბათი, 2024-05-20, 2:57 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » საზოგადოება

ჩაიცვამენ თუ არა ქართველები ჩოხებს?

[ლევან სეფისკვერაძე. თინიკო ხუტურიძე]
ჩოხა, იმ სახით, როგორითაც დღეს გვხვდება, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი ელემენტი შემდგომ პერიოდებში დააკლდა ან დაემატა, ფაქტობრივად დღევანდელი ჩოხა სწორედ იმ ჩოხის ისტორიული მემკვიდრეა, რომელსაც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი ატარებდა თბილისის დაარსებამდე.

ქართული ჩოხის ნაირსახეობები, საქართველოს კუთხეების მხრივაც არის განსხვავებული, თუმცა მათ მრავალი საერთო ნიშანიც გააჩნიათ, მაგალითად შეკერვის ერთიანი პრინციპი და ჩოხის უკანა მხარეს გამოსახული ჯვარი. რაც შეეხება განსხვავებებს, ესეც თავის მხრივ მეტად ორიგინალურ ხდის ქართული ჩოხის ამ ერთობ საინტერესო ნიმუშებს. მაგალითად აჭარული ჩოხა, ერთი შეხედვით, ძალიან განსხვავებული იყო ყველასგან. იგი იყო ცალკეული პატარა ნაჭრების ერთობლიობა, რომლის შეკერევა მხოლოდ უაღრესად დახელოვნებულ სპეციალისტებს შეეძლოთ.

დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთისგან განსხვავებით, თავსაბურავად გამოყენებული იყო თხელი ქსოვილი (ყაბალახი, ფაფანაკი და სვხა). ეს აიხსნება საქართველოს ამ კუთხის არცთუ მკაცრი ბუნებრივი კლიმატით და თავსაბურავი ძირითადად მზისგან დასაცავად გამოიყენებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ფაფახი, ბოხოხი და სხვა თავსაბურავი თავისი შინაარსით სიცივისგან დამცავ ქუდებს წარმოადგენდა. მთიანეთში, ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთში სვანეთში და სხვაგან ორი ტიპის თავსაბურავს იყენებენ: ცხვრის, თუ სხვა ცხოველის ტყავისგან შეკერილს ან ხელით ნაქსოვს. სხვათა შორის საქართველოს ამ კუთხეებში, დღესაც გამოიყენება ასეთი ტიპის ქუდები.

კლასიკური ქართული ჩოხა, ძირითადად სამ ფერში იყო წარმოდგენილი: ის უნდა ყოფილიყო შავი, თეთრი ან შინდისფერი. თუმცა სვა ფერის ჩოხებიც არსებობდა. კლასიკურ ქართულ ჩოხას არ ჰქონდა საბრძოლო სამოსის დანიშნულება. ის, როგორც წესი, ყოველდღიური ჩასაცმელის ფუნქციას ასრულებდა. ჩოხა აუცილებლად მუხლს ქვემოთ სიგრძისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთიულები, მოხევეები და სხვები უფრო ხშირად მოკლე, ტანზე კარგად მომდგარ ჩოხებს ატარებდნენ; კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა მეგრულ, სვანურ, გურულ, კახურ და სხვა ჩოხებსაც.

საინტერესოა არის თუ არა საქართველოში იმის ტენდენცია, რომ ქართველ მამაკაცებსაც გაუჩნდეთ სურვილი, მაგალითად 26 მაისს ან სულაც დიდგორობის შესანიშნავ დღესასწაულზე, ჩოხით შეიმოსონ და ისე გამოხატონ თავიანთი პატივისცემა წინაპართა ტრადიციების მიმართ.

გადავწყვიტეთ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ქართველ მამაკაცებში და გაგვერკვია, თუ რას ფიქრობენ ისინი ჩოხით ჩაცმასთან დაკავშირებით. ამ მხრივ გამოკითხულთა ასაკი არ შეგვიზღუდავს და გთავაზობთ სხვადასხვა თაობის ადამიანების მოსაზრებებს.

კახა რამიშვილი, 19 წლის, სტუდენტი: “ჩემი აზრით, ქართველმა მამაკაცებმა ჩოხით სიარული რომ დაიწყონ, სულაც არ იქნება ურიგო. რა თქმა უნდა თავიდან ცოტა უხერხულად მოეჩვენება ყველას, მაგრამ დრო რომ გავა, დარწმუნებული ვარ, ეს უკვე ტრადიციად იქცევა და დღესასწაულებზე მაინც ვიგრძნობთ თავს ნამდვილ ქართველებად. პირადად მე როცა დავინახავ, რომ ას კაცს მაინც ეცმევა ჩოხა, გარწმუნებთ კაპიკს კაპიკზე დავდებ და ჩოხას მეც შევიკერავ!”

პაატა კახიძე, 23 წლის, პროგრამისტი: “ამხელა ისტორიის მქონე ხალხს სხვებმა როგორ უნდა გვაჯობონ? ნორვეგიელები თუ ხვდებიან რომ “ვიკინგების” ძველი ტანსაცმელი მათი ეროვნული სამოსია და მისი ჩაცმა არ “უტყდებათ”, ჩვენ რატომ გვრცხვენია ჩოხის ჩაცმა? თუკი თქვენი გამოცემა, ან სხვა ნებისმიერი ადამიანი წამოიწყებს კამპანიას საქართველოში ჩოხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, გარწმუნებთ, რომ მეც და ჩემი მეგობრებიც თქვენ გვერდით დავდგებით და ეს მართლაც მაგარი საქმე იქნება!”

ლევან ოდიშარია, 32 წლის, მძღოლი: “რამდენადაც ვიცი თბილისში უკვე არსებობს ჩოხოსანთა ორდენი, მაგრამ მასში მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცია გაწევრიანებული. ეს კი ბევრს არაფერს ნიშნავს. კარგი ხალხი მაშინ ვიქნებით, თუ ყველა ჩვენგანი თავს ვალდებულად ჩათვლის, რომ სახლში ერთი ხელი ჩოხა-ახალუხი მაინც იქონიოს. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს თბილისში ყველა მამაკაცი ჩოხაში გამოწყობილი რომ ვიქნებით და ქამარ-ხანჯალი გვეკიდება.

დიმიტრი ბლიაძე, 28 წლის, სტადიონის თანამშრომელი: “მე ალბათ ერთ-ერთი ის გამონაკლისი ვარ, ვისაც სახლში მართლა აქვს ჩოხაც და ახალუხიც. ეს ყველაფერი ჩემი სიმამრისგან დამრჩა მემკვიდრეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩოხა საკმაოდ ძველია და თან არც არის ჩემი ზომა, თუკი სხვები ჩაიცვამენ, გადავაკეთებ და სხვებს არც მე ჩამოვრჩები. როცა ტელევიზორში ვუყურებ, საფეხბურთო მატჩზე ან სხვა დღესასწაულებზე ხალხს როგორ აცვია ეროვნული ტანსაცმელი, რაღა დაგიმალოთ და ნერვები მეშლება. გინდ სილამაზით და გინდ სიძველით, ჩვენი ჩოხა არავისზე ნაკლებია, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ არა ვართ იმ დონემდე მისულები, რომ ჩვენც აღვადგინოთ ეს მართლაც შესანიშნავი ტრადიცია”.

ლაშა კაპანაძე, სკოლის მოსწავლე: “ჩემმა ძმაკაცებმა ჩოხაში რომ დამინახონ გადაირევიან. რას ამბობთ, ახლა ვიღას აცვია ჩოხა? ისე, ყველას სათითაოდ რომ ჰკითხო ჩოხაზე რა აზრისა ხართო, გეტყვიან რომ კარგი და მაგარია, მაგრამ არამგონია ჩემი თაობის ბიჭებიდან ვინმემ ჩოხა ჩაიცვას”.

დაახლოებით ასეთი განწყობაა ქართველ მამაკაცებში ჩოხით სიარულის აღდგენასთან დაკავშირებით. ალბათ თავადაც შეამჩნევდით, რომ მამაკაცთა უდიდესი ნაწილი მომხრეა ტრადიციის აღდგენისა, მაგრამ ძირითად შემაფერხებელ მიზეზად სხვების არათანამოაზრეობას ასახელებენ, რაც ჩვენი აზრით ობიექტურ მიზეზებს ეყრდნობა. სამწუხაროა, რომ ჩოხის ზოგადი არსის შესახებ ქართველი მამაკაცები სათანადოდ ინფორმირებულნი ჯერ კიდევ არ არიან.


კატეგორია: საზოგადოება | დაამატა: net (2008-10-03)
ნანახია: 953 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz