ორშაბათი, 2024-05-20, 1:59 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამერიკის არჩევნები გადაწყვეტს

[მაკა წიკლაური]
ბოლო დროს, შიდა ქართლში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო მსოფლიო ყურადღების არეალში მოაქცია. გარკვეული დროის მანძილზე ყველა ინტერნეტ გამოცემა, გაზეთი, თუ საინფორმაციო გამოშვება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანონსით და მიმოხილვით იწყებოდა. დაინტერესება ცხადია, რომ იყო. თუმცა, რამდენად პოზიტიურ ზემოქმედებას იქონიებს ეს ფაქტორი ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით, ამას დრო გვიჩვენებს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ “პრესა გე” ექსპერტს, გიორგი გელაძეს გაესაუბრა.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ოპოზიცია ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ შეაფასებდით ამ პოზიციას?
- ბუნებრივია, როცა ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მოვლენები ხდება, იგულისხმება სამხედრო მოქმედებები, რომელსაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვა, ვიღაცამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი და და შესაბამისად, გარკვეული ფორმა უნდა იქნას გამოყენებული დამნაშავის დასასჯელად. ცხადია, ხელისუფლება ყოველთვის არის პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კუთხით. დღეს, ოპოზიციის მთავარი სამიზნე ხელისუფლებაა. თუმცა, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ასე ხდება ყველგან. მითუმეტეს საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ, რომელსაც ძალიან ნეგატიური შედეგები მოყვა.

ისტორიაში იყო ამის რამდენიმე მაგალითი. მე გავიხსენებდი ეგვიპტის მაგალითს, რომელმაც 1967 წელს ექვს დღიანი ომი წააგო ისრაელთან და რომლის შედეგადაც პრეზიდენტი რამალ აბდერ მახერი თანამდებობიდან გადადგა. თუმცა, ამას მოყვა საზოგადოების მხრიდან მისი დაბრუნების მოთხოვნა, რათა ასეთ მძიმე სიტუაციაში ქვეყანა არ მიეტოვებინა და ასე შემდეგ… თუმცა, ფაქტი იყო ის, რომ როდესაც ამ ადამიანმა ომი წააგო, მან იგრძნო პასუხისმგებლობა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, იმისდა მიუხედავად, რომ ის 15 წლის მანზილზე ამ ქვეყნის ლიდერი იყო.

ჩვენ სინამდვილეში რამდენად გამოგვადგება ეს მაგალითი და როგორ ფიქრობთ, ჩვენი პირველი პირი თუ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას რომელზედაც თქვენ საუბრობდით?
- ჩვენთან, ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ ის არის, რომ ხელისუფლება არასოდეს არ გრძნობს თავს დამნაშავედ. მაშინაც, როცა 1992 წლის 14 აგვისტოს ის შედიოდა აფხაზეთში და მაშინაც , როცა 16 წლის შემდეგ, ცხინვალზე გეგმავდა ოპერაციას. დღეს, არავისთვის დასამალი არ არის, რომ ცხინვალის “განთავისუფლების” ოპერაცია რბილად, რომ ვთქვათ, ცუდად იყო დაგეგმილი. თქვენს შეკითხვაზე 1922 წელს, ბერძნების მიერ თურქეთზე განხორციელებული შეტევა გამახსენდა. რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდა საბერძნეთისთვის. რამდენიმე სამხედრო მეთაურმა, კი ამ ფატალური შეცდომის გამო, არარმარტო სამხედრო კარიერა , არამედ სიცოცხლე დაასრულა. ისინი სამხედრო ტრიბუნალმა დახვრიტა.

ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის გარდა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაზაფხულზე დანიშნა არჩევნები,რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს?
- ამ ეტაპზე ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება გაზაფხულზე. გასათვალისწინებელია საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც შესაცვლელია. თუ საარჩევნო კოდექსი არ შეიცვალა და ოპოზიციამ პირველ რიგში სწორედ ეს მოთხოვნა უნდა დააყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება და უდავოა, რომ 21 მაისი და 5 იანვარი განმეორდება. ანუ, შედეგები გამოცხადდება არა ხალხის მიერ ჩაყრილი ბიულეტენების ხარჯზე, არამედ ზედა ეშელონებში დაწერილი ციფრების მეშვეობით.

ოპოზიცია პრეზიდენტის შეცვლაზე და ამ პროცესებში ამერიკის მხარდაჭერაზე საუბრობს. როგორც ექსპერტი, რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და რამდენად რეალურად გესახებათ პრეზიდენტის ჩანაცვლების მოდელი?
- ამის პრეცედენტი შეიძლება მოიძებნოს. ზოგი ღია გადატრიალების მეშვეობით მოხდა (სამხედრო გადატრიალებას ვგულისხმობ). მაგალითად, 1973 წელს ეს მოხდა ჩილეში. სერბეთში ეს მოხდა 2000 წელს, აშკარად გამოწვეული რევოლუციის მეშვეობით, რომელმაც მილოშევიჩი დაამხო და ასე შემდეგ. ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად არის ამერიკაში მისული დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოში ხელისუფლება არის შესაცვლელი. ცოტა ძნელია ამის განსაზღვრა. მითუმეტეს, რომ არჩევნები ჯერ წინ არის. ამერიკის არჩევნებამდე დაახლოებით, თვე ნახევარი დარჩა. ამიტომ ძალიან ბევრი რამ სწორედ ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად არის ამერიკაში მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების შეცვლის შესახებ. თუ ეს ასეა, მაშინ ამ ყველაფერს პრეზიდენტის გადადგომა მოყვება და 45 დღეში ახალი არჩევნების დანიშვნით დამთავრდება.

ანუ, თქვენ ახლო მომავალში პრეზიდენტის შეცვლას არ გამორიცხავთ?
- არ გამოვრიცხავ, თუმცა ამის დადასტურება ამ ეტაპზე ძნელია. მითუმეტეს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის გამოცვლა საქმეს არ ვიცი, რამდენად უშველის, რადგან პარლამენტში მმართველი პარტია აბსოლუტური უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ასე, რომ ცოტა ძნელი სათქმელია, ამ შემთხვევაში მარტო საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, თუ საპრეზიდენტოც.

ოპოზიცია საქართველოს მიღებას ნატოში დაჩქარებული წესით მოითხოვს. თუ არსებობს ამის პრეცედენტი მსოფლიოში და რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი ქვეყანა ევროატლანტიკურმა სტრუქტურებმა ინტეგრაციის თვალსაზრისით გარკვეულ ეტაპზე დააყენონ?
- ევროატლანტიკურ ალიანსში არ არსებობს მუხლი იმის შესახებ, რომ ამ ალიანსის წევრები უნდა გახდნენ ჯერ ის ქვეყნები , რომლებსაც ექნებათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მაგალითად: ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ან პოლონეთს. ეს გეგმა არ გაუვლიათ, მაგრამ ისინი ამ ალიანსში აღმოჩნდნენ. ასე, რომ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ვთქვათ დეკემბრის სამიტზე, შესაძლოა დადგეს საკითხი, რომ ქვეყანას მიენიჭოს არა გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა, ანუ მაპი, არამედ დადგეს საკითხი მისი უშუალო მიღების შესახებ. თუმცა, იმ მოვლენების შემდეგ, რაც მოხდა: სამხედრო დაპირისპირება, შემდეგ მიღებული რეალობა, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების ყოფნა, ჯერჯერობით ბუფერულ ზონაში და ასევე სეპარატისტულ რეგიონებში, ერთობ სათუოს ხდის ამ პეტაპზე ამ პერსპექტივას.

ნატოში გაწევრიანებამ რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას, ან პირიქით… ამ შემთხვევაში მაინტერესებს ის ბერკეტი, რომლითაც მსოფლიო შეეცდება საქართველოს დაზღვევას და დაცვას საფრთხეებისგან?
- მოდით ასე ვთქვათ: რამდენად მომგებიანი იქნება ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის და რამდენად მომგებიანი იქნება ევროატლანტიკური ალიანსისთვის. საქართველოსთვის გასაგებია, მას ჭირდება ქოლგა, რომელიც მას დაიცავს მომავალი აგრესიებისგან. საკითხავია ევროატლანტიკური ალიანსი არის კი მზად, რომ საქართველო მიიღოს მის წევრად და იკისროს მისი დაცვა გარე აგრესიებისგან?

მითუმეტეს, რომ მის ტერიტორიაზე უკვე დგას მეზობელი ქვეყნის ჯარები. მაშინ ისმება კითხვა: თუ ახლო მომავალში, ან შორეულ პერსპექტივაში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყება საოკუპაციო ჯარებსა და საქართველოს ჯარებს შორის, ნაროს რა როლი დაეკისრება? ის იქნება ვალდებული, რომ დაიცვას ქვეყანა,მაგრამ შეძლებს კი, მოისურვებს კი, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას რუსეთის წინააღმდეგ?

საქართველოსთვის ეს არის აუცილებელი იმდენად, რამდენადაც მას სურს ჩართვა უსაფრთხოების სისტემაში, რათა მისი ტერიტორიები და სუვერენიტეტი იყოს დაცული. თუ ქვეყანა იქნება ნატოს წევრი ნებისმიერი სამხედრო თავდაცვის შემთხვევაში, ნატოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან ბოლომდე დაიცვან საქართველოს სუვერენიტეტი და თუ საჭირო გახდა, გაატარონ სამხედრო ღონისძიებებიც.

როდის შეძლებს საქართველო ნატოში გაწევრიანებას და აგვისტოს მოვლენების შემდეგ რა შანსები აქვს ქვეყანას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს?
- ძალიან ძნელი სათქმელია როდის შეძლებს საქართველო მაპის მოპოვებას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ამ საკითხისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. თუმცა, არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც სოლიდარობას გვიცხადებენ. ნაწილობრივ ეს საკითხი დამოკიდებული იქნება ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზეც. ჟონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ის ყველანაირად შეუწყობს ხელს ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანდეს. თუმცა, რამდენად მოახერხებს ამ ეტაპზე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია იმ ორგანიზაციაზე ზემოქმედებას, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებს, ძნელი სათქმელია.

ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით უნდა დაიდოს. ეს სავარაუდოდ მოხდება ოქტომბრის ბოლომდე და სწორედ ამ შეხვედრაზე გამოჩნდება ეუთოს და ევროკავშირის როლი საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ დაჩქარებული გზით საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ თუ შეიცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართდა რა კუთხით?
- მსოფლიოში გაჩნდა ის აზრი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულება, მარტო ამ ორი ქვეყნის პრობლემა არ არის. და, რომ ის რაც მოხდა ჩვენთან, შესაძლოა განმეორდეს სხვაგანაც. რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები გაცილებით გაიზარდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ. რუსეთში გაჩნდა ნაწილობრივ დაუსჯელობის განცდა, ანუ, ის რაც გაუვიდათ აქ, შეიძლება გაუვიდეთ ამათუიმ ფორმით სხვაგანაც.აქედან გამომდინარე დასავლეთის ბევრ ქვეყანაში გაჩნდა სოლიდარობა ჩვენს მიმართ. ეს დამოკიდებულება ძირითადად იმ ქვეყნებისგან იგრძნობა, რომლებმაც უკვე იწვნიეს რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების გემო. განსაკუთრებით ეს იგრძნობა იმ ქვეყნებში, რომლებმაც საბჭოთა რუსეთის აგრესია გამოიარეს.

რუსეთში გახსნილად საუბრობენ, რომ რუსეთმა სამხედრო წარმატება დიპლომატიური კრახის ფონზე მოიპოვა. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მომხდარზე დასავლეთის რეაქციამ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რაიმე ცვლილებები გამოიწვიოს( რამდენად რეალურია ეს კრიზისი)?
- დასავლეთსა და რუსეთსს შორის კრიზი ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან მომდინარეობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დიპლომატიური ქცევის ნორმებსაც ცდება. დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის რათქმა უნდა არსებობს. რუსეთს აქვს იმის განცდა, რომ წლების მანძილზე მას არაფერს ეკითხებოდნენ იმ საკითხებზეც, კი , რომელიც მის ინტერესებში შედიოდა და ამიტომ მას მიაჩნია, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მას შეუძლია განახორციელოს თავისი წინსვლა სხვა რეგიონების მიმართებით. ეს იქნება უკრაინის, თუ ბალტიისპირეთის მიმართებით.

და ბოლოს, როგორი იქნება თქვენი პროგნოზი, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ახლო მომავალში და რამდენად იმოქმედებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოზე?
- საქართველოზე იმოქმედებს, ცხადია. თუმცა, არა მგონია, რომ ან რესპუბლიკური, ან დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ძირფესვიანად შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებაში რამე. რესპუბლიკური პარტიისთვის პრიორიტეტული არის მოკავშირეობის პრინციპი. ანუ, მთავარი არის მოკავშირეობა და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანის უფლებები და პიროვნული თავისუფლებაა. ახლო მომავალში რაიმე ძირეული ცვლილებები საქართველოში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, რაიმეს გადაჭრით თქმა მაინც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 766 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz