ორშაბათი, 2024-05-20, 1:17 PM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

ახალი მსოფლიოს ძველი თამაშები

[როზი ჯღამაია]
საქართველოსთან წარმოებული ომით, მსოფლიო ენერგეტიკულ ბატონობაზე პრეტენზიის მქონე რუსეთი პატარა საქართველოში დაუპირისპირდა მთელს დასავლეთს. ალბათ, პარადოქსია, მაგრამ სწორედ ბუშის მმართველობის დროს მოძლიერდა პუტინის რუსეთი ისე, რომ შემდეგ თვით ამერიკა გამოიწვია ომში.

თუმცა, რუსეთმა თავისის ქმედებით ისეთი სილა გააწნა დასავლეთს, რომ ეს უკანასკნელი უცებ გამოფხიზლდა. დასავლეთმა რუსეთს საპასუხო დარტყმა, ჯერ შეუმჩნევლად, მაგრამ უკვე მიაყენა. რუსეთის ეკონომიკა ნელ-ნელა ინგრევა, ხოლო დასავლეთს ისღა დარჩენია, საკონტროლო გასროლა მიაყოლოს ტვინში.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, დასავლეთს კიდევ ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და სწორედ ახლა, რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განწირული თავად დასავლეთი აღმოჩნდება.

უფსკრულის პირას
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტერტორიებ-დაკარგული და ომისგან გამოფიტული რუსეთი საგრძნობლად დაძაბუნებული იყო, მაგრამ მოგვიანებით, კომუნისტური რეჟიმის მოძლიერებამ მსოფლიოს იმხელა საფრთხე შეუქმნა, კომუნიზმის დასანგრევად დასავლეთმა გერმანიაში ჰიტლერის მოსვლასაც კი შეუწყო ხელი.

შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ ჰიტლერის მოყვანა მსოფლიოსთვის უფრო საბედისწერო შეცდომა იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, თუ ამერიკას არ ჩავთვლით, გამარჯვებული მხოლოდ რუსეთი გამოვიდა.

წელგატეხილი და მშიერი ქვეყანა სტალინმა სისხლისა და ადამიანების სიცოცხლის ფასად, ისე მოაძლიერა, რომ იგი ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ქვეყანა გახდა. მან უკან დაიბრუნა კურილიის კუნძულები, სამხრეთ სახალინი თავისი საბადოებით, ამურისპირეთი, ვლადივასტოკის მიდამოები, კამჩატკა, მურმანსკის, ბელორუსიის, უკრაინის, მოლდავეთის ნაწილები და აღმოსავლეთ ევროპაც კი მიიერთა, სადაც კომუნისტისტური ბლოკი შექმნა. ასე შეიქმნა მაშინ რუსეთის უზარმაზარი იმპერია, რომელიც მსოფლიო თამაშის წესებს განაგებდა.

სანავთობი იმპერია პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თამაშის წესებში მკაცრად 70-წლებიდან ჩაერთო. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნავთობი უმნიშვნელო როლს არც მეფის რუსეთის დროს თამაშობდა. ეს იყო პერიოდი, როცა რუსეთი სიტუაციას სპარსეთის იმპერიაში მყარად ფლობდა.

როცა სპარსეთის შაჰმა საბადოები 60 წლით ავსტრალიელი წარმოშობის ინგლისელ მილიარდელს გადასცა, მეფის რუსეთი ეკონომიკურ ომში დამარცხდა და იმის შემდეგ, ეს ომი გრძელდება.

ემზარ ჯგერენაია (თსუ-ს პროფესორი): ”სულის მღაფავი ბრეჟნევის საბჭოთა კავშირის ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ნავთობი იყო, ხოლო, როცა 70-ანი წლების ცნობილი კრიზისების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა, რუსეთის ეკონომიკას გულღვიძლი ამოაცალეს და სისხლი ამოუტუმბეს”.

- ”70-ან წლების შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფაქტორი უფრო მწვავდება. ხდება არაბეთის ახალი საბადოების აღმოჩენა, იწყება ახალი ქვეყნების ფორმირება და რუსეთი, რომელიც საბოლოოდ დამოკიდებული იყო ნავთობზე, სულს ღაფავს. მას ბოლო წკიპი ჭირდება და სწორედ მაშინ ხდება, სრულიად გაუგებარი მიზეზებით, რუსეთის ჯარების შეყვანა ავღანეთში. ავღანეთის ომი ეს, უკვე საბჭოთა კავშირის დასაფლავების ტოლფასი იყო”.

ქვეყანა რომ სიღარიბის ჭაობში იყო ამის დადასტურება იყო ფერად-ფერად ტალონები პურზე, ხორცზე, კარაქზე და ა.შ. ქვეყანას არ შეეძლო სტრატეგიული მარაგების შექმნა და პროცესების მართვა, რამაც 80-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის სრულიად კანონზომიერი დაშლა განაპირობა.

რუსეთის ასე სწრაფად დაშლას დასავლეთიც კი არ ელოდა. მას ძალიან გაუხარდა გერმანიის გაერთიანება და აღმოსავლეთ ევროპის ბლოკის დაშლა, მაგრამ მაშინაც საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი. მათ, რომ 1990-1991 წლებში, საქართველოს მიმართ, იმის მეასედი მხარდაჭერა გამოეხატათ, როგორც ამჟამად, დღეს მსოფლიოში ბევრი პრობლემა, ალბათ, მოგვარებული იქნებოდა. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დაძაბუნებული და დაშლილი იყო, დასავლეთს მისი იმდენად ძლიერი შიში ჰქონდა, რომ საქართველოს დასახმარებლად ხელიც არ გაუნძრევია.

აღზევების დასაწყისი
90 წლების დასაწყისში ელცინის რუსეთი იმდენად დაჩაჩანაკებული იყო, რომ მსოფლიოში ორპოლარულობა მოისპო. საბჭოთა კავშირი დაიშალა. ელცინის მთავრობას საბჭოეთის რეანიმაციის მცდელობაც კი ჰქონდა, რისი გამოძახილიც იყო დსთ, მაგრამ დიადი იმპერიის აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ემზარ ჯგერენაია: ”დასავლეთმა ჰარვარდში გაზარდა ბიჭები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ რუსეთის ქონებრივად და ეკონომიკურად დაშლა, რაც მოახერხეს კიდეც. რუსეთის დაშლის პროცესი იმდენად სწრაფად დაიწყო, რომ დასავლეთი შეშფოთდა”.

- ”მას ხელს არ აძლევდა რუსეთის დანაწევრება, რადგან დასავლეთს რუსეთი, როგორც ჩინეთის შემზღუდავი (რაც სინამდვილეში პირიქითაა), ისე მუსულმანების დამჭერ ფაქტორად სჭირდებოდა. ამიტომ, ნაადრევად დაშალეს სტრუქტურები, რომლებიც რუსეთის წინააღმეგ მუშაობდნენ”.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთი რისკიანი ქვეყანა იყო, მაინც იდებოდა ინვესტიციები, მაგრამ ყველა თვლიდა, რომ მას არ ძალუძდა მსოფლიო პოლიტიკის შექმნაში რაიმე როლის თამაში და მათ შორის ენერგეტიკულ პოლიტიკაში. ასე გრძელდებოდა პუტინის მოსვლამდე.

- ”ამიტომ იყო, რომ მსოფლიომ, რომელმაც საქართველოში ბაქო-ჯეიჰანი გაიყვანა, ჩეჩნეთს აღარ დაუჭირა მხარი და თვალი დახუჭა ერთ-ერთი უძველესი ერის გენოციდზე, რაც მსოფლიოს ტრაგიკული შეცდომა იყო”.

- ”ჩრდილოეთ კავკასიის მილსადენი ჩეჩნეთზე გადიოდა, შესაძლოა, ჩრდილოეთში ომი ვიღაცას აწყობდა კიდეც, რათა მილსადენი სამხრეთით გასულიყო. პროექტის განხორციელების შემდეგ კი დასავლეთმა მიზანი მიღწეულად ჩათვალა და რამდენიმე ჟურნალისტურ გამოძიებას თუ არ ჩავთვლით, მსოფლიომ იმაზეც თვალი დახუჭა, როცა რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტები მოაწყო და კორპუსებს აფეთქებდა”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

განდიდების მანიის დასაწყისი
რუსეთისთვის აღზევების პერიოდი 21-ე საუკუნეში დადგა. ამერიკის ხელისუფლებაში ბუშის მოსვლის დროს, ერთ ბარელ ნავთობზე ფასი ჯერ კიდევ 18 დოლარი იყო. 2004 წლიდან კი ნავთობის ფასის არნახული ზრდა ეტაპობრივად დაიწყო.

ფასი ჯერ 18-დან 28 დოლარამდე გაიზარდა, ხოლოს აპრილიდან 38 დოლარამდე გაიზარდა. ბოლოს კი, ნავთობის ფასმა არნახულ დონეებს მიაღწია და 148 დოლარზე დაფიქსირდა.

ემზარ ჯგერენაია: ”დაირღვა მოთხოვნა-მოწოდების კანონი. მართალია, ნავთობზე ყოველდღიური მოთხოვნა 83 მლნ ტონიდან 88 მლნ ტონამდე გაიზარდა, მაგრამ ეს ის ბიძგი არ ყოფილა, რომელსაც შეეძლო კატალიზატორის როლი ეთამაშა ფასის გაზრდაზე”.

- ”მოთხოვნა-მოხმარების კლასიკური თეორიაა, როცა იზრდება ფასი, მცირდება მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კი ფასის ზრდასთან ერთად, მოთხოვნაც გაიზარდა და მოთხოვნა მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდა. ეს 21-ე საუკუნის სერიოზული ნიშანია”.

ამ პროცესების დროს რუსეთი უმდიდრესი ქვეყანა ხდება და უზარმაზარი ნავთობ-დოლარები მიიღო. მათ 500 მლრდ-მდე ოქროს სავალუტო რეზერვები შექმნეს და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უზარმაზარი თანხა მიიღეს. ”გაზპრომი” (ГазПром) კი შექმნა როგორც მათრახი მთელი მსოფლიოსთვის.

რუსეთის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ”BP”, ”Total” და სხვა დასავლურმა ნავთობკომპანიებმა, რომელთაც უზარმაზარი ინვესტიციები შეიტანეს რუსეთში. მათი მეშვეობით რუსეთი წამოიქაჩა და მასთან ერთად წამოიქაჩა ФСБ-ს გენერალი პუტინი.

როგორც კი რუსეთი წამოიქაჩა იმ წუთიდან იგი ისეთივე იმპერიალისტური გახდა, როგორც საუკუნეების უკან იყო. იმ წუთასვე გამოაცხადა პუტინმა როგორ უნდა გამხდარიყო იგი მსოფლიო მოთამაშე და გახდა კიდეც.

მსოფლიოს ბატონ-პატრონები
სტრატეგიული საქონელზე უკვე დიდი ხანია თავისუფალი ვალუტის ბაზარი პირდაპირ გავლენას არ ახდენს, რადგან ეს პოლიტიკური საკითხებია.

როცა ბარელი ნავთობი 18 და 28 დოლარი ღირდა, ბევრი საბადოს მუშაობა წამგებიანი იყო. წამგებიანი იყო დიდი სიღმეებიდან ნავთობის ამოღება, ალიასკაზე, ჩრდილოეთ ამერიკაში და ზღვის შელფზე მომპოვებელი კოშკებიც წამგებიანად ითვლებოდა. სწორედ ნავთობზე ფასების ზრდამ გახადა ისინი მომგებიანი.

ნავთობზე ფასის ზრდამ მსოფლიოს ახალი მმართველები გამოკვეთა და ეს არა ქვეყნები, არამედ რამდენიმე ნავთობკომპანიაა, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ბედს წყვეტენ.

ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მენავთობეების ლობმა გადაწყვიტა ყველაფერი, რადგან ფასების გაზრდის სხვა შანსი არ ყოფილა. მაშინაც კი, როცა მსოფლიოში ყველა ბიზნსს პრობლემა აქვს, მხოლოდ ნავთობკომპანიები ღებულობენ არნახულ მოგებას.

- ”2008 წლის პირველი 6 თვის გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ”BP” დღეში 250 მლნ ფუნტ სტერლინგ მოგებას ღებულობს, რომ არაფერი ვთქვათ მონაკოს ”ConocoPhillips”, ”Royal Dutch Shell’s”, ”Total”, იტალიური ”APG Oil Int’l”, ”China Petroleum” და ა.შ. მილიარდიან მოგებებზე”.

ნავთობზე ფასების ზრდამ სადამდე მიიყვანა რუსეთი, უკვე ვნახეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსეთის ქმედებებმა მსოფლიოში ახალ პროცესებს დაუდო საფუძველი. მსოფლიოში ხელახალი გადალაგების პროსეცი უკვე დაწყებულია, მაგრამ შედეგებზე ჯერ მაინც ნაადრევია საუბარი. ამიტომ, დარწმუნებით ჯერ არც იმის მტკიცება შეიძლება ახალ მსოფლიოში რა როლს ითამაშებს ერთი შეხედვით, ყველასთვის უმნიშვნელო საქართველო.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 976 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz