ორშაბათი, 2024-05-20, 6:36 AM
NET.ucoz.NET
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Publisher | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
სიახლეები [0]
პოლიტიკა [38]
ეკონომიკა [16]
საზოგადოება [15]
სპორტი [15]
ხელოვნება [76]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ატვირთული იყოს
სულ პასუხი: 32
მთავარი » სტატიები » პოლიტიკა

უპრეცედენტო კანონი, რომელიც ”შეძრავს” ოკუპანტებს

[ნინო ლოლაძე]
აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარების შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას იწყებს. რუსი ბიზნესმენები, კრემლის მითითებით, აფხაზეთში კაპიტალს ჯერ კიდევ ომამდე აბანდებდნენ და საკუთრებას საკმაოდ იაფად იძენდნენ. ახლა კი, არ არის გამორიცხული, ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდეს და მალე აფხაზეთში მთელი ქონება სწორედ რუსების ხელში გადავიდეს. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის წინააღმდეგ ბრძოლას კანონის ძალით აპირებს.

კანონი, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს
ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის კრემლს არაერთი გეგმა აქვს შემუშავებული. რაც მთავარია, სრული დატვირთვით მიმდინარეობს რუსული სამხედრო ბაზების განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან 100 ათასზე მეტი რუსის ჩასახლება იგეგმება. ასე რომ, ოკუპანტის ზრახვანი მრავალმხრივია. საქართველოს ხელისუფლებას კი ისღა დარჩენია, საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციას დაელოდოს.

თუმცა, ვიდრე დასავლეთი ანექსიას წინ აღუდგება, ქართველი კანონმდებლები დამპყრობლის ქმედებას სამართლებრივ შეფასებას აძლევენ და ოკუპაციის წინააღმდეგ კანონის იღებენ.

საგულისხმოა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ასეთი კანონის ანალოგი არ არსებობს. ერთი სიტყვით, რუსული აგრესიის “წყალობით” ოკუპაციის წინააღმდეგ კანონის მიღების პრეცედენტი შეიქმნა. ქართველ პარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ ამ კანონის გაუქმება სწორედ მათვე მოუწევთ. თუმცა, ვიდრე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული იურისდიქცია აღდგება, წინ ჯერ რუსული ოკუპაციაა. არავინ იცის, რამდენი ხნით გადაიწია ტერიტორიების დაბრუნების შანსმა და როდის მოუწევთ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებულ დევნილებს თქმა: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი”! “გამარჯობა, სამაჩაბლო, შენი”!

დაწესებული შეზღუდვები
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიზანია, დაადგინოს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი იმ ტერიტორიებისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად არის ოკუპირებული. თავის მხრივ, სამართლებრივი რეჟიმი გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილებაზე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.

ამ კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებად განისაზღვრა არა მარტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები, არამედ აფხაზეთის გასწვრივ შავი ზღვის აკვატორიაში შემავალი საქართველოს ტერიტორიული წყლები. ხოლო იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არ შედის და სადაც რუსი ოკუპანტები კვლავ დარჩებიან, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

გადაადგილებაზე შეზღუდვა წესდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. მათთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კი - გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა განხილული იქნება საქართველოს საზღვის უკანონო გადაკვეთად და კანონით დაისჯება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალური ნებართვა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, “შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს ნებართვა გაიცეს, თუ საქმე ეხება ამ ტერიტორიებზე შერეული სამშვიდობო კონტიგენტის, ან სხვადასხვა მისიების ჩასვლას, რომელთა მიზანი კონფლიქტის გადაწყვეტა, ან დეოკუპაციაში მონაწილეობის მიღება იქნება”.

იკრძალება კაპილატდაბანდება და ქონების განკარგვა
აკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახელმწიფო, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობა. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ იკრძალება ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსება, კაპიტალდაბანდება, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გრანტებისაა და სესხის გაცემა, საფინანსო-საბანკო საქმიანობა, პორტების, აეროპორტებისა და რკინიგზის მართვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით სარგებლობა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.

საქართველოს ხელისუფლების თანხმობით ამ ღონისძიებების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუკი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ჰუმანიტარული დახმარება ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის.

“ეს შეზღუდვა არ შეეხება უბრალო მშვიდობიან მოქალაქეს, რომლესაც სურვილი აქვს, მოიყვანოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გაყიდოს. ჩვენი მიზანია პრობლემა შევუქმნათ იმ ხალხს, ვისაც დავალებები მიღებული აქვთ ოკუპანტებისგან და ინვესტიციების დებს იმისათვის, რომ თავისი ფინანსებით გააძლიეროს სეპარატისტული რეჟიმი”, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ასევე აკრძალულია ამ ტერიტორიებზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა.

კანონი სერიოზულ შეზღუდვებს აწესებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებით. ამ რეგიონებში საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლის აღდგენამდე იკრძალება ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვა. აქ არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომელთაც ეს უფლება მოპოვებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. ქონების გადაცემა შეიძლება მხოლოდ მემკვიდრეობით, თუმცა არავითარ შემთხვევაში ანდერძის თანახმად.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ გზით შეეწინააღმდეგოს რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქონების შეძენას. კანონის თანახმად, ქართული იურისდიქციის აღდგენამდე ბათილია ნებისმიერი გარიგება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებაზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებით დაიდება.

“ჩვენი მიზანია, გავამკაცროთ სისხლის სამართლებრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაიდენენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, დაარღვევენ საზღვრის გადაკვეთის წესს, შექმნიან შეიარაღებულ დაჯგუფებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დანაშაულის ჩამდენი პირი უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც იგივეს აკეთებს დანარჩენ საქართველოში. უკვე მზად არის კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა და სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის სანქცია იქნება დამძიმებელი”, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
არაკანონიერად ჩაითვლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები. გარდა ამისა, კანონპროექტი არალეგიტიმურად ცნობს ამ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა სახის ადმინისტრაციას და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათანადრო ნებართვით მყოფი უცხოელებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: “პირველი რიგში, ჩვენ შიდამოხმარებისთვის უნდა დავაფიქსიროთ ის რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქვეყნის დეოკუპაციას და ნებისმიერ ტერიტორიაზე ოკუპანს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს არის ამ დოკუმენტის ფაბულა. ტექნიკური თვალსაზრისით დოკუმენტი რაიმე ახალი ბერკეტების მომცემი არ არის, თუმცა, ბუნებრივია, ის აფიქსირებს იმ რეალობას, რომელშიც დღეს საქართველოს ცხოვრობს და ამდენად კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია”.

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: “ეს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრაქტიკულ ვითარებას დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ განუსაზღვრავს სამართლებრივ სტატუსს. ყველაფერი ის, რაც იქ საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად გაკეთდება, ქართული კანონმდებლობით არალეგალურად გამოცხადდება და ბუნებრივია, იქ ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ სრულ გადასინჯვას დაექვემდებარება. ეს არის სიგნალი მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ვინც იქ, საქართველოს ხელისუფლების უკითხავად, დაიწყებს ეკონომიკურ აქტივობას, მისი ქმედება გამოცხადდება უკანონოდ.

საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის სამართალსუბიექტი. თავის მხრივ, საერთაშორისო კანონმდებლობა გარკვეულწილად ანგარიშს უწევს და ითვალისწინებს ეროვნულ კანონმდებლობას. თუ ჩვენი კანონების უგულებელყოფას ექნება ადგილი, ამაზე პასუხი დამრღვევს საერთაშორისო დონეზე მოეკითხება”.


კატეგორია: პოლიტიკა | დაამატა: net (2008-10-02)
ნანახია: 698 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024
საიტს მართავს სისტემა uCoz